"დედას გაეპარა თურმე... სამი ბიჭი ერთად ჩასულან. იმ ორმა შეძლო ამოსვლა, ომარს კი..." - მდინარეს შეწირული 12 წლის მოზარდის სიცოცხლე - კვირის პალიტრა

"დედას გაეპარა თურმე... სამი ბიჭი ერთად ჩასულან. იმ ორმა შეძლო ამოსვლა, ომარს კი..." - მდინარეს შეწირული 12 წლის მოზარდის სიცოცხლე

"ძალიან სახიფათო მდინარეა. თითქოს ღრმა არ არის, მაგრამ რამდენიმე ადგილას, ფსკერი ლამიანი აქვს და გადახტომისთანავე იძირება ადამიანი..."

ქუთაისთან ახლოს, მდინარე წყალწითელაში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო. ადგილობრივთა თქმით, ომარ ბერიძე მეგობრებთან ერთად, საბანაოდ იყო წასული და მან წყლიდან ამოსვლა ვერ შეძლო... ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში სახანძრო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მუშაობდნენ და ცხედარი გამთენიისას ამოიყვანეს. გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდი თევზაობდა, რა დროსაც მას ქვაზე ფეხი დაუსრიალდა და მდინარეში ჩავარდა, სადაც ძლიერი დინება იყო... თუმცა, გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ის თანატოლებთან ერთად, სახლიდან საბანაოდ გაიპარა, მდინარეში გადახტომისთანავე, წყალქვეშა ტალღამ ჩაითრია.

თამუნა, ომარ ბერიძის ოჯახის ახლობელი:

- საბანაოდ იყო წასული, მეგობრებთან ერთად. დედას გაეპარა თურმე... სამი ბიჭი ერთად ჩასულან. იმ ორმა შეძლო ამოსვლა, ერთმანეთს დაეხმარნენ და ამოვიდნენ. ომარს, როგორც ჩანს, ლამიანი ადგილი შეხვდა და ქვიშაში ჩაეფლო... ბავშვები შეშინებული იყვნენ, კინაღამ ესენიც წაუღია დინებას. მადლობა უფალს, გადარჩნენ... ასე მგონია, მე დავკარგე შვილი, ისე განვიცდი, საოცრად თბილი ბავშვი იყო. გონიერი, თითით საჩვენებელი კლასში და სამეგობროში. დედამისი კუდში დაჰყვებოდა, ისეთი ყურადღებიანი და მზრუნველი დედა იყო. 37-ე სკოლაში სწავლობდა. ნიჭიერი, მონდომებული და ხალისიანი. ის და ჩემი შვილი ძმებივით იყვნენ. არ ვიცი, რა ვუთხრა დედამისს, რით ვანუგეშო... ქუთაისელები არიან. საოცრად კარგი ოჯახი აქვთ, ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქში.

- ეს ერთი შვილი ჰყავდათ?

- არა, გოგონა ჰყავთ ერთი. მასზე უფროსია, თუ არ ვცდები ორი წლით...

- ადგილობრივების თქმით, ადგილი, სადაც ტრაგედია მოხდა, ძალიან სახიფათოდ მიიჩნევა...

- დიახ, ბევრი იმ მდინარეს სიკვდილის წყალს უწოდებს. არც კი გვახსოვს რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა წყალწითელამ. ერთი პერიოდი ერიდებოდნენ კიდეც ჩასვლას, შემდეგ ისევ დაიწყეს, ძალიან სახიფათო მდინარეა. თითქოს ღრმა არ არის, მაგრამ რამდენიმე ადგილას ფსკერი ლამიანი აქვს და გადახტომისთანავე იძირება ადამიანი... ასე მოუვიდა ამ საცოდავ ბავშვსაც, - გადახტა თუ არა, მაშინვე ლამზე მოუხვდა ფეხი და ჩაითრია. რამდენიმე წამში გამქრალა. როგორც ჩანს, ეს ორი ბავშვი უფრო ნაპირთან მოხვდნენ და მაშველებმა მოუსწრეს... ბავშვი კი არა, ისეთი ადამიანების სიცოცხლე შეიწირა წყალწითელამ, მდინარეში ცურვის გამოცდილება რომ ჰქონდათ. არ იცით, რა ცოდვა ტრიალებს ამათ სახლში. არ იმსახურებდა ეს კარგი ოჯახი ასეთ ტრაგედიას.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)