Nneka - „ზღაპარი“, რომელიც თბილისში გრძელდება - კვირის პალიტრა

Nneka - „ზღაპარი“, რომელიც თბილისში გრძელდება

ნნეკა ლუსია ეგბუნა, ან უბრალოდ Nneka - ასე ჰქვია პოპულარულ არტისტს, რომელიც 12 სექტემბერს ფილარმონიაში იმღერებს. პროექტის ორგანიზატორი Funday Entertainment-ია, მხარდამჭერები კი კულტურის სამინისტრო, ჯეოვოისი, სასტუმრო რუმსი და რესტორანი “დაუნთაუნი” არიან.

Nneka ქართველი მსმენელისთვის კარგად არის ცნობილი. მისი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კომპოზიცია, 2008 წელს გამოსული „Walking“ თითქმის ყველა კატეგორიის მსმენელში სარგებლობს პოპულარობით.

არტისტი 1980 წელს ნიგერიაში დაიბადა, 19 წლისა კი გერმანიაში გადასახლდა და სწორედ აქედან დაიწყო მისი მუსიკალური აღმასვლა. რამდენიმე წელიწადში ის უკვე რეგულარულად გამოდიოდა სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე ისეთ შემსრულებლებთან ერთად, როგორებიც არიან Roots, Damian Marley და ა.შ.

თუკი მის შემოქმედებას ახლოს გაეცნობით, მიხვდებით, რომ ეს არის ძალიან უბრალო ნიგერიელი გოგონა არაჩვეულებრივი ხმითა და ნიჭით - იდეალურად შექმნას ჰიპ-ჰოპის, რეგეისა და სოულის სინთეზი. თუ ამ ყველაფერს მის აფრიკულ ფესვებსა და გავლენებს დავუმატებთ, ძალიან საინტერესო ნამუშევრებს მივიღებთ, რომლებიც ნამდვილად გამოარჩევს Nneka-ს მისი თანამედროვე სხვა არტისტებისაგან. სწორედ ამ უნიკალური მახასიათებლების გამო 2009 წელს ის საუკეთესო აფრიკელ შემსრულებლად დასახელდა.

როგორც თავად ამბობს, ის ძალიან ბევრს მოგზაურობს და ინსპირაციის საკმაოდ დიდ ნაწილს სწორედ მოგზაურობის, სხვადასხვა კულტურების გაცნობის, ადამიანებთან შეხვედრისა და მათთან ურთიერთობისგან იღებს. ნნეკა თვლის, რომ მუსიკა ყველას და ყველაფერს აერთიანებს. აქტიურ მონაწილეობას იღებს სოციალურ პროექტებში, რომლებიც ტრეფიკინგის, ჩაგვრის, ქალთა მიმართ ძალადობისა თუ ტერორიზმის წინააღმდეგ არის მიმართული.

მისი შემოქმედება ძალიან აუთენტური და სპეციფიურია. თავის თავს ის ჰიპ-ჰოპ შემსრულებელს უფრო ხშირად უწოდებს, მაგრამ თუ ბოლოდროინდელ ლაივებს გადახედავთ, მათში ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანი აღმოაჩენს რაღაც სათავისოს. სწორედ ესაა არტისტის წარმატების საიდუმლოც - მუსიკა, რომელიც ყველასთვის მისაღებია. ნნეკას არაერთხელ განუცხადებია ინტერვიუებში, რომ არ ცნობს კულტურულ, ეთნიკურ, ნაციონალურ, გენდერულ თუ სოციალურ კლიშეებს. მისი შემოქმედება ერთგვარი დამაკავშირებელი ძაფია ყველა ტიპის ადამიანისთვის. ალბათ სწორედ ამაში უნდა ვეძიოთ საქართველოში მისი პოპულარობის მიზეზიც.

დღეისათვის ნნეკას 5 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. პირველი მათგანი „Victim of Truth“ 2005 წელს გამოვიდა. Sunday Times-მა მისი მუსიკა ძალიან დადებითად შეაფასა. ბევრმა მუსიკალურმა კრიტიკოსმა არტისტი ლორენ ჰილს შეადარა. ნნეკა თავადაც ხშირად აღნიშნავს, რომ სწორედ ლორინ ჰილია მისი შემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსპირატორი ისეთ არტისტებთან ერთად, როგორებიც არიან: ბობ მარლი, აფრო-ბიტ მუსიკის პიონერი ფელა კუტი და სხვანი.

შეიძლება ითქვას, რომ 2015 წელს გამოსული ალბომი „My Fairy Tales“ (ჩემი ზღაპრები) ნნეკას შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ალბომი რეტრო გრუვის სტილით გამოირჩევა და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპის ქვეყნებში.

„სალამი, მე ნნეკა ვარ, 12 სექტემბერს საქართველოში, ჩემს კონცერტზე გეპატიჟებით. აუცილებლად მოდით და გახდით ამ ჯადოსნური საღამოს მონაწილეები. მალე შევხვდებით!“ - სწორედ ასე მიმართავს ნნეკა თავის ქართველ გულშემატკივრებს, რომელთა წინაშეც სპეციალური პროგრამით „Walking to Tbilisi“-თ წარსდგება. მომღერალი როგორც ახალ, ასევე ძველ, ყველასთვის კარგად ნაცნობ კომპოზიციებს შეასრულებს.

https://www.facebook.com/FundayEntertainment/videos/1078631505552551/