"ავარიულად დავჯექით... სახლში რომ მივედი, ვნახე - თმა გათეთრებული მქონდა" - კვირის პალიტრა

"ავარიულად დავჯექით... სახლში რომ მივედი, ვნახე - თმა გათეთრებული მქონდა"

მაია ნადირაშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი ბორტგამცილებელი გახლავთ. სტიუარდესად მუშაობა 1989 წლის სექტემბერში დაიწყო და ავიაციაში 10 წელი გაატარა.

ბევრ სახიფათო სიტუაციაში მოხვედრილა, ბევრ ცნობილ ადამიანთან ერთად უმგზავრია. მასთან ინტრევიუ ჟურნლმა "გზამ" ჩაწერა, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

...

- მაშინ სტიუარდესებად ქართველი გოგონების მასობრივი მიღება პირველად გამოაცხადეს. 1989 წლამდე თითქმის სულ რუსები მუშაობდნენ.

...

10 წელი ვიმუშავე. შემდეგ მეორედ გავთხოვდი და მეუღლემ ფრენა ამიკრძალა, მიწაზე ჩამოვედი (იცინის)... ერთმანეთი თვითმფრინავში გავიცანით. 8 წელი ვხვდებოდით. 25 ოქტომბერს შეხვედრიდან 25 წელი გვისრულდება. ამ თარიღისთვის წინასწარ ვემზადებით.Uუკვე 17 წელია, ერთად ვცხოვრობთ.

- მუშაობა რა მიზეზით აგიკრძალათ?

- ქართველი მამაკაცების მენტალიტეტი ხომ იცით? კაცების 80-90% თავისად რომ დაგიგულებს, მერე ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს... სამსახურიდან სულ ტირილ-ტირილით წამოვედი. ძალიან განვიცადე... "ფეისბუკზე" თვითმფრინავთან გადაღებული ჩემი სურათები მიდევს, რადგან იქაურობის საშინელი ნოსტალგია მაქვს. სამსახური უზომოდ მიყვარდა... როცა ვსწავლობდი, ინსტრუქტორი გვეუბნებოდა, - ამ სამსახურში, მაქსიმუმ, 3 თვე თუ გაძელით, მერე აქედან წიხლის კვრითაც ვეღარ გაგაგდებთო. მართლა ასე იყო. თვითმფრინავებს ვკოცნიდით - ასეთი მანიაკური სიყვარული გვქონდა....

...

- მგზავრები ხშირად გეფლირტავებოდნენ?

- სწორედ თვითმფრინავში ფლირტის შემდეგ გავხდი ჩემი "კნიაზის" მეუღლე და აბა, როგორ (იცინის)?! თავი არ დამანება... ჩვენთან მომუშავე ბევრმა გოგომ მეორე ნახევარი სწორედ თვითმფრინავში გაიცნო და დაოჯახდა. "პერესტროიკის" მერე, ბევრი ამერიკაში გათხოვდა. ზოგი არ გათხოვდა, მაგრამ იქ ცხოვრობს, ასევე - საფრანგეთში, ინგლისში... მაგალითად, მომღერალი ანა ჯაკი საფრანგეთშია. შვილიც წაიყვანა. ანა ბრწყინვალე პიროვნება გახლავთ... მთელი მსოფლიოდან თავისთან ვინ აღარ მეპატიჟება, მაგრამ პარადოქსი ის არის, რომ თვითმფრინავში კი არა, ლიფტშიც ვეღარ ვჯდები - პრობლემები, შიში მაქვს...

- ასეთმა შიშმა როდის იჩინა თავი?

- 15 წლის წინ. სამსახურიდან ახალი წამოსული ვიყავი. შეიძლება, იმის ბრალია, რომ ვეგეტონევროზი დამემართა, რომელმაც ლოგინად ჩამაგდო. 1 თვე საერთოდ ვერ დავდიოდი. ნევროპათოლოგები ვერაფერს გახდნენ. მერე ჰომეოპათიური წამლებით ვიმკურნალე და 2 კვირაში ფეხზე დავდექი... 15 წელი ლიფტში მარტო ვერ ვჯდებოდი. 1 წელია, რაც ლიფტით მგზავრობა დავიწყე. თვითმფრინავში ნამდვილად ვერ ჩავჯდები. არადა, ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა...

- თვითმფრინავში შექმნილ სერიოზულ, სახიფათო სიტუაციებზე გვიამბეთ...

- ერთხელ თვითმფრინავში მცირე ხანძარიც იყო და ჩავაქრეთ... ერთხელ კი, შვებულების პერიოდში, ჩემი და კალინინგრადში უბილეთოდ, ე.წ. "ზაიჩიკად" წავიყვანე. მეც უფასოდ გავემგზავრე, რა თქმა უნდა. იქიდან ბალტიისპირეთში წავედით, იქაურობა მოვიარეთ, დავათვალიერეთ... ქალაქების თვალიერებით ისე გავერთეთ, რომ დამავიწყდა - კალინინგრადი სეზონური იყო და კალინინგრადი-თბილისის რეისი აღარ სრულდებოდა. ბაქოს ეკიპაჟი ვიპოვე, დაველაპარაკე და ბაქოში ჩავფრინდით. იქ ჩემი ეკიპაჟი ვიპოვე და რომ მოვფრინავდით, ეს სერიოზული შემთხვევა მაშინ მოხდა: ავარიული "პასადკა" გავაკეთეთ, თორემ ზღვაზე დასაჯდომად მივდიოდით. ჩაძინებული ვიყავი. რომ გამეღვიძა, ჩემი და მუხლებზე იყო დავარდნილი - ღმერთო, ორივე დას ერთად როგორ გვკლავო?!. პილოტები გადაფითრებულები იყვნენ - ზღვაზე "წავალთო"... რომ დავინახე, სახეზე ფერი არ ედოთ, ვიხუმრე, - ბიჭებო, რას ამბობთ? ცურვა არ ვიცი-მეთქი. მიპასუხეს, - ჩვენთან მსახიობობა არ გინდა. რა ცურვა, ქალო, გაგიჟდი შენო (იცინის)?! ავარიული დაჯდომა განვახორციელეთ. როცა მიწაზე სასწრაფო და სახანძრო სამსახურის უამრავი მანქანა დავინახე, სიტუაცია მაშინ გავაანალიზე. სახლში რომ მივედი, ვნახე - თმა გათეთრებული მქონდა...

...

- ალბათ, მუშაობისას თვითმფრინავში ცნობილ ადამიანებსაც შეხვედრიხართ...

- დიახ, მაგალითად - ლეონტიევი, გენადი ხაზანოვი, ვაიკულე... ჩემგან 3 მეტრის მანძილზე ვნახე მაიკლ ჯეკსონი. მაშინ მისი დიდი ფანი გახლდით. მოსკოვში რომ ჩავფრინდით, გვითხრეს - თქვენ გვერდით ჯეკსონის თვითმფრინავი დგას, თვითმფრინავიდან ჯერ არ ჩამოსულაო. გავვარდი. მომღერალს უამრავი ადამიანი ხვდებოდა. ტრაპამდე არ მიმიშვეს. თვითმფრინავის ცხვირთან ვიდექი. - მაიკლ-მეთქი! - იმხელა ხმაზე ვიყვირე, რომ ჯეკსონმა მომხედა. ხელი დავუქნიე, მანაც დამიქნია. მერე ვამბობდი, - ხალხო, მიშველეთ, ჯეკსონმა ხელი დამიქნია-მეთქი! დამცინოდნენ - ქალო, ხომ არ გაკოცა, რა იყო? ხელი დაგიქნიაო (იცინის)...

იხილეთ სრულად