"ბიულეტენში სიის ბოლოს რომ დაგხვდებათ 41, თქვით „ფუი ეშმაკს“ - კვირის პალიტრა

"ბიულეტენში სიის ბოლოს რომ დაგხვდებათ 41, თქვით „ფუი ეშმაკს“

"სიის ბოლოს რომ დაგხვდებათ 41, თქვით „ფუი ეშმაკს“ და გადადით მის წინა ხაზზე 32-ის შემოსახაზად", - ასე მიმართა „ემსახურე საქართველოს“ ლიდერმა მურმან დუმბაძემ აჭარელ ამომრჩევლებს დღეს, პარტიული სიისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე.

მურმან დუმბაძის განცხადებით, ბიულეტენში ამომრჩეველს უამრავი პოლიტიკური პარტია დახვდება, რომელთაგან უმეტესობა „მიტმასნილია ბიძინა ივანიშვილთან“.

დუმბაძემ ამომრჩეველს ბიულეტენში ნომრის შემოხაზვის ინსტრუქცია შესთავაზა.

„როგორ უნდა აარჩიოს ამომრჩეველმა ნომერი? 32 ნომრის ნახვა ძალიან მარტივია, უამრავი პოლიტიკური პარტიაა ბიულეტენში წარმოდგენილი, უმეტესად მიტმასნილი და მოკავშირე ბიძინა ივანიშვილისა. სისულელეა, არ წაიკითხონ, არავის პროგრამა არ აქვს და არავის არ უბრძოლია. ვურჩევ ამომრჩეველს არ წაიკითხონ ბიულეტენი, ჩავიდნენ სიის ბოლოში, სადაც დახვდებათ 41. აქ უნდა თქვას „ფუი ეშმაკს“ და გადავიდეს მის წინ, სადაც დახვდება 32, შემოხაზოს და ჩააგდოს ბიულეტენი ყუთში. გარანტიას გაძლევთ, აჭარის მოსახლეობას სამ-ოთხ წელიწადში აჭარის ბიუჯეტი ექნება არა 300 მილიონი, როგორც დღეს გვიგდებს ხელისუფლება, არამედ ერთი მილიარდი ლარი“, - აღნიშნა მურმან დუმბაძემ.

„ემსახურე საქართველოს“ მხოლოდ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობს. პარტიის ლიდერები მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე აჭარის მოსახლეობას ავტონომიის უფლებების გაზრდას და ეკონომიკურ აღმავლობას ჰპირდება.

"ინტერპრესნიუსი"