ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე მოქალაქეები - გოგიტა უბილავა და ნუკრი პერტახია დააკავა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ამზადებდნენ ყალბ პლასტიკურ ბარათებს, რომლებზედაც სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, ჰაკერული გზით გადმოჰქონდათ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი პლასტიკური ბარათების მონაცემები და შემდგომში იყენებდნენ თბილისში არსებულ მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში სხვადასხვა ნივთების შესაძენად. შეძენილი პროდუქციის რეალიზაციის გზით კი იღებდნენ ფინანსურ სარგებელს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.