"კეთილი სიტყვებისა და მოფერების გარდა, ნატო-სგან ჯერ ვერაფერს ვხედავთ" - კვირის პალიტრა

"კეთილი სიტყვებისა და მოფერების გარდა, ნატო-სგან ჯერ ვერაფერს ვხედავთ"

7-8 სექტემბერს ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობდა, საქართველოს სტუმრობდა. საბჭო, ნატოს წევრ სახელმწიფოთა ელჩებით, მუდმივი წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული. პრიორიტეტულ საკითხთა ჩამონათვალში იყო, საქართველოს წვლილი გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში, რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამოწვევები, შავი ზღვის რეგიონის გაძლიერების გეგმები და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების პერსპექტივები; დელეგაციის წევრებისა და საქართველოს მთავრობის წევრების შეხვედრის ერთ-ერთი სასაუბრო თემა იყო საქართველოს დემოკრატიულ განვითარება და მოახლოებული არჩევნებიც.

იხილეთ: "საქართველო გახდება ნატო-ს წევრი თუ არა, ეს არის ნატო-ს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტი"

ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე, kvirispalitra.ge ექსპერტს, გია ხუხაშვილის ესაუბრა:

- სტოლტენბერგის ჩამოსვლამდე, საქართველოს მიმართულებით ნატო-ს გააქტიურება, მხოლოდ იმით არ არის გამოწვეული, რომ ჩვენ სტრატეგიულად ვთანამშრომლობთ ამ ორგანიზაციასთან, - საქმე ის არის, რომ ნატო-ს ამ რეგიონში ახალი და ძალიან საინტერესო რისკები გაუჩნდა, ამ ეტაპზე კი, მისთვის ახალი პარტნიორების შენარჩუნება, ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, მისი ვიზიტი ძალზედ ლოგიკური იყო და დღეს გლობალურ პოლიტიკაში არსებულ პრობლემებს ნათლად პასუხობს. სხვა საკითხია, რომ კეთილი სიტყვებისა და მოფერების გარდა, ნატო-სგან ჯერ ვერაფერს ვხედავთ. ისევ და ისევ ღია კარის პოლიტიკა, დადებით ემოციებს კი არ იწვევს, უფრო გამაღიზიანებელია. ჯობია, ყველა ჩამოსვლაზე ამაზე არც ილაპარაკონ. გაცილებით უკეთესი იქნება, ისაუბრონ სიმართლეზე, რეალურ სირთულეებსა და პრობლემებზე.

- რაც შეეხება, თქვენს მიერ ნახსენებ, რეგიონში არსებულ ახალ საფრთხეებს, ალბათ იგულისხმეთ რუსეთ-თურქეთის ახალი ფურცლიდან დაწყებული მეგობრობა...

- დიახ, თუმცა არა მხოლოდ ეს, ზოგადად, რუსეთის მზარდი ამბიციები, რომლის ერთ-ერთი მყარი ბიძგი არის, რუსეთ-თურქეთის ახალი მოლაპარაკებები. ნატო-ს უახლოეს გეგმებში შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის ფორმირება შედიოდა, რაც ამ ახალ კონტექსტში, საკმაოდ პრობლემატური ხდება, - ამ რამდენიმე დღის წინაც იყო ინციდენტი, როდესაც რუსულმა თვითმფრინავებმა ამერიკული თვითმფრინავებს აიძულეს შავი ზღვის აკვატორია დაეტოვებინათ. ასე რომ, შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემაში საქართველოს თავისი, საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს და ამ მიმართულებით ნატო სიტუაციის სტაბილიზებას ცდილობს. თუ თურქეთმა და რუსეთმა ერთიანი პოლიტიკის გატარება დაიწყეს, ამ შემთხვევაში შავი ზღვის უსაფრთხოების ფორმირების საკითხი სერიოზული რისკების წინაშე აღმოჩნდება.

- რაც შეეხება საქართველოს საშინაო პოლიტიკას, - ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ქვეყნისთვის ხელისუფლებისა და არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის რაიმე მესიჯი იყო?

- არა მგონია, უბრალოდ ეს იყო მორიგი ტრაფარეტული ფრაზები, ნატო ამ შემთხვევაში საკუთარ პრობლემებზე უფრო ფიქრობს, ვიდრე ჩვენს პრობლემებზე. თუმცა, თუ არჩევნები არასტაბილურ გარემოში ჩატარდება, ეს მისთვისაც არ იქნება კომფორტული, მაგრამ ამავდროულად არც ის დაგვავიწყდეს, რომ თურქეთში დემოკრატიის თვალსაზრისით ძალიან მძიმე პროცესები მიმდინარეობს, ისინი ამაზე თვალს ხუჭავენ... ასე რომ, ერთი მხრივ, მათთვის დემოკრატიული ინტერესები მნიშვნელოვანია, მაგრამ საკუთარი ინტერესები გაცილებით მაღლა დგას. ნატო-ს შემადგენლობაში მყოფ ქვეყნებს თუ გადავხედავთ, ამის არაერთი მაგალითი არსებობს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)