ნატო-ს გენერალური მდივანი უკვე საქართველოშია - კვირის პალიტრა

ნატო-ს გენერალური მდივანი უკვე საქართველოშია

ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებისგან დაკომპლექტებული დელეგაცია, რომელსაც ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს, უკვე საქართველოშია. დელეგაციის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე საათის წინ დაფრინდა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობით.

ასევე, დაგეგმილია ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და პარლამენტის წევრებთან, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

იენს სტოლტენბერგი უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები იყო.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და ნატო-ს მნიშვნელოვან წვლილს ამ პროცესში. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები თანდათან უფრო ვითარდება და ამაზე ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებებიც მიუთითებს, ხოლო საქართველო - ალიანსის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი და საიმედო პარტნიორი. საუბრისას, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი სამხედროების მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. საუბარი ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო.