"ივანიშვილს ძალიან კარგ პირობებში ჰყავდა სააკაშვილი, თუმცა მან შემდეგ დააპირა მისი ისეთივე შევიწროება, როგორც ყველა სხვა ბიზნესმენის" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილს ძალიან კარგ პირობებში ჰყავდა სააკაშვილი, თუმცა მან შემდეგ დააპირა მისი ისეთივე შევიწროება, როგორც ყველა სხვა ბიზნესმენის"

ბიძინა ივანიშვილი რეგიონალურ მედიასთან შეხვედრებს აგრძელებს. 5 სექტემბერს ექსპრემიერი გურიას ესტუმრა. ჟურნალისტებთან სასაუბრო თემებს შორის "რესპუბლიკური პარტიაც" იყო. ყოფილი პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ”რესპუბლიკურ პარტიას” გამოკითხვებით 1%-იანი მხარდაჭერაც კი არ აქვს.

”ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს ”რესპუბლიკურ პარტიას”. 1%-იც არ უჭერს მხარს გამოკითხვებში. ამას აქვს თავისი მიზეზი. სწორედ აფასებს საზოგადოება ”რესპუბლიკური პარტიის” რეიტინგს და რატომ - ”რესპუბლიკური პარტიისთვის” სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება ”რესპუბლიკური პარტია” და სრულდება იქ, სადაც მთავრდება ”რესპუბლიკური პარტია”. დანარჩენი სახელმწიფო რაც ”რესპუბლიკურ პარტიაში” არ შედის, მათი ყურადღების მიღმა რჩება. კი არ ვციტირებ, მათი წევრების გამონათქვამებს ვუკეთებ სწორ ინტერპრეტაციას, რომ ილია ჭავჭავაძე არცთუ ისე კარგი კაციაო და ასეთი გამონათქვამები მათგან ხშირად გვესმის. განათლებით დამძიმებული თავებით ხშირად ასეთ შეფასებებს აკეთებენ და საზოგადოება ამას კარგად აცნობიერებს", - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის ამ და სხვა განცხადებაზე kvirispalitra.ge "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს, დავით ზურაბიშვილს ესაუბრა:

- სიმართლე გითხრათ, ვის რამდენი პროცენტი აქვს და ვის რამდენი ადამიანი უჭერს მხარს, არასერიოზული განცხადებაა. ეს ყველაფერი არჩევნებზე გამოჩნდება. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მარტო თვითონ და მიხეილ სააკაშვილი არიან ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და სხვები არ არიან, ან კიდევ, არის მხოლოდ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა". ამ კაცს ასეთი ტაქტიკა აქვს არჩეული, ვფიქრობ ეს არაკვალიფიციური მიდგომაა და მგონია, რომ რეალობისგანაც ძალიან შორსაა.

- ბევრმა ოპონენტმა თქვა, რომ ივანიშვილის ყოველკვირეულ მიმართვებში, ჭარბობს ოპონენტებზე საუბარი და მინიმალურია "ქართულ ოცნებაზე" ლაპარაკი...

- ეს არის ძალიან არასწორი მიდგომა და შეიძლება ითქვას ჩვენი გზები ამიტომაც გაიყარა. მისი ეს შეხედულებები, ქვეყნის მართვაზე, მიმდინარე პროცესებზე და სხვა საკითხებზე შორსაა იმ რეალობისაგან, რაც გვაქვს. თუკი 2012 წელს ორ პოლუსიანი პოლიტიკური სიტუაცია გვქონდა, აქეთ იყო "ქართული ოცნება" (მასთან ერთად თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა) და იქით "ნაციონალური მოძრაობა", ახლა ეს რეალობა არაა და არც იქნება, თუმცა ბატონი ივანიშვილის მხრიდან არის მცდელობა, რომ დაგვაჯეროს თითქოს ისევ იქ ვართ და თითქოს ისევ ის სურათია, რეალურად კი, თუ გადავხედავთ 2012 წლის ივანიშვილის განცხადებებს და დღევანდელ ნათქვამებს, ის საკუთარ თავს ეწინააღმდეგება.

- ასევე მინდა გკითხოთ ივანიშვილის განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა", თუ საუბრობს ფორმალურ მმართველობაზე, მაშინ უნდა გაიხსენონ, რომ ფორმალური მმართველობა სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო, როდესაც ის სააკაშვილს უწევდა კონსულტაციებს...

- ეს ყველამ ვიცოდით და არავისთვის ყოფილა დამალული, რომ ივანიშვილს და სააკაშვილს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ეს გრძელდებოდა არცთუ ისე ცოტა ხანს. მე თვითონ გახლდით იმ ფონდის ხელმძღვანელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც "ვარდების რევოლუციის" პირველ წლებში აფინანსებდა სახელმწიფო მოხელეებს. გემახსოვრებათ, მაშინ ამბობდნენ, ქართველ მინისტრებს ხელფასს სოროსი უხდისო, თუმცა იმ ფულიდან მხოლოდ 10% თუ იქნებოდა სოროსის ფონდის წილი, დანარჩენი ივანიშვილის იყო, ხოლო მომდევნო წელს 10%-იც აღარ იყო სოროსის. სწორედ ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც თითქმის სრულად აფინანსებდა პოლიციის რეფორმას, უამრავ მშენებლობას, რომლის ლენტებსაც მერე სააკაშვილი ჭრიდა. ეს არ ყოფილა დამალული და ყველასთვის ცხადია. ივანიშვილს ძალიან კარგ პირობებში ჰყავდა სააკაშვილი, თუმცა შემდეგ მან დააპირა მისი ისეთივე შევიწროება, როგორც ყველა სხვა ბიზნესმენის და ამას რაც მოჰყვა ვიცით.

- როგორ ფიქრობთ, რა მოტივაცია ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს როდესაც ამას აკეთებდა, იყო ეს ქველმოქმედება, თუ ერთგვარი დივიდენდი სამომავლოდ პოლიტიკაში მოსვლის წინ?

- მე ეჭვიც არ მეპარება, რომ მას კარგი სურდა სახელმწიფოსთვის, თუმცა არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ რაღაც გარკვეულ ინვესტიციას აკეთებდა. სიმართლე გითხრათ, ეჭვი არ მეპარება, რომ ყველას სურს ქვეყნისთვის კარგის გაკეთება, უბრალოდ მერე ამ მიზნის მიღწევის გზებშია ხოლმე პრობლემები და საბოლოოდ ეს ქვეყნისთვის ხდება საზიანო, თორემ სურვილი, მოდი ჩემს ქვეყანს ცუდს გავუკეთებო, არც სააკაშვილს ჰქონია და არც ივანიშილს აქვს.

- ბოლოს ისევ რეიტინგებზე მინდა გკითხოთ, რა შედეგებს ელით არჩევნებზე?

- ჩვენ გვაქვს იმის ვარაუდი, რომ პარლამენტში საკმაოდ სოლიდური ძალით ვიქნებით წარმოდგენილი და დანარჩენს უკვე არჩევნები გვაჩვენებს. სამწუხაროდ, სოცილიოგია პოლიტიკური პროპაგანდის იარაღად გადაიქცა. ეს სტილი "ნაციონალურმა მოძრაობამ" დანერგა და შემდგომში ეს მეთოდი ბიძინა ივანიშვილმაც და "ქართულმა ოცნებამაც" წარმატებით აითვისეს. მიუხედავად ამისა, ყველა კვლევა მაინც აჩვენებს, რომ ძალიან დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ გადაწყვეტილი თუ ვის დაუჭირონ მხარი 8 ოქტომბერს, იმედი გვაქვს, რომ ამ ამორჩეველშიც ვნახავთ ჩვენს მხარდამჭერებს, თუმცა კონკრეტულად რა ციფრებში იქნება ეს ყველაფერი გამოხატული, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარვმართავთ წინასაარჩევნო კამპანიას დარჩენილ ერთ თვეში.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)