დღის ფოტო - გოგონა და პრემიერი
პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ოლიმპიელებს ლისის ტბაზე უმასპინძლეს.
"მთელი საქართველო ამაყობს თითოეული თქვენგანით; ჩვენ გვყავს იმდენი ჩემპიონი, რამდენიც გვყავდა ოლიმპიელი", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ ოლიმპიელებს, რომლებსაც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებები კიდევ ერთხელ მიულოცა.
ყველა მათგანს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათ ასპარეზობას მთელი საქართველო ერთი ამოსუნთქვით, სულშეკავებული ადევნებდა თვალს.
ლისის ტბის ტერიტორიაზე გამართული საზეიმო მიღება, სტუმრებიც და მასპინძლებიც მოულოდნელად პატარა გოგონას საქციელმა გადაფარა. გავრცელებული ინფორმაციით, პატარა ქალბატონი ბაბუას იქვე სასეირნოდ ჰყავდა გამოყვანილი.
მაშინ, როცა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი სიტყვის სათქმელად სცენაზე გავიდა, მოულოდნელად პრემიერ-მინისტრთან უცნობმა, პატარა გოგონამ მიირბინა, ხეჩიკაშვილისთვის განკუთვნილ სკამზე მოკალათდა და პრემიერ-მინისტრს საუბარი გაუბა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას საქართველოს მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, სპორტსმენების ოჯახის წევრები, პარაოლიმპიელები, სპორტული საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრნენ.