"საქართველო გახდება ნატო-ს წევრი თუ არა, ეს არის ნატო-ს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტი" - კვირის პალიტრა

"საქართველო გახდება ნატო-ს წევრი თუ არა, ეს არის ნატო-ს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტი"

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნატო აგრძელებს მუშაობას საქართველოსთან რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რაც მისცემს ქვეყანას საშუალებას დაუახლოვდეს ნატო-ს წევრობას.

ჩვენ ვარშავაში ნატო-ს სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ იმისთვის, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებსა და წევრობის მოთხოვნებს. ზუსტად ამ მიზნიდან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რაც მისცემს ქვეყანას საშუალებას დაუახლოვდეს ნატო-ს წევრობას.

მე ვერ დაგისახელებთ ზუსტ ვადებს, რადგანაც ეს მიღწეულ პროგრესზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ ის უკვე ვიხილეთ - სერიოზული პროგრესი და რეფორმები, რაც შეეხება საარჩევნო, პრესის თავისუფლების სფეროში რეფორმებს და რასაკვირველია, თავდაცვის სექტორის რეფორმებს".

ჟურნალისტის კითხვას, რა როლს თამაშობს რუსეთი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში, სტოლტენბერგმა ასე უპასუხა: ”ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის აღნიშნული წარმოადგენს ფუნდამენტურ უფლებას, რომ გააკეთოს არჩევანი, იყოს ალიანსის წევრი ან პირიქით. ეს გახლავთ დამოუკიდებელი ქვეყნის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. საქართველო გახდება ნატოს წევრი თუ არა, ეს არის ნატო-ს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტი და არც ერთ სხვა მხარეს არ გააჩნია აღნიშნულ პროცესში ჩარევის უფლება. ამას რეგულარულად ესმება ხაზი ნატო-ს მხრიდან. ნატო-ს კარი ღიაა. მრავალჯერ მოხდა აღნიშნულის დემონსტრირება, მიუხედავად რუსეთის პროტესტისა, რომ მას ნატო-ს გაფართოების აღნიშნული პროცესი არ მოსწონს".

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ბოლო ვიზიტის შემდეგ ნატო-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა და ახალ დონეზე ავიდა, როგორც უელსის, ისე ვარშავის სამიტებზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მიღებული.

”დღეს დაიწყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მეოთხე ვიზიტი საქართველოში. ეს ვიზიტი ალიანსის საქართველოსადმი პოლიტიკური მხარდაჭერის და პრაქტიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გზავნილი გახლავთ. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ნატო-ში და ალიანსში გაწევრიანების კურსს. მადლობა მინდა მოვახსენო ალიანსს საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ გამოჩენილი მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის".

მისივე თქმით, ერთ თვეში საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.

”მთავრობა მოწადინებულია არჩევნები საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული ნორმების და სტანდარტების თანახმად ჩაატაროს. მთავრობის ძალისხმევა მიმართულია მაქსიმალურად პლურალისტური, ღია, თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, სადაც მრავალ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ საკუთარი პროგრამა და გზავნილი მიაწოდონ ამომრჩეველს. 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი ქვეყანა გახდება. ჩვენი ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანი, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი რეალობად ვაქციოთ”.