შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა - კვირის პალიტრა

შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა

4 ქვეყანა, 24 ანსამბლი და 400-მდე მონაწილე „Black Sea Arena”-ს სცენაზე

შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი შეკვეთილში, დასკვნითი გალა კონცერტით დასრულდა. გრანდიოზულ ღონისძიებას შეკვეთილში Bleack Sea Arena-მ უმასპინძლა. კონცერტი ორი ნაწილისგან შედგებოდა და დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. მასში მონაწილეთა უმრავლესობას ქართული ნაციონალური ანსამბლები წარმოადგენდნენ: ”სუხიშვილები”, ”რუსთავი”, ”ბასიანი”, ”რიჰო”, ”ლაგუშედა”, ”ფესვები”, ”მარეთი”, უხუცესთა ანსამბლი ”ბერმუხა”. ასევე ფესტივალში მონაწილეობას ღებულობდნენ ფოლკლორული ანსამბლები იტალიიდან, შვეიცარიიდან და თურქეთიდან. საღამომზე სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა ლონდონის გაერთიანებული გოსპელის გუნდი, რომლებიც მსმენელების წინაშე საკუთარი პროგრამით წარდგნენ.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის, გიორგი დონაძის თქმით, შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი ტრადიციული გახდება.

”დასაწყისისთვის ძალიან კარგია. აღნიშნული ფესტივალი შემდგომ წლებში უფრო მრავალფეროვანი იქნება და მას კიდევ უფრო მეტი ქვეყანა ესტუმრება. ეს სფერო ქართველებისთვის უფრო პოპულარული გახდება. ფესტივალი ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას და ტურიზმის განვითარებას. ეს ფესტივალი მშვენივრად დაიწყო და მშვენივრად დამთავრდა. ქართულ ტრადიციულ ხელოვნებას დიდი მომავალი აქვს, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება. მსგავსი ტიპის ფესტივალები პირდაპირ მოქმედებს ანსამბლების საშემსრულებლო დონეზე და მათ სტიმული ეძლევათ. რაც შეეხება მსმენელებს, თქვენ მოისმინეთ რა ოვაციები მოჰყვა თითოეულ ნომერს, სოლისტს, უხუცეს მოცეკვავეებს. ეს იცით რამხელა სტიმულია?!”, - აღნიშნა გიორგი დონაძემ გალა კონცერტის დასრულების შემდეგ.

„მიხარია ის, რომ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია პირველმა ფეტივალმა. 24 ანსამბლი, 400-მდე მონაწილე - ეს უკვე დიდი შედეგია. დარწმუნებული ვარ, საქართველოს აქვს ყველა შანსი გახდეს პლატფორმა საერთაშორისო დიდი ფესტივალების,“ - განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალს გურიამ უმასპინძლა. ღონისძიებები 1, 2 და 3 სექტემბერს ოზურგეთსა და შეკვეთილში გაიმართა. ფესტივალი წელს პირველად Chek in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდა. პირველ და ორ სექტემბერს ქართულ და უცხოურ ანსამბლებს ოზურგეთმა უმასპინძლა. გალა-კონცერტი კი Bleack Sea Arena-ზე მოეწყო. დიდ ქართულ სცენაზე 4 ქვეყანიდან, 24 ანსამბლმა და 400-მდე მონაწილემ ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშები წარმოგვიდგინეს.ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და Bleack Sea Arena-ს მხარდაჭერით გაიმართა.

“საინიციატივო ჯგუფის იდეა იყო ოზურგეთი ფოლკლორის ქალაქად გვექცია და მასზე ზრუნვა დავიწყეთ. სულ მალე გაიხსნება 4 სართულიანი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა, რომელიც იქნება დასავლეთ რეგიონის ცენტრი. ნებისმიერ მსურველს, თავისუფალ დროს, შესაძლებელობა ექნება შეისწავლოს გურული სიმღერები. გარდა ამისა, შევქმენით ტურისტული მარშრუტები რეგიონში, ამით ხელს შევუწყობთ ფოლკტურიზმის განვითარებას. ჩვენი გურული ფოლკლორი უნიკალურია. საერთაშორისო ფესტივალი კი, იქნება პირველი ნაბიჯი ამ ჩვენი იდეის განხორციელებისა,“ - განმარტა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ავთანდილ სურგულაძემ.