"პაატა ბურჭულაძესთან პრეზიდენტის კანდიდატურაზე გვქონდა შეთავაზება, უნდა ჩამოყალიბებულიყო ივანიშვილისა და ბურჭულაძის ტანდემი" - კვირის პალიტრა

"პაატა ბურჭულაძესთან პრეზიდენტის კანდიდატურაზე გვქონდა შეთავაზება, უნდა ჩამოყალიბებულიყო ივანიშვილისა და ბურჭულაძის ტანდემი"

ბიძინა ივანიშვილი ტელეეთერს დაუბრუნდა. ყოფილი პრემიერი-მინისტრი GDS-ის ახალ პროექტში სტუმრის სტატუსით იქნება მოწვეული, გადაცემა კვირაში ერთხელ გავა და ყოფილი პრემიერი სხვადასხვა რეგიონის მედიასაშუალებების ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს. დასკვნითი გადაცემა კი თბილისიდან იქნება.

ჟურნალისტებთან პირველი შეხვედრა დღეს გაიმართა აჭარაში. ივანიშვილს შეკითხვებს აჭარის რეგიონის ჟურნალისტები უსვამდნენ. ექსპრემიერის გამოსვლის შეფასება ექსპერტ გია ხუხაშვილს ვთხოვეთ:

- ბატონო გია, ბიძინა ივანიშვილი კვლავ დაბრუნდა სატელევიზიო სივრცეში, თქვენი აზრით, რაზეა გათვლილი ეს ტელეპროექტი და რა შედეგებს მოიტანს?

- ვფიქრობ, ამას შეიძლება პირობითად ვუწოდოთ ტელეპროექტი. ეს არის პერმანენტული პრესკონფერენციების სერია და იმ პრესკონფერენციების გაგრძელება, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა ამ წლების განმავლობაში დაამკვიდრა. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ეს ერთი ტელევიზიის პროექტი არ არის. გარკვეულწილად ეს ხელს შეუწყობს "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მობილიზებას.

"ქართული ოცნების" გულშემატკივრების პრობლემა გახლავთ ის, რომ მათი მიბმა ამ ძალასთან განპირობებულია ბიძინა ივანიშვილის, როგორც ძალის ცენტრის მიზიდულობით. იქიდან გამომდინარე, რომ "ქართულ ოცნებაში" ლიდერი არ არსებობს, ივანიშვილის ასე აქტიური მხარდაჭერა ამ პოლიტიკური ძალის სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ივანიშვილის დღევანდელი პასუხები რომ ავიღოთ არაფერი ახალი არ იყო შეთავაზებული.

- ივანიშვილი ძირითად კონკურენტად "ნაცმოძრაობასა" და ვაშაძე- კუბლაშვილის ბურჭულაძესთან გაერთიანებაში ხედავს. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ამასთან დაკავშირებით?

- ეს არის წმინდა პოლიტექნიკური გამოსვლა, პოლიტიკური გზავნილი. დღეს პრობლემა აქვს როგორც "ქართულ ოცნებას", ისე  ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ძალას. ხელისუფლების მოსაპოვებლად მმართველ პარტიას უმრავლესობა არა აქვს, ძალაუფლება დევს გადაუწყვეტელ ამომრჩეველთან და ბიძინა ივანიშვილმა დაინახა გარკვეული საფრთხე, რომ ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი შეიძლება მესამე არჩევანს ეძებდეს, სადაც მოიაზრება პაატა ბურჭულაძე. იმისათვის, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არ წავიდეს ბურჭულაძესთან ის უნდა დაუკავშირო შენს პოლიტიკურ ოპონენტს და მის ელექტორატს და ამით დააფრთხო ამომრჩეველი.

ჩვენ გვახსოვს, ივანიშვილი არცთუ ისე დიდი ხნის წინ, გმირებად რომ მოიხსენიებდა იგივე გირჩს, როგორც პოლიტიკურ ძალას. გარკვეული თანამშრომლობა "გირჩსა" და "ქართულ ოცნებას" შორის თავის დროზე მიმდინარეობდა. ამით იყო განპირობებული ივანიშვილის მხრიდან მათი ქება-დიდება, დღეს კი, როდესაც მათ მოიხსენიებს როგორც სუპერ "ნაციონალურ მოძრაობად", ეს ყველაფერი დამაჯერებლობას კარგავს. საერთოდ პოლიტიკაში სიტყვებს ძალიან დიდი წონა აქვთ და უნდა ვეცადოთ ვიყოთ თანმიმდევრულები. უნდა გვესმოდეს, რომ ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები პოლიტიკურ ავტორიტეტს სერიოზულ ზიანს აყენებს.

- ივანიშვილმა აღნიშნა რომ მას ჰქონდა შეხვედრა ბურჭულაძესთან, რომელიც მასთან უგულავას ნაჩუქარი საათით მივიდა...

- დიახ, მე ამ პროცესის თანამონაწილე ვიყავი. მეტსაც გეტყვით, პაატა ბურჭულაძესთან თავის დროზე პრეზიდენტის კანდიდატურაზე გვქონდა შეთავაზება, უნდა ჩამოყალიბებულიყო ივანიშვილისა და ბურჭულაძის ტანდემი. ბურჭულაძესთან გქვონდა შეხვედრები და მოლაპარაკებები, თუმცა ეს მოლაპარაკებები არაფრით დასრულდა, მაშინ არავის უფიქრია იმაზე, რომ პაატა ბურჭულაძე საააკაშვილის სატელიტია. ბიძინამ შემდგომში ალბათ ანალიზის საფუძველზე გააკეთა ასეთი დასკვნა.

იხილეთ ასევე: "ბურჭულაძე ჩემთან შესახვედრად უგულავასგან ჯილდოდ მიღებული საათით მოვიდა"

ნინო ჩიქოვანი (სპეციალურად საიტისთვის)