"ეს ადამიანები წლების განმავლობაში ლევილის მამულს ისე ექცეოდნენ, როგორც პირად საკუთრებას" - ვინ ითხოვს ლევილში ოთახებს?! - კვირის პალიტრა

"ეს ადამიანები წლების განმავლობაში ლევილის მამულს ისე ექცეოდნენ, როგორც პირად საკუთრებას" - ვინ ითხოვს ლევილში ოთახებს?!

პარიზიდან, დაახლოებით 30 კილომეტრში, სენას დეპარტამენტში პატარა ლამაზი ფრანგული სოფელი - ლევილი მდებარეობს. მართალია, ის ახლომდებარე სოფლებისგან არაფრით განსხვავდება, თუმცა ქართველებისთვის ამ ადგილს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები უკავშირდება - ის ერთგვარ პოლიტიკური ემიგრაციის სიმბოლოსაც წარმოადგენს.

1922 წელს, საფრანგეთში დევნილობაში მყოფი მთავრობის მიერ სახელმწიფო სახსრებით შეძენილი ლევილი შატო "მორალური ანდერძის" მიხედვით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე უნდა დაბრუნებოდა. დამოუკიდებლობა კი, უკვე თითქმის მესამე ათეული წელია მოვიპოვეთ, თუმცა კონკრეტული შედეგი ამ დრომდე არ ჩანს - ბოლო რამდენიმე წელია ე.წ. მესაკუთრეები ლევილის გადაცემაზე პრინციპულ თანხმობას აცხადებენ, თუმცა რამდენჯერაც საქმე საქმეზე მიდგა, შეთანხების მიღწევა მაინც ვერ მოხერხდა. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე დაგვპირდა, რომ ლევილი საქართველოს მფლობელობაში სექტემბერში გადაეცემა, თუმცა საფრანგეთში ქართველ ლტოლვილთა სათვისტომო მოლაპარაკებების საეჭვოდ გასაიდუმლოებაზე მიანიშნებს. დეტალებზე "კვირის პალიტრასთან" საფრანგეთში ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს პრეზიდენტი ოთარ ზურაბიშვილი საუბრობს:

- პირადად ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით, საფრანგეთში ქართველთა სათვისტომო ლევილის "მესაკუთრეებთან" მოლაპარაკების პროცესიდან მოგვხსნეს. არადა, 1921 წლიდან საფრანგეთში ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი სწორედ ეს სათვისტომოა, მეტიც, ის საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენობის გარანტიას წარმოადგენს - 90 წელია ჯგუფი ამ იდეალებს ერთგულად ემსახურება.

- დიასპორის მინისტრისგან კონკრეტული განმარტება ვერ მოისმინეთ, რატომ არ ხართ ამ პროცესში ჩართული, როდესაც წლების განმავლობაში ლევილის დაბრუნების საკითხს პირადადაც ხელმძღვანელობდით?

- რა თქმა უნდა, როგორც სათვისტომოს პრეზიდენტმა, დიასპორის მინისტრს არაერთხელ განვუმარტე, რომ მოლაპარაკებისა და პროექტზე მუშაობის პროცესში სათვისტომოს ჩართულობა აუცილებელი გახლდათ. თუმცა კონკრეტული პასუხი მართლაც ამ დრომდე არ მიმიღია. მეტიც, ლევილის "მესაკუთრეებთან" ორი შეხვედრა ისე შედგა, რომ საზოგადოებისთვის არავის მიუწოდებია ინფორმაცია, რა ტიპის შეთანხმება შედგა სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის.

მოგესხენებათ, 1922 წელს, სახელმწიფოს რესურსით შეძენილი მიწა "მესაკუთრეებზე" მხოლოდ ფიქციურად გადაფორმდა და ტერიტორია დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე საქართველოს უნდა გადასცემოდა. დღეს კი სახელმწიფო მსჯელობს პროექტზე, რომელიც "ოჯახებმა" შეადