ვაკეში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

ვაკეში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკეში, სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულ ბადრი ნათობაძეს აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე ბრალდებულის ადვოკატმა ლევან პატარქალიშვილმა დააყენა შუამდგომლობა მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სხდომა 25 ოქტომბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ბ.ნ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, თბილისში, ვაკის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ ს.ჯ.-ს და 1982 წელს დაბადებულ ზ.ჩ-ს. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერთი დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე - გადაყვანილია საავადმყოფოში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით).