რატომ გახდა საჭირო სპორტის სასახლის ნახევრის მიწის ქვეშ ჩამალვა? - კვირის პალიტრა

რატომ გახდა საჭირო სპორტის სასახლის ნახევრის მიწის ქვეშ ჩამალვა?

წლების განმავლობაში სახეს იცვლიან ქვეყნები და ქალაქები. თანამედროვე არქიტექტორები ახალ-ახალ და უჩვეულო შენობებს აპროექტებენ, უქვემდებარებენ ყოფითი ცხოვრებისა და ეკოლოგიის ახალ კანონებს. მაგალითად, შენობებზე მონტაჟდება მზის ელემენტები და ენერგიის სხვა ალტერნატიული წყაროები. თანამედროვე არქიტექტურული ძეგლები და ფასადები მკვეთრად განსხვავდება უკვე დრომოჭმული ტრადიციული დიზაინისგან. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ხშირად შეხვდებით ფასადზე გაშენებულ ცოცხალ ბაღს, შუშის სახლებს, სფეროსა და სხვა გეომეტრიული ფიგურების ფორმის შენობებს. პროგრესი სახეზეა და უკვე აღარავის აინტერესებს ჩვეულებრივი ბეტონის "ყუთები".

საქართველო და ჩვენი დედაქალაქი ამ ყველაფრისგან ძალზე შორს არის. ჩვენთან გაჩაღებული მშენებლობა დაუგეგმავი და ქაოსურია. პროგრესი დღევანდელი ქალაქის არქიტექტურაში არ არსებობს... დედაქალაქის ცენტრი ივსება ახალ-ახალი შენობებით. საცხოვრებელ კორპუსებს ერთმანეთთან საოცრად მჭიდროდ აგებენ... საილუსტრაციოდ, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაც გამოდგება, სადაც არათუ ცხოვრება, სუნთქვაც კი შეუძლებელია. უძველესი, გამორჩეული არქიტექტურის შენობა - სპორტის სასახლე მთლიანად ჩაიკარგა.

აი, რას ამბობს არქიტექტორი, დავით ჩუბინიძე:

- თბილისში არსებობს სხვა სამაგალითო განაშენიანების არაერთი ეტალონი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მათგან ყველაზე ნიშანდობლივი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებაა. ესთეტიკურ ნიშანს რომ თავი დავანებოთ, უმთავრესი პრობლემა ამ ახალი უბნის არანორმალური სტრუქტურაა, დარღვეულია სანიტარიულ-ტექნიკური ნორმა. ამის აღსაწერად გამოგვადგება ერთი მოქნილი გამონათქვამი - ურბოციდი (ურბანული გენოციდი)!

სპორტის სასახლის მშენებლობა 1957 წელს დაიწყო და 1961 წელს დასრულდა; მას არქიტექტორი ლადო ალექსი-მესხიშვილი, თანაავტორებთან (იური კასრაძე და დავით ქაჯაია) ერთად ხელმძღვანელობდა. ლადო ალექსი-მესხიშვილი რეჟისორ ლანა ღოღობერიძის მეუღლე გახლდათ, ამიტომ ქალბატონ ლანას დღეს იმ ტერიტორიაზე გავლისა და გახედვის სურვილიც არა აქვს.

ლანა ღოღობერიძე:

- არქიტექტორის წარმატება ისაა, როცა მისი ქმნილება რეალურ სივრცესთანაა შერწყმული, რადგანაც ცალკე ნაგებობა არ არსებობს. ლადო არასდროს ააშენებდა ასეთ ადგილას სპორტის სასახლეს, როგორადაც დღეს ეს ტერიტორია იქცა. სპორტის სასახლე და ის ჩანაფიქრი საერთოდ ჩაიკარგა რაღაც უსახურ, მრავალსართულიან შენობებში. შენობას შიგნით უზარმაზარი სივრცე აქვს, რადგან მიწაში ღრმად არის ჩასული. თავიდანვე ასეთი ჩანაფიქრი იყო, რომ დიდი ნაწილი მიწის ქვემოთ ყოფილიყო და არა - ზემოთ. შენობის მთელი კონსტრუქცია, გუმბათი, თაღები, იმ პერიოდის (60-იანი წლების დასაწყისი) არქიტექტურაში სრულიად ახალი სიტყვა გახლდათ. დღეს სპორტის სასახლის ქვემოთ ტოტალიზატორებია განთავსებული, არადა, ეს შენობა ჯანმრთელი ცხოვრების სიმბოლო უნდა იყოს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სპორტის სასახლეს მთავარი შესასვლელი აღარ აქვს. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი.

- ახლა წარსულში გადავინაცვლოთ და სპორტის სასახლის დაპროექტების პერიოდი გავიხსენოთ. მით უფრო, რომ ცოტა ხნის წინ წიგნი გამოეცით მეუღლის შემოქმედებაზე.

კითხვის გაგრძელება