ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრად კი ლევან დავითაშვილი დაინიშნა - კვირის პალიტრა

ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრად კი ლევან დავითაშვილი დაინიშნა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ არჩევნებში მონაწილეობის გამო თანამდებობები დღეს დატოვეს.

კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია. ერთ-ერთი ასეთი თანამდებობა მინისტრის თანამდებობაა.

კახა კალაძე პარტია ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მეორე ნომერია, ოთარ დანელია კი მარტვილისა და აბაშის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატია.

დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ახალი წევრები საზოგადოებას წარუდგინა. ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრად კი ლევან დავითაშვილი დაინიშნა.

"სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის მინისტრის პოსტებს ჩაიბარებენ ლევან დავითაშვილი და ილია ელოშვილი. მათ საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. ისინი დღემდე მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობდნენ... მოხარული ვარ, რომ პროფესიონალ და ღირსეულ ადამიანებს წარვადგენ ამ ორ ძალიან მნიშვნელოვან პოსტზე. მინდა ვუსურვო მათ წარმატებები და ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მინისტრებს, რომლებიც დღეს ჩაერთვნენ საარჩევნო პროცესში. ორივე მათგანს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, ისინი წარმატებით გაართმევენ თავს ამ ამოცანებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა ახალი მინისტრების წარდგენაზე.