"17 ტყვია მომხვდა, მათ შორის სნაიპერის ტყვია" - ომის სასტიკი განაჩენი
"19 წლის ვიყავი, როცა აფხაზეთის ომი დაიწყო. ბიჭებმა მოვილაპარაკეთ, წავსულიყავით და ქვეყნის დაცვაში ჩვენი წვლილი შეგვეტანა. მაშინ სულ სხვანაირად განვიცდიდით სამშობლოს, ქვეყნის სიყვარულით ალალად, ყველანაირი ქვენა გრძნობის გარეშე ვიყავით განმსჭვალულნი"
ფოტო ძველია, რამდენგანმე შელახულიც, მასზე აღბეჭდილი პატარა ბიჭი ცხოვრების ასპარეზზე გასვლას ის ის იყო აპირებდა, წინ ბევრი გეგმა და იმედი იყო, მაგრამ...
დღეს უკვე აღარც ახსოვს, რამდენი ოპერაციის გაკეთება მოუწია აფხაზეთის ომის შემდეგ, - ოცამდე ან მეტი და ყველა ოპერაციისთვის, დედამისს სახელმწიფოს ერთი უწყებიდან მეორეში დაუსრულებლად უწევდა სიარული, რათა დაფინანსება მიეღო. ასეთია ომის განაჩენი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაჭრილ ლევან ბლუიშვილს ცხოვრებამ გამოუტანა. მას მოწინააღმდეგის 17 ტყვია მოხვდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ომის ვეტერანი აფხაზეთში 19 წლისა წავიდა და ერთ-ერთი შეტაკების დროს, სასიკვდილოდ დაიჭრა. მკვდარი ეგონათ და გაგრის მორგში გადაიყვანეს, თანამებრძოლებმა სწორედ მორგში მიაგნეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. მას შემდეგ, რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს, ზოგი - საქართველოში, ზოგიც - საზღვარგარეთ, კერძოდ, თურქეთში. კიდევ ერთი სჭირდება, რომელიც ანკარის სამხედრო კლინიკა "გათაში" უნდა გაუკეთონ, ხარჯებს მთლიანად თურქული კლინიკა ფარავს, მაგრამ დაჭრილი მეომრის დედას, იმ საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის უწევს ბრძოლა, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ უნდა აანაზღაუროს...
მარცხენა ხელი ამპუტირებული აქვს, თავისუფლად ვერც მარჯვენას ამოძრავებს, პერიოდულად ოპერაცია სჭირდება, რათა თითების ამოძრავება შეძლოს. თურქეთში სექტემბერში ელოდებიან, მაგრამ საქართველოში ტრადიციას არ ღალატობენ და ლევანის დედა უკვე მერამდენე თვეა კაბინეტიდან კაბინეტში დადის და იქიდან მხოლოდ ცარიელი დაპირებებით გამოდის.
დაზიანებული წვივების მიუხედავად, კოჭლობით, მაგრამ მაინც დამოუკიდებლად გადაადგილდება, მაგრამ თავმოყვარეობა არ აძლევს უფლებას საკუთარ პრობლემებზე ვინმეს დეტალურად მოუყვეს. თუმცა დედა არ ისვენებს - "მე ყოველთვის არ ვეყოლები ჩემს შვილს, ამიტომ ვიდრე ცოცხალი ვარ, მინდა, ის ერთი ხელი მაინც შეუნარჩუნდეს, რომ სამარეში არ ჩამყვეს იმის დარდი, რომ საკუთარი ხელით პურსაც ვერ დაიჭრის..." - გვითხრა ქალბატონმა ზაირა ბლუიშვილმა.
ლევან ბლუიშვილი:
- 19 წლის ვიყავი, როცა აფხაზეთის ომი დაიწყო. ბიჭებმა მოვილაპარაკეთ, წავსულიყავით და ქვეყნის დაცვაში ჩვენი წვლილი შეგვეტანა. მაშინ სულ სხვანაირად განვიცდიდით სამშობლოს, ქვეყნის სიყვარულით ალალად, ყველანაირი ქვენა გრძნობის გარეშე ვიყავით განმსჭვალულნი და მიგვაჩნდა, რომ ვისაც მკლავში ძალა ჰქონდა, უნდა წასულიყო, მერე ერთმანეთისთვის თვალებში თამამად რომ შეგვეხედა.
ასე ბევრი წავიდა აფხაზეთში, მაგრამ ომის სისასტიკემ რეალობა სხვაგვარად დაგვანახვა. ომში, "შავნაბადას" ბატალიონის შემადგენლობაში წავედი... მახსოვს, გამთენიისას გემით განთიადში უნდა შევსულიყავით. 3 საათი ვცდილობდით შესვლას. იქ აფხაზური მხარის დიდი ძალები დაგვხვდნენ. გაგვიჭირდა, მაგრამ გაგრის ბატალიონი და "ლესელიძის საძმო" (თუ არ ვცდები, ასე ერქვა ლესელიძელების ერთ-ერთ შენაერთს) შემოგვეშველა, თან აფხაზებს ჩვენზე უარესი შეიარაღება ჰქონდათ. ომის დაწყებიდან პირველ დღეებში იარაღისა და ტყვიის ნაკლებობა არ გვიგრძნია, მაგრამ შემდეგ, როცა ბრძოლები აქტიურ ფაზაში შევიდა, პრობლემებიც დაიწყო. როცა ინტენსიური შეტაკებები იწყებოდა, მოწინააღმდეგის მოსაგერიებლად, ტყვია-წამალი არ გვყოფნიდა...
სტრატეგიული ადგილების დათმობა ყველაზე დიდი უბედურება იყო. ერთხელ მახსოვს, იყო შემთხვევა, როცა კოლხიდაში სტრატეგიული სიმაღლე ავიღეთ, რამდენიმესაათიანი უმძიმესი, ორმხრივი სროლების შემდეგ პოზიცია დავიკავეთ ისე, რომ ერთი კაცი არ დაგვიკარგავს, თუმცა რამდენჯერმე უკან დახევამ მოგვიწია, ამ დროს კი მსხვერპლი ყოველთვის დიდია... უჭმელობა, უძილობა და ფსიქოლოგიური სტრესი თავისას შვრებოდა, მაგრამ სულიერად მაინც არ დავცემულვართ. ყოველდღე ვაწყდებოდით ხელმძღვანელთა შეცდომებსა და გაუაზრებელ ნაბიჯებს, რომლებსაც ჩვენი თანამებრძოლების სიცოცხლე ეწირებოდა.
- სად დაიჭერით?
- გაგრაში, 1992 წლის 30 აგვისტო იყო, კოლხიდაში შეტევაზე გადავედით. ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, დღის თორმეტი ან პირველი საათი იქნებოდა, მივიღეთ ინფორმაცია რომელიღაც აფხაზური დაჯგუფება უახლოეს საათებში ქართულ ქვედანაყოფზე თავდასხმას აპირებდა. ჩვენს სადესანტო ნაწილს ამ თავდასხმის მოგერიება ეკისრებოდა. 100 ქართველი მეომრის დაღუპვას, 10 კაცის თავგანწირვა ვარჩიეთ და რამდენიმე მეომარმა კოლხიდაში დაბანაკებულ აფხაზურ ბანდფორმირებაზე იერიში მივიტანეთ. ცეცხლის გახსნას მათი მხრიდან პასუხი მოჰყვა. ის პოზიცია კი დავიკავეთ, მაგრამ შეტაკების დროს ძალიან მძიმედ დავიჭერი - 17 ტყვია მომხვდა, მათ შორის სნაიპერის ტყვია. როგორც მითხრეს, მიწაზე დავარდნის შემდეგ, გონდაკარგულს, "აკაემის" ავტომატიდან მთელი ჯერი "გადამატარეს"... რამდენიმე წუთის შემდეგ კი ჩემგან 15-20 მეტრის რადიუსში ნაღმი აფეთქდა და მისი ნამსხვრევებიც მომხვდა... რაღაც სასწაულით ისე მოხდა, რომ სხეულის ერთადერთი ნაწილი, სადაც ტყვია არ მომხვედრია, თავი იყო... ორმხრივი შეტაკებისას, თანამებრძოლებს ჩემი გამოყვანა გაუჭირდათ, მაგრამ როგორღაც, გამომიყვანეს. ყველას გარდაცვლილი ვეგონე და მორგში გადამიყვანეს, მაგრამ ღმერთმა არ გამწირა და გადავრჩი. დღეს ცოცხალი რომ ვარ, ეს ჩემი თანამებრძოლი ბიჭების დამსახურებაა. ომის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ იმ ნაწილიდან თითქმის არავინ გადარჩენილა... მე გაგრის საავადმყოფოში, უძლიერესი ტკივილგამაყუჩებლების ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებოდი. გონზე მხოლოდ მაშინ მოვედი, როცა სამხედრო ვერტმფრენით თბილისში მოვყავდი, ისიც - რამდენიმე წუთით. ამის შემდეგ, ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში დამიბრუნდა აზროვნება.
ზაირა ბლუიშვილი, ლევანის დედა:
- ლევანს ეუხერხულება ამ თემაზე ლაპარაკი, ამიტომ მე მოგიყვებით რაშია საქმე, - სექტემბერში კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთება უწევს თურქეთში, რათა მარჯვენა ხელზე თითები როგორმე შეუნარჩუნდეს. ოპერაციის თანხას თურქეთი ანაზღაურებს, მაგრამ ლევანი მარტო ვერ წავა, - გამყოლი სჭირდება, ვინც მოუვლის, აჭმევს, ჩაცმაში დაეხმარება... ამას კი თანხა სჭირდება, სადღაც 4500 ლარამდე. ამისთვის ვიბრძვი რამდენი ხანია. ვეტერანთა დეპარტამენტმა, მისმა ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ ჩემს თვალწინ მიმართა შუამდგლომლობით მერიას, მაგრამ იქიდან სხვადასხვანაირი პასუხი მოდის, ხან უარი, ხან - დაგველოდეთო... ახლახან გვითხრეს, თანხას ვერ ჩავრიცხავთ, რადგან ეს ამომრჩევლის მოსყიდვაში ჩაგვეთვლებაო. არჩევნების შემდეგ კი ისევ განვიხილავთო. ამასობაში დრო გადის და მეშინია, ეს ხელიც არ დაკარგოს...
როგორც მერიაში გვითხრეს, ლევან ბლუიშვილის განცხადების ამ ეტაპზე დაკმაყოფილება არ იგეგმება. უწყებაში უარყოფითი პასუხის მიზეზის ახსნისგან თავი შეიკავეს.
მკითხველთა მოთხოვნის გამო, ვაქვეყნებთ ლევანის დედის, ზაირა ბლუიშვილის და ლევანის ტელეფონის ნომრებს:
598 47 45 19 - ლევანი
595 31 37 96- ზაირა ბლუიშვილი
ლიბერთი ბანკი:
GE25LB2100048045060422
TERABANK:
GE85KS0003601016345901
მიმღები: ლევან ბლუიშვილი
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)