"ადამიანმა, რომელსაც კაპიუშონი ჰქონდა წამოფარებული, ჯერ ერთი მხრიდან მოუარა ავტომობილს და იქ მჯდომებს ესროლა, შემდეგ კი..." - კვირის პალიტრა

"ადამიანმა, რომელსაც კაპიუშონი ჰქონდა წამოფარებული, ჯერ ერთი მხრიდან მოუარა ავტომობილს და იქ მჯდომებს ესროლა, შემდეგ კი..."

2 სექტემბერს, დღის საათებში, ვაკეში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რომლის დროსაც სოსო ჯოხაძე მოკლეს, მანქანაში მყოფი მეორე ადამიანი, ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილი კი გულ-მკერდის არეში დაჭრეს.

იხილეთ ასევე: რა აკავშირებდა ვაკეში მოკლულ სოსო ჯოხაძეს თეა წულუკიანთან?!

თვითმხილველის განცხადებით, ვაკეში, რიგის ქუჩაზე, მანქანაში მყოფი პირი ფეხით მოსიარულე მამაკაცმა ჩაცხრილა და ჭავჭავაძის გამზირისკენ გაიქცა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რიგისა და ფალიაშვილის ქუჩების კუთხეში მომუშავე მეყვავილემ განუცხადა.

"დავინახე, როგორ გადმოუხვია შუქნიშანზე შავმა ავტომობილმა, რომელსაც უცბად მივარდა ფეხით მოსიარულე ადამიანი, რომელსაც კაპიუშონი ჰქონდა თავზე წამოფარებული. მან ჯერ ერთი მხრიდან მოუარა ავტომობილს და იქ მჯდომებს ესროლა, შემდეგ კი მეორე მხრიდან შემოუარა და სროლა განაახლა. ამის შემდეგ გაიქცა ჭავჭავაძის ქუჩისკენ, ხოლო ავტომანქანიდან გასისხლიანებული ადამიანი გადმოვიდა, რომლიც დახმარებას ითხოვდა. მაღაზიიდან გამოვიდნენ ქალები და მანქანიდან მეორე დასისხლიანებული ადამიანიც გადმოიყვანეს", - განაცხადა თვითმხილველმა.

კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით, შემთხვევა დაახლოებით 4-ის ნახევარზე მოხდა. "გავიგონეთ სროლის ხმა და რომ გამოვედით, კაცი იყო მოკლული. ის ტიპი გაიქცა, არავის არ დაუნახავს", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა.