"თავი მცხეთის პატრონი ჰგონია" – ვინ ემუქრება სასამართლოში ჩივილით დიმიტრი ხუნდაძეს - კვირის პალიტრა

"თავი მცხეთის პატრონი ჰგონია" – ვინ ემუქრება სასამართლოში ჩივილით დიმიტრი ხუნდაძეს

მცხეთის საკრებულოს წევრების შემდეგ, ამ რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეს პრეტენზიები ახალგორის საკრებულოს წევრებმაც წაუყენეს. "ჩვენთვის მიუღებელია მცხეთის საკრებულოს დეპუტატებისადმი დიმიტრი ხუნდაძის ცინიკური და თანამდებობისათვის შეუფერებელი დამოკიდებულობა. შეურაცმხყოფელი იყო ცილისწამება კორუფციულ გარიგებაში ცეზარ ჩოჩელთან", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12 წევრი აწერს ხელს.

თამაზ ბალაშვილი – ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარე: დიმიტრი ხუნდაძესთან ვერ ჩამოგვიყალიბდა ის კოლეგიალური ურთიერთობა, რომელიც უნდა ყოფილიყო თვითმმართველობასა და მაჟორიტარ დეპუტატს შორის. აქედან გამომდინარე საკრებულოს უმრავლესობამ მიიღო გადაწყეტილება და დააფიქსირა, რომ დამოუკიდებელ კანდიდატ ცეზარ ჩოჩელს უჭერს მხარს. ასევე, ცალსახად დააფიქსირა ისიც, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერია. სულ საკრებულოში 17 წევრი ვართ და 12-მა მხარი დაუჭირა აღნიშნულ განცხადებას, რომელიც სოციალურ ქსელში გავასაჯაროვეთ. კარგი იქნებოდა მეტი კომუნიკაცია, მეტი თანამშრომლობა და მეტი კოლეგიალობა ყოფილიყო ჩვენს მიმართ დიმიტრი ხუნდაძის მხრიდან.

ამ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე დიმიტრი ხუნდაძეს მცხეთის საკრებულოს წევრებიც გაემიჯნენ.

დავით ჯალაბაძე - მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი: დიმიტრი ხუნდაძეს გავემიჯნეთ იმის გამო, რომ მან კონფრონტაციის გზა აირჩია. ფაქტობრივად, მცხეთის რაიონში არაფერი კეთდება, ხორციელდება მხოლოდ ის პროექტები, რომელიც მთავრობის ან ადგილობრივი სახსრებით ფინანსდება. ჩვენ გვქონდა სურვილი დაგველაგებინა ურთიერთობა, მაგრამ დიმიტრი ხუნდაძემ არ ისურვა ჩვენთან ურთიერთობის მოგვარება. რამდენჯერმე ითხოვეს საკრებულოს წევრებმა მასთან შეხვედრა, თუმცა უშედეგოდ. ისე იქცეოდა, რომ ეტყობა გარკვეული კონფრონტაცია და ურთიერთობის დაძაბვა უფრო აწყობდა.

ხუნდაძესთან არ გამოგვივიდა ურთიერთობის დალაგება და მხარი დავუჭირეთ ჩოჩელს. ეს რომ განვაცხადეთ, დიმიტრი ხუნდაძემ ცილი დაგვწამა, რომ თითქოს ჩვენ ქრთამი ავიღეთ. ეს მარტო დეპუტატის შეურაცხყოფა არ არის - ჩვენს უკან დგანან ოჯახები, შვილები, ამომრჩევლები... მოვითხოვთ, რომ დიმიტრი ხუნდაძემ კონკრეტულად დაასახელოს, ვინ გაიყიდა ფულზე და რამდენი აიღო, თუ არა, მაშინ ბოდიში მოიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ სასამართლოს. სხვა სამართლებრივი გზა არ არსებობს.

- საკრებულოს ზოგიერთ წევრს თუ არ ვცდები, მცხეთის გამგებელთანაც ჰქონია პრეტენზია.

- გამგებელთან მე არ მაქვს დაძაბული ურთიერთობა, თუმცა მრჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს მაინც ზეწოლას განიცდის ხუნდაძის მხრიდან.

- ნეპოტიზმთან დაკავშირებითაც გამოითქვა პრეტენზიები ხუნდაძის მიმართ...

- ნეპოტიზმთან დაკავშირებით გეტყვით, რომ დიმიტრი ხუნდაძის ბიძა დანიშნეს საკრებულოს თავმჯდომარედ. მართალია, ეს თანამდებობა არჩევითია, მაგრამ არჩევა მოხდა ფაქტობრივად დანიშვნით, ძალადობით. ზოგადად, დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ვინც მის ჭკუაზე არ დადის და მის შეხედულებებს არ იზიარებს, მტერია. თავი მცხეთის პატრონი ჰქონია და ისე იქცევა, რომ სურს ყველაფერს თვითონ განაგებდეს. ასე არ შეიძლება.

ჩვენ დიმიტრი ხუნდაძესაც დავუკავშირდით

დიმიტრი ხუნდაძე: ორივე შემთხვევაში, ეს არის საკრებულოს შიდა საქმე და მე არ ვერევი მათ საქმიანობაში. ეს არის ჩემი კომენტარი.

ეკა სალაღაია