ვინ არის საშიშ ტერორისტთა სიაში შეყვანილი გულმუროდ ხალიმოვი, რომელმაც თარხან ბათირაშვილი შეცვალა
სირიაში ბოლო პერიოდში კოალიციის მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შემდეგ, საზოგადოებამ ახალი ამბავი შეიტყო, „ისლამურ სახელმწიფოში“ თარხან ბათირაშვილის ადგილი ტაჯიკმა გულმუროდ ხალიმოვმა დაიკავა. ტაჯიკი მებრძოლის დანიშვნამ, რომელიც ადრე ამერიკასა და რუსეთში გადიოდა წვრთნებს, ბევრი კითხვა გააჩინა. საკითხზე "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს, ნინო ბურჭულაძეს დავუკავშირდით:
- ვინ არის გულმუროდ ხალიმოვი, რა არის ცნობილი მისი წარსულის შესახებ?
- გულმუროდ ხალიმოვი 2015 წლის აპრილამდე ტაჯიკეთის რესპუბლიკის „ОМОН“-ის უფროსი იყო. 2015 წლის აპრილში ის უეცრად გაუჩინარდა და დაახლოებით ივნისში გაავრცელა პირველი ვიდეო მიმართვა, სადაც ამბობდა, რომ ჩავიდა სირიაში, იზიარებდა „ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფატის იდეას და ორ მეგობართან ერთად ხალიფატის მებრძოლთა რიგებში იდგა.
ამ ფაქტის შემდეგ, ტაჯიკეთმა მისი ძებნა სამშობლოს ღალატის მუხლით გამოაცხადა, ხალიმოვი ასევე იძებნება „ინტერპოლის“ მიერ.
მიუხედავად იმისა, რომ გულმუროდ ხალიმოვს საკმაოდ დიდი საბრძოლო გამოცდილება აქვს, (წლების განმავლობაში ტაჯიკეთში ებრძოდა უკანონო შეიარაღებულ ბანდფორმირებებს) ის ხალიფატში ამ დრომდე არ იყო ცნობილი პიროვნება, მის შესახებ არ ვრცელდებოდა რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაციები. რაც მთავარია, 2003-დან 2012 წლამდე მან გაიარა რამდენიმე ეტაპიანი წვრთნა, როგორც აშშ-ში, ისე რუსეთში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ამერიკაში მის სწავლებას ტაჯიკეთის ხელისუფლება აფინანსებდა.
გამოდის, „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო მინისტრი ხდება ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის როგორც ამერიკის, ასევე რუსეთის ანტიტერორისტული ოპერაციების დაგეგმვისა და ტერორიზმთან ბრძოლის ყველა სტრატეგია. ეს სავარაუდოდ, "ხალიფატს" გაუადვილებს ბრძოლას კოალიციის წინააღმდეგ, რომელშიც რუსეთიც და აშშ-ც შედიან. ვფიქრობ, ხალიმოვის დანიშვნა სწორედ ამით იყო განპირობებული. თუმცაღა, არ არის გამორიცხული, ეს დანიშვნა ხალიფატის ერთგვარი მარკეტინგული სვლა იყოს.
როგორც მოგეხსენებათ, სამხედრო პოსტზე ბათირაშვილის ყოფნა თავის დროზე აღმოჩნდა ერთგვარი სატყუარა მრავალი კავკასიელი ახალგაზრდისთის, რომელთათვისაც ომარ ალ შიშანი ლამის თაობის გმირადაც იქცა. აქედან გამომდინარე, გულმუროდ ხალიმოვი შეიძლება იქცეს შუააზიელი ახალგაზრდების მისაბაძ მაგალითად და ამით შესაძლოა ხალიფატმა შუა აზიიდან მეტი ადამიანური რესურსი მოიძიოს მებრძოლთა რიგების შესავსებად.
2015 წლის სექტემბერში, აშშ-მ ხალიმოვი იმ 35 კაციან საშიშ ტერორისტთა სიაში შეიყვანა სადაც ასევე იყვნენ „ხალიფატის“ მეთაური აბუ ბაქრ ალ ბაღდადი, ომარ ალ შიშანი - თარხან ბათირაშვილი და მუსლიმ ალ შიშანი - მურად მარგოშვილი, მისი ადგილსამყოფელისთვის ჯილდოდ აშშ-მ 3 მილიონი დოლარი დააწესა. (თარხან ბათირაშვილისთვის 5 მილიონი და აბუ ბაქრ ალ ბაღდადის ინფორმაციის სანაცვლოდ ამერიკას 10 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.)
- ტაჯიკი მებრძოლის სამხედრო პოსტზე დანიშვნა ხომ არ ნიშნავს ჩეჩნების პოზიციების შესუსტებას „ხალიფატში“?
