"ჩემს შვილს ვიდრე თავი არ გაუტეხეს და ხელი არ მოტეხეს, თავი არ დაანებეს" - საით მიდის არშემდგარი ტერაქტის კვალი?! - კვირის პალიტრა

"ჩემს შვილს ვიდრე თავი არ გაუტეხეს და ხელი არ მოტეხეს, თავი არ დაანებეს" - საით მიდის არშემდგარი ტერაქტის კვალი?!

"საერთოდ არ ვიცი, ვაჰაბიზმი რა არის"

"კიდევ ერთ ვერსიაზე შეიძლება ლაპარაკი, შესაძლოა, ხელოსუფლებამ, წინასაარჩევნოდ, "კუდიანებზე" დაიწყო ნადირობა, რათა ამორმჩევლის თვალში ქულები დაიწეროს, ასეთი რამ დამახასითებელია პოლიტიკური თამაშებისთვის, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, ძალიან სამწუხარო იქნება თუ აღმოჩნდა, რომ ეს ასეა."

22 აგვისტოს, არშემდგარი ტერორისტული აქტის საქმეზე დაკავებულ შვიდივე პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. სუს-ის ინფორმაციით, ტერორისტული აქტის სამიზნეს წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენი, რომლითაც რუსეთის ბუნებრივი აირი სომხეთს მიეწოდება.

დღემდე ბევრი დაობს ეს ტერაქტის მცდელობა იყო, თუ დივრესიის, თუმცა ფაქტი ერთია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ სერიოზული დანაშაული აღკვეთა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სავარაუდო დამნაშავეები 20 აგვისტოს, მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ ჟინვალი-შატილის საავტომობილო გზის მახლობლად ტყეში მდებარე სამალავიდან გამოტანილი საბრძოლო მასალები ავტომანქანაში ჩაალაგეს. გარდა ამისა, სუს-ის ინფორმაციით, გამომძიებლებმა, მოგვიანებით, იმავე სამალავიდან ამოიღეს რამდენიმე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა საბრძოლო მასალები, ხოლო ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში, პერსონალურ კომპიუტერში, იპოვეს რუკა, სადაც აფეთქების სამიზნე ადგილებია მონიშნული.

იმ დაკავებულთა შორის, რომლებსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენზე, ტერორისტული აქტის მომზადებაში დასდო ბრალი, ორი, "კავკასიური ალიანსის" წევრია. აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია, 2016 წლის აპრილში დაფუძნდა, მისი წევრების თქმით, ორგანიზაციის მთავარი მიზანი, "კავკასიის მოსახლეობაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, სამართლებრივი და ზნეობრივი თვითშეგნების ამაღლებაა".

"კავკასიური ალიანსის" თავჯდომარე, 23 წლის მინდია ვაშაყმაძეა, რომელიც ასევე დაკავებულია. ის აღმსარებლობით მუსლიმია. ვაშაყმაძე ეკომიგრანტის ოჯახში, წალკის რაიონის სოფელ გუმბათში დაიბადა. არსებული ცნობით, მან განათლება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და რიზეს შავი ზღვის ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო.

"კავკასიური ალიანსის" დამფუძნებელი და ამასთანავე, გამგეობის წევრია 26 წლის ბექა ბექაური, რომლის გარშემოც ხმაურია ატეხილი. უკვე დადასტურებელია, რომ მას სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს და თავის ქალაზე ოპერაცია გაუკეთდა. სუს-ის მტკიცებით, ბექაურმა, რომელმაც უკვე აღიარა დანაშაული, მძიმე ტრავმები გაქცევის მცდელობისას მიიღო, თუმცა ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს დაკავებულის დეიდა მზია სუბელიანი:

- არ ვიცი, რა ჩვენების მიღება უნდოდათ, ფაქტია, ჩემს შვილს ვიდრე თავი არ გაუტეხეს და ხელი არ მოტეხეს, თავი არ დაანებეს. გამომძიებელს უთქვამს, დიდხანს მხნედ იდგაო და მერე ყველაფერი თავის თავზე აიღოო".

მინდია ვაშაყმაძისა და ბექა ბექაურის გარდა, ტერაქტის მცდელობის ბრალდებით ასევე დააკავეს: ნური ჭკადუა, ჯაბა მელქაძე და ვლადიმერ რუხაძე. ცალკე აიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია, რომელსაც "სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება" ბრალდება და ირაკლი ბაღიშვილი, იგი "დანაშაულის შეუტყობინებლობის" ფაქტზეა დაკავებული.

35 წლის ირაკლი ბაღიშვილი გალის რაიონის სოფელ მუხურიდან დევნილია და უკვე წლებია თბილისში, ზღვის დასახლებაში ცხოვრობს. ის ვლადიმერ რუხაძესთან ერთად, უკრაინაში მებრძოლ "ქართულ ლეგიონთან" დაახლოებული პირია. არშემდგარი ტერაქტის შესაძლო დამკვეთზე საუბრისას, სუს-ის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელმა სავლე მოთიაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიების ინფორმაციით, "ერთ-ერთი დაკავებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, თუმცა, ეს დანაშაულებრივი ჯგუფი იმართებოდა თუ არა ამ ქვეყნიდან ჯერჯერობით დაუდგენელია." საქმე ის არის, რომ არც საქართველოში უკრაინის საელჩოში და არც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ თემაზე კომენტარი არ გაკეთებულა. ამ თემაზე დუმილს ამჯობინებს წინასააარჩევნო ბატალიებში ოდესიდან აქტიურად ჩართული, მიხეილ სააკაშვილი.

მთავარი პროკურატურა ამ დრომდე არ ასახელებს ტერაქტის დამკვეთს. გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფის წევრებმა ერთმანეთი სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" გაიცნეს და ასე დაახლოვდნენ. უწყების მტკიცებით, საქმეში დევს მასალები, რომლის თანახმადაც, არის ეჭვი, რომ სამი ბრალდებული ვაჰაბიზმის მიმდევარია.

გამოძიებას ასევე აქვს ეჭვი, ვაჰაბიზმის მიმდევრები არიან, მინდია ვაშაყმაძე და ჯაბა მელქაძეც.

ერთ-ერთი ბრალდებულის, ბექა ბექაურის ადვოკატის, მაია ჭრელაშვილის თქმით, საქმეში არსებული გარკვეული მასალები, მათ შორის "ფეისბუკგვერდები" და ფოტოსურათები, რომლის თანახმადაც, გამოძიება ეჭვობს რომ ისინი ვაჰაბისტები არიან. თუმცა მისი მტკიცებით, ეს საფუძველს მოკლებულია,. " ბექაურმა გამომძიებლებთან აღნიშნა, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანია და არავითარი შეხება სხვა რელიგიასთან არ აქვს", - განაცხადა ჭრელაშვილმა.

მზიანა სუბელიანი, ბექა ბექაურის დეიდა:

- საერთოდ არ ვიცი, ვაჰაბიზმი რა არის. ერთი წელია საერთოდ არ მინახავს. მარტის შემდეგ მოკლე ტექსტური შეტყობინებაც არ მოუწერია. ის არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, მონათლულია და არ ვიცი, თუ შეიცვალა ახლა რელიგია. ამაზე წესით სასჯელი არ უნდა იყოს...

ტერაქტის შესაძლო დამკვეთის ვინაობასა და დანაშაულის მოტივზე კონკრეტულად არავინ ლაპარაკობს, მაგრამ საექსპერტო წრეებში გარკვეული ვერსიები უკვე გაჩნდა:

გიორგი თავდგირიძე, ექსპერტი სამხედრო-ანალიტიკურ საკითხებში:

- ძნელი სათქმელია, თუ ვის ინტერესში შედიოდა ეს ყველაფერი. აქ ერთი რამ იკვეთება, მასში ის ქართველები იღებდნენ მონაწილოებას, რომელთაც არც რელიგიური ან სხვა მხირივ შევიწროება არ განუცდიათ, შესაბამისად, ეს მცდელობაც არ ემსახურებოდა შურისძიებას, ამიტომაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს დაკვეთილი საქმეა. თუ ვის აძლევდა ეს ხელს, ამის გარკვევა სამართალდამცავების პრეროგატივაა. იმედია, ბრალდების დასადასტურებლად გამოძიებას მყარი მტკიცებულებები ექნება. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ასეთ ქმედებას, უფრო პოლიტიკური ელფერი აქვს, ვიდრე სამხედრო ან დივერსიული. ვარაუდების გამოთქმა შეიძლება, მაგრამ შესაძლოა, ეს ვინმემ ჩემი მხრიდან სუბიექტურად მიიღოს, თუმცა საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის ის ვერსია, რომ ეს იმ პოლიტიკური ძალის ინტერესებში შედის, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლა ამღვრეული წყლის პრინციპით უნდა, რადგან მას არ აქვს საშუალება, ეს ჩვეულებრივი, დემოკრატიული მეთოდებით გააკეთოს.

- ანუ მიგაჩნიათ, რომ საქმეში ეჭვმიტანილებს უკრაინასთან კავშირები რეალურია?

- ვარაუდის დონეზე ამის თქმა შეიძლება, თუმცა ეს გამოძიების საქმეა, რადგან ეს ძალზე მნიშვნელოვანი ბრალდებაა და დეტალების გარკვევა სჭირდება.

პროცესების უკრაინიდან მართვასა და ყოფილი ხელისუფლების ინტერესებთან კავშირს არ გამორიცხავს უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ბესო ალადაშვილი. თუმცა, მისივე თქმით, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები არ გამოდგება და უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა იქნება საჭირო. ექსპერტი კიდევ ერთ სავარაუდო ვერსიასაც განიხილავს...

ბესიკ ალადაშვილი, ექსპერტი უსაფთხოების საკითხებში:

- ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, ძნელია გადაჭრით ლაპარაკი. მხოლოდ ვერსიებზე შეგვიძლია მსჯელობა, თუმცა, ყველაზე ნაკლებ სავარაუდოა, ამ საქმეში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს კვალი იკვეთებოდეს. თუმცა, შესაძლოა, არჩევნების წინ სიტუაციის დაძაბვის მიზნით, ეს რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედებაც იყოს. თუკი ეს ასეა და არსებობს ამის მყარი მტკიცებულებები, სამწუხაროდ, ეს პროცესი და ასეთი მცდელობები ალბათ გაგრძელდება...

კიდევ ერთ ვერსიაზე შეიძლება ლაპარაკი, შესაძლოა, ხელოსუფლებამ, წინასაარჩევნოდ, "კუდიანებზე" დაიწყო ნადირობა, რათა ამორმჩევლის თვალში ქულები დაწეროს, ასეთი რამ დამსახასითებელია პოლიტიკური თამაშებოსთვის, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, ძალიან სამწუხარო იქნება თუ აღმოჩნდა, რომ ეს ასეა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)