"სააკაშვილს უნდა უკრაინაშიც პირველი პირი იყოს, აქაც და დანარჩენ მსოფლიოშიც, ივანიშვილი კი ძალაუფლებისკენ არ ილტვის" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს უნდა უკრაინაშიც პირველი პირი იყოს, აქაც და დანარჩენ მსოფლიოშიც, ივანიშვილი კი ძალაუფლებისკენ არ ილტვის"

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან ჩაწერა.

- მიუხედავად იმისა, რომ არც მიხეილ სააკაშვილი და არც ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად აღარ არიან პოლიტიკურ არენაზე, ისე ჩანს, რომ ეს არჩევნებიც მათი დაპირისპირების ასპარეზად იქცევა. ისინი რომ კვლავაც მთავარ ფიგურებად ცდილობენ დარჩენას, მათი სატელევიზიო აქტიურობითაც ჩანს - ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით ახალი ტელეპროექტი დაიწყო GDS-ზე, მიხეილ სააკაშვილი კი, ფაქტობრივად, არ ჩამოდის "რუსთავი 2"-ის ეკრანიდან.

- გეთანხმებით, ნამდვილად ასეა. "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და რეალური ლიდერი არის ბიძინა ივანიშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი და მთავარი იდეოლოგი - მიხეილ სააკაშვილი. ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის კი დიდი მსოფლმხედველობრივი სხვაობაა. თქვენ თუ შეადარებთ 2012 წლისა და წლევანდელ საარჩევნო კამპანიებს, დიდ სხვაობას დაინახავთ. სისტემური ძალადობა, ხალხის დაშინება, სარეკლამო სივრცის მონოპოლიზება და ა.შ. რაც ახასიათებდა ოთხი წლის წინანდელ წინასაარჩევნო პროცესს, დღეს აღარ ჩანს. აბსოლუტურად სხვაგვარ გარემოში, გაცილებით მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია.

რა თქმა უნდა, შესაძლოა, გადაცდომები და დარღვევები არის, მაგრამ მსგავსი რამ ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება. დღეს გარემო გაცილებით თავისუფალია და ამომრჩეველსაც არჩევნის გაკეთება გაცილებით თავისუფლად უწევს. შეიძლება ბევრი საყვედური ვუთხრათ ამჟამინდელ ხელისუფლებას, დიახ, იყო ბევრი შეცდომა, გაცილებით ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა ამ ოთხ წელიწადში, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში მთავარ იმპერატივად რომ იქცა ადამიანის უფლებები და თავისუფლება, ეს ცხადზე ცხადია. დიახ, ბიძინა ივანიშვილიც და მიხეილ სააკაშვილიც ჩართული არიან საარჩევნო პროცესში, მაგრამ აქ ერთი დიდი პრობლემაა:

მიხეილ სააკაშვილი აღარ არის საქართველოს მოქალაქე, ის უკრაინის მაღალჩინოსანია, შესაბამისად, აშკარად ოდიოზური ვითარებაა - სააკაშვილს უნდა უკრაინაშიც პირველი პირი იყოს, აქაც და დანარჩენ მსოფლიოშიც, ივანიშვილი კი ძალაუფლებისკენ არ ილტვის. ის იძულებით შემოვიდა პოლიტიკაში და დღემდე იძულებით რჩება.

- კიდევ ერთ სატელევიზიო პროექტზე უნდა გკითხოთ. ვგულისხმობ, გოგა ხაინდრავას მრავალსერიან ფილმს, რომელიც სწორედ არჩევნების წინ გამოვა ეკრანებზე და ასახავს სააკაშვილის 9-წლიან ძალადობრივ მმართველობას. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ "ქართული ოცნება", ნაცვლად იმისა, ამომრჩეველს გასული 4 წლის მმართველობის შედეგებს აცნობდეს და მომავალზე ელაპარაკებოდეს, ისევ "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკითა და ციხის კადრების უკვე მხატვრული ვერსიით ცდილობს მხარდაჭერის მოპოვებას.

- არა მგონია, ეს შეფასება სამართლიანი იყოს. როგორც ვიცი, ამ ფილმის გადაღება წელიწად-ნახევრის წინ დაიწყეს და მეეჭვება, წინასწარ სცოდნოდათ, საარჩევნოდ მოესწრებოდა თუ არა. ფილმში დიდი ფულია გადახდილი და, ბუნებრივია, ვინც გადაიხადა, ეცდება, მისგან გარკვეული დივიდენდები მიიღოს, მათ შორის, პოლიტიკური, და ამაში ვერავის გავამტყუნებთ. მაგრამ ვერაფრით გავიზიარებ აზრს, რომ მხოლოდ ამ ფილმით და "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკით ცდილობენ ფონს გასვლას. მე ვხედავ, რომ მთავრობა გამუდმებით ლაპარაკობს როგორც მიღწევებზე, ასევე გეგმებზეც, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ყველაზე მეტად ერთმანეთს სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" აკრიტიკებენ. ეს შემთხვევითი არ არის, თავშივე ვთქვით, რომ ეს ორი ძალაა ამ არჩევნების მთავარი გმირი.

"ქართული ოცნების" მნიშვნელოვან ნაწილს სურს დისკურსის პოზიტიურ სივრცეში გადატანა, მაგრამ ამის საშუალებას დიდწილად სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" არ აძლევს.

წაიკითეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში", ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია: "ამ არჩევნების შემდეგ ივანიშვილი საბოლოოდ დატოვებს პოლიტიკას"