- ვინც სირიაში მიმდინარე პროცესებში არის ჩახედული, ყველას გაუკვირდა ტაჯიკი ხალიმოვის დანიშვნა, ვინაიდან სირიის ფრონტებზე „ალ შიშანები“ ანუ ჩეჩნური ფრთა მათი საბრძოლო გამოცდილებიდან გამომდინარე, პრივილეგირებულ ძალას წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, იყო მოლოდინი, რომ თარხან ბათირაშვილს რომელიმე „ალ შიშანი“ შეცვლიდა. ზოგიერთი ვერსიით საუბარი იყო თარხანის ძმაზე, თამაზ ცათიაშვილზე, რომელიც ამჟამად "ხალიფატიში" კონტრდაზვერვის მეთაურის პოსტს იკავებს.
საყურადღებოა, რომ ჯერ კიდევ თარხანის სიცოცხლეში, საკმაოდ მომძლავრებული ჩეჩნური ფრთა „ხალიფატმა“ ერთგვარ საფრთხედ მიიჩნია, რასაც, ჩეჩენი საველე მეთაურებისა და ჩეჩნური დაჯგუფებების სხვადასხვა ფრონტზე გადაჯგუფება მოჰყვა.
სავარაუდოდ, ეს ფაქტორი იქნა გათვალისწინებული ახალი სამხედრო მინისტრის დანიშვნის დროსაც.
სირიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, მოგეხსენებათ გააქტიურდა კოალიციური იერიშები „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე, აგრეთვე სირიის კონფლიქტში ჩაერთო თურქეთიც, რომელმაც სამხედრო სპეცოპერაცია „ევფრატის ფარის“ ფარგლებში, ფაქტობრივად გაწმინდა მოჯაჰედებისგან სირია-თურქეთის საზღვარი. გარდა ამისა, დაიწყო „ხალიფატის“ ე.წ. დედაქალაქ რაკკაზე ავიაიერიშები.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაკკა ხალიფამ აბუ ბაქრ ალ ბაღდადმა უახლოეს გარემოცვასთან ერთად დატოვა და ლიბიის ტერიტორიაზე გადაინაცვლა, სადაც ქმნის ძალიან ძლიერ ტერორისტულ პლაცდარმს. საყურადღებოა, რომ ლიბიაში უკვე დაიწყო მცირე ლოკალური დაპირისპირებები ლიბიის ხელისუფლებასა და შეიარაღებულ მოჯაჰედებს შორის.
ერთ შეხედვით ასე ჩანს, რომ გულმუროდ ხალიმოვს „ხალიფატის“ სირია-ერაყის ტერიტორია საპატრონოდ ჩააბარეს.
- ახალი მინისტრის პირობებში უნდა ელოდოს თუ არა ევროპა ტერაქტების სერიებს?
- ცოტა ხნის წინ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ გაავრცელა მიმართვა ვროპაში მყოფი მხარდამჭერებისთის, სადაც იყო საუბარი, რომ ბოლო დროს ევროპაში მრავალი ტერაქტის აღკვეთა მოხდა, რის გამოც ხალიფატი მოუწოდებს მხარდამჭერებს თავი შეიკავონ რაიმე სახის ტერორისტული აქტების ან სხვა მოქმედებების განხორციელებისგან. მიმართვიდან ჩანს, რომ ევროპული სპეცსამსახურების მუშაობის გაძლიერების ფონზე ხალიფატი უფრთხილდება თავის მწირე ადამიანურ რესურსს.
- ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა თარხან ბათირაშილის ანდერძი, სადაც ის მორწმუნეთა მეთაურს სთხოვს, რომ მან არ დაივიწყოს კავკასია, არის თუ არა ეს ნამდვილად ანდერძი და რა იგულისხმება ამ სიტყვებში?
- ჩემი აზრით, ბათირაშვილის ე.წ. ანდერძი არის მისი, როგორც გმირის რომანტიზირების მორიგი მცდელობა და მას რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ნიცაში მომხდარ ტერაქტზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის ომარ ალ შიშანის სიკვდილზე შურისძიება იყო, რა თქმა უნდა, არც ეს შეეფერებოდა სიმართლეს. როგორ წარმოგიდგენიათ, სანგარში მჯდომ მოჯაჰედს ექნებოდა ანდერძის დაწერის დრო?! გარდა ამისა, თავად ბათრაშვილიც არ აპირებდა სიკვდილს, წინასწარ ანდერძის შედგენაზე რომ ეფიქრა. ვფიქრობ, ანდერძის ავტორთათვის ეს იყო ერთგვარი პიარსვლა მორიგი მოხალისეთა ჯგუფის მოსაზიდად.
ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)