დედისა და 3 შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა თავი მოიკლა? - რას ამბობენ სასჯელაღსრულების სამინისტროში - კვირის პალიტრა

დედისა და 3 შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა თავი მოიკლა? - რას ამბობენ სასჯელაღსრულების სამინისტროში

2016 წლის 10 ივლისს ახალქალაქის სოფელ ვაჩიანში მკვლელობა მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნოდარ ა. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ნოდარ ა.-მ ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში, ქურდობის მიზნით, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან შეაღწია. სახლის მეპატრონემ და მისმა ოჯახის წევრებმა იგი შენიშნეს და წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ნოდარ ა.-მ მათ თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დედა და მისი 2 შვილი, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სახლში ხანძარი განზრახ გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოჯახის მეოთხე წევრი, მცირეწლოვანი ბავშვი, წინასწარი ინფორმაციით, გაგუდვის შედეგად დაიღუპა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, დედისა და 3 შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

"ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ ბრალდებულმა ნ.ა.-მ პენიტენციურ დაწესებულებაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და აცხადებენ, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

იხილეთ ასევე: "გოგონების გვამებს ძალადობის კვალი ეტყობა…" - ვაჩიანში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები