"ეს ბანი ვერაფრით წარმომიდგენია "ჩემს გუნდად" - კვირის პალიტრა

"ეს ბანი ვერაფრით წარმომიდგენია "ჩემს გუნდად"

ანდრო ბარნოვი გორის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის აღარ იბრძოლებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ბარნოვი "გირჩის" პაატა ბურჭულაძის მოძრაობასთან გაერთიანებას ასახელებს და აცხადებს, რომ მისი ადგილი ამ პოლიტიკურ გადანაწილებაში არ არის.

"მოკლედ, დიდხანს ვითრიე ფეხი, მიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ერთი მხრივ არის დიდი ხნით ადრე დაანონსებული გადაწყვეტილება, რომ გორში ვიყარო კენჭი, მეორე მხრივ კი - ეს ბანი, რომელიც ვერაფრით წარმომიდგენია "ჩემს გუნდად". ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩემი ადგილი ამ პოლიტიკურ გადანაწილებაში არ არის. უბრალოდ არ არსებობს ასეთი ადგილი. ძალიან ვწუხვარ, რომ თავიდანვე დამოუკიდებლად არ დავაყენე კანდიდატურა. ახლა უბრალოდ ყველა ვადა გასულია. მოკლედ, მე ამ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მივიღებ და ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც იმედიანად იყო, რომ რამის შეცვლას შევძლებდი. დიდი ბოდიში, კარგო ადამიანებო, ახალ პოლიტიკურ ცენტრს განვიხილავდი პლატფორმად, აქ ვხედავდი თანამოაზრეებს, ვისთანაც საერთო ხედვები და პრინციპები მქონდა, ახლა კი ამ ახალ კოალიციაში ყველაფერი ერთმანეთში აითქვიფა. ეს აღარ არის ჩემი თანამოაზრეების გუნდი, ეს აღარ არის იდეებისთვის ბრძოლის პროცესი, პარლამენტის სკამის დაკავება კი პანაცეა არ არის. ასეა თუ ისე, ყველაფერი წინაა და, იმედია, ყველას ესმის, რომ ყოველთვის გავაკეთებ მაქსიმუმს, რასაც ჩემი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესები მოითხოვს. კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში ამომრჩეველს, იმედია ხვდებით, რომ ჩემგან დამოუკიდებელმა პროცესებმა მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება", - წერს ბარნოვი სოციალურ ქსელ Facebook-ში.