”მარგველაშვილს ყველაზე დიდ შეცდომად ვთვლი" - კვირის პალიტრა

”მარგველაშვილს ყველაზე დიდ შეცდომად ვთვლი"

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონული მედიის ჟურნალისტებთან შეხვედრებს აგრძელებს. ივანიშვილი ამჟამად ზუგდიდს ესტუმრა.

ექსპრემიერის განცხადებით, ის პოლიტიკიდან ღირსეულად წავიდა.

”რასაც ეძახიან წასვლას, ისეთი წასვლა არ შედგება. პოლიტიკიდან მე წავედი და წავედი გახსნილად და გამოვაცხადე როგორ წავედი. მე ვარ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და არ ვაპირებ ქვეყნიდან წასვლას, ამასთან აიგივებენ, ამის სურვილი აქვთ ოპონენტებს, რომ როგორმე იქნებ ქვეყნიდან წავიდე და დავაცადო ის ძველი ”ტაშ-ფანდურა”, რომ უნდათ დააბრუნონ. პოლიტიკიდან, ჩემი აზრით, ღირსეულად წავედი მიუხედავად იმ კითხვებისა, რომელსაც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ბევრი პოლიტიკოსი სვამს. ისე ღირსეულად წავედი, რომ შეიძლება მსოფლიო ისტორიაში ვერ ნახოთ".

მანვე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტზე. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი ”ჯერ კიდევ საკუთარ თავთან გარკვევის პროცესშია“ და ეს პრობლემა მან ვერ გაითვალისწინა”.

”მარგველაშვილს ყველაზე დიდ შეცდომად ვთვლი და მე ამისთვის ბოდიშიც მოვუხადე საზოგადოებას. არ მინახავს ჯერ ამ ასაკის კაცი დიამეტრალურად, თინეიჯერის დონეზე იცვლიდეს ხასიათს”.

ექს-პრემიერმა საქართველოს პრეზიდენტი, ”რესპუბლიკურ პარტიაზე” საუბრის კონტექსტშიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლის კრიტიკის გარეშე დატოვება, რომელმაც ამ გადაწყვეტილებით „თავისი თავი გაინულა“, არ შეიძლებოდა.

”რესპუბლიკელებს” არ აქვთ ინტელექტუალური რესურსი იმაზე მეტი, რომ სახელმწიფოზე იფიქრონ. მთელ რესურსს ახმარენ საკუთარ პარტიას. ამის მაგალითს ვიტყვი. როდესაც მარგველაშვილი გამოვიდა ოფისიდან და შევიდა სააკაშვილის სასახლეში, სანამ ტელევიზიით გამოვიდოდი, მანამდე მქონდა უსუფაშვილთან შეხვედრა და მას არგუმენტიც კი არ დარჩა, რომ კრიტიკის გარეშე არ შეიძლებოდა ამის ესე გაშვება, რადგან ეს კაცი უკანონოდ შევიდა ამ სასახლეში, იყენებს ექვსჯერ მეტ ტერიტორიას რაც ჭირდება და წელიწადში ხარჯავს დამატებით დაახლოებით 10 მილიონ ლარს მოსახლეობის ფულს. უსუფაშვილი გამოვიდა საჯაროდ და გააპრავა იმის გამო, რომ ის ეძებდა დამატებით რესურსს მარგველაშვილის სახით. როგორი რესურსი მიიღო კი ვნახეთ. ამით დათვური სამსახური გაუწიეს მარგველაშვილსაც და თავისი თავი გაინულა როგორც პოლიტიკოსმა. დავით ბერძენიშვილი, რომელიც არის ყველაზე გავლენიანი ფიგურა ამ პარტიაში, ამაყობდა იმით, რომ არ აკრიტიკებს მარგველაშვილს, რადგან არ უნდა დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი. ისინი მარგველაშვილის რესურსის გამოყენებას ცდილობდნენ, თუმცა მარგველაშვილს თვითონ ვერ გაურკვევია რა უნდა და მათაც ვერაფრით დაეხმარა, პირიქით - უკან მოუტრიალდათ”.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე მისი გუნდის სხვა წევრების მიმართ, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილისა დავით ნარმანიას მიმართ გაჩენილ კითხვებზეც ისაუბრა.

გაჩნდა კითხვები ღარიბაშვილზე, გააკეთა რეაქცია და დაცვის ნაცვლად ის კაცი წავიდა სამსახურიდან. აბსოლუტურად ღირსეულად წავიდა ღარიბაშვილი. რაც შეეხება ნარმანიას, ის მეთოდური, განათლებული კარგი მენეჯერია. შეადარეთ როგორ იმართებოდა წინა და ახლანდელი თბილისი?! მაგრამ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მაინც მოახერხა თემის აგორება და ნახეთ, როგორი ხალხი უკეთებს ოპონირებას ნარმანიას? ნატა ფერაძე სახეა ”ნაციონალური მოძრაობის”. ნარმანია არ არის უნაკლო, მაგრამ ზოგადად ის გუნდის მიერ დანერგილ სტანდარტებს იცავს”, - განაცხადა ივანიშვილმა.

”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრების ”ქართულ ოცნებაში” გამოჩენის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს ადამიანები არც სააკაშვილს და არც ”ქართულ ოცნებას” არ შეუქმნია.

”ეს ხალხი არც სააკაშვილს და არც ჩვენ არ შეგვიქმნია. ეს ადამიანები არიან წარმატებულები. ოქრიაშვილი ძალიან ნიჭიერი კაცია. რამდენჯერმე შევხვდი და მისგან ძალიან საინტერესო პოლიტიკური რჩევები მიმიღია, ასეთივეა ჩოჩელი. ეს ხალხი არიან ის წარმატებული ადამიანები, რომლებმაც თავისი ნიჭიერებით შექმნეს წარმატება და არა პარტიის დახმარებით. მათ როგორც კი მიეცათ საშუალება, მოძალადე ხელისუფლებას, ანუ ყოფილს ჩამოშორდნენ და დადგნენ სწორ ადგილზე”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ექს-პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელ გუნდს გიორგი კვირიკაშვილი და მისი გუნდი აკომპლექტებს და ის ამ პროცესებში არ ერევა.

”დღევანდელ გუნდს კვირიკაშვილი, კალაძე და კობახიძე აკომპლექტებენ. რამდენიმე მაჟორიტარზე ვურჩიე და მგონი ისიც მხოლოდ ერთი გაითვალისწინეს”.