"ჩხრეკის დროს კარადის თავზე მიპოვეს და ჩამომიყვანეს... ერთ წელიწადში ორჯერ ჩამიდეს იარაღი" - კვირის პალიტრა

"ჩხრეკის დროს კარადის თავზე მიპოვეს და ჩამომიყვანეს... ერთ წელიწადში ორჯერ ჩამიდეს იარაღი"

3 და 4 სექტემბერს, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით სამართალდამცველებმა გიორგი ფეიქრიშვილი და ნოდარ ნიშნიანიძე დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ ნოდარ ნიშნიანიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი და 7 ცალი ვაზნა ამოიღო, გიორგი ფეიქრიშვილის ბინის ჩხრეკისას კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და ერთი შეკვრა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირების დაკავება შესაძლოა ვაკეში მომხდარ სოსო ჯოხაძის მკვლელობას უკავშირდებოდეს.

6 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების პროცესი გაიმართა. სასამართლო ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულმა გიორგი ფეიქრიშვილმა მისი დაკავების დეტალები გაიხსენა.

ბრალდებულის ინფორმაციით, როდესაც მიხვდა, რომ მისი დაკავების მიზნით სახლში პოლიცია მიდიოდა, ბინაში დაიმალა.

"ჯერ რაღაცა დაარტყეს კარს და შემოვარდნენ. მე დავიმალე სახლში და როცა არ დავხვდი, იქვე დაიწყეს ჩხრეკა. ამ ჩხრეკის დროს მიპოვეს კარადის თავზე და ჩამომიყვანეს. ერთ-ერთმა გამომძიებელმა ჩანთით იარაღი შემიდო იმ კარადის თავზე, სადაც ვიმალებოდი. მერე ვითომ არაფერი, ერთ ათ წუთში იპოვეს იარაღი და დამიწყეს ლაპარაკი - ეს რითი დადიხარ, რა არის და ა.შ".

ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ მანამდე უსაფუძვლოდ დააკავეს და ჩაუდეს 1885 წლის ნაგანი. ფეიქრიშვილი ასევე იმ გზავნილებზე საუბრობს, რომელიც მისი მისამართით ისმოდა.

"ითხოვდნენ დამეტოვებინა საქართველო. მეუბნებოდნენ, სისტემას ეჯახები რახან არ მიდიხარო. როგორ წავსულიყავი ასე უფულოდ? არ გამაჩნია არავითარი სახსრები. ვაპირებდი წასვლას. ბიძაჩემი ცხოვრობს გერმანიაში, გერმანიის მოქალაქეა და მასთან ვაპირებდი წასვლას ლეგალურად. ჩაწერილი ვიყავი საელჩოში 9 სექტემბერს, მაგრამ არ მაცადეს. ერთ წელიწადში ორჯერ ჩამიდეს იარაღი. არც დაელოდნენ ერთი წლის გასვლას მაინც. ჩამიდეს ნაგანი, აკაესი და ბოლოს ალბათ ტანკსაც ჩამიდებენ სახლში", - განაცხადა ბრალდებულმა.

მოსამართლის კითხვაზე, თუ რამ აიძულა კარადის თავზე დამალვა, ბრალდებულმა განუმარტა, რომ შიშის გამო დაიმალა.

"მეშინოდა, რომ არ მოვეკალი. პირდაპირ კარზე ბრახუნი იყო. არც გამოხმაურება რომ პოლიციაა ან რაღაც. პირდაპირ შემოამტვრიეს კარი. წინა დაკავებისაც ასე მეგონა რომ მომკლავდნენ", - განაცხადა ფეიქრიშვილმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით