სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შსს-მ კიდევ სამი პირი დააკავა - კვირის პალიტრა

სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შსს-მ კიდევ სამი პირი დააკავა

2 სექტემბერს, დღის სამ საათზე, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე სროლა გაისმა - კაპიუშონიანი ახალგაზრდა მამაკაცი შავ ჯიპს მიუახლოვდა, ჯერ მძღოლის გვერდით მჯდომს ესროლა, შემდეგ კი მძღოლს დაახალა რამდენიმე ტყვია და გაიქცა. მოკლული სოსო ჯოხაძე აღმოჩნდა. ჯოხაძესთან ერთად მანქანაში ადვოკატი, 34 წლის ზაქარია ჩიბუხაშვილი იმყოფებოდა, ის გულმკერდის არეში დაიჭრა. ადვოკატს ოპერაციაც ჩაუტარდა.

სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ოპერატიულად დააკავეს - 35 წლის ბადრი ნათობაძე, მეტსახელად ბადუკა.

სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შსს-მ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.

შსს-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, სამი პირი: 1995 წელს დაბადებული ო.გ. - ზესტაფონში, 1991 წელს დაბადებული თ.შ. - თეთრწყაროში, ხოლო 1996 წელს დაბადებული ს.მ. თბილისში დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 2 სექტემბერს თბილისში, ვაკეში მომხდარი მკვლელობის დროს აღნიშნული პირები, მკვლელობაში ბრალდებულ ბ.ნ.-სთან ერთად, თ.შ.-ს კუთვნილ ავტომანქანაში იმყოფებოდნენ, მომხდარ ფაქტს შეესწრნენ და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინეს.

გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით).

იხილეთ ასევე: "ვაკეში მომხდარი მკვლელობის კვალი წინა ხელისუფლების ზონდერებთან მიდის"