ისანში, სასტუმროს ეზოში "ყვითელი ავტობუსი" შევარდა - არიან დაშავებულები - კვირის პალიტრა

ისანში, სასტუმროს ეზოში "ყვითელი ავტობუსი" შევარდა - არიან დაშავებულები

ისანში სასტუმრო „რიჩის“ ეზოში სამგზავრო ავტობუსი შევარდა. ავტობუსში დაახლოებით 20-მდე მგზავრი იმყოფებოდა. მათი უმეტესობა სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, დაშავებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მათივე ინფორმაციით, ე.წ. არამიანცის ეზოში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში სულ 18 პაციენტი გადაიყვანეს.

„სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 18 პაციენტი. მათ პოლიტრავმები და ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაშავებულთა მდგომარეობაა საშუალო სიმძიმისაა. ზუსტ დიაგნოზს ექიმები დასვამენ, რომლებმაც პაციენტები ჩაიბარეს“, - განმარტეს სასწრაფო დახმარების სამსახურში.

არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლს ჩაეძინა.

მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას „თბილისის სატრანსპორტო“ კომპანია გამოეხმაურა. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, ისნის რაიონში, ბაღდადის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მსუბუქად დაზიანდა მუნიციპალური ავტობუსის 16 მგზავრი და ერთი ქვეითი. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ერთი ან რამდენიმე პირის სხეულის ან ჯანმრთელობის ჯანმრთელობის დაზიანება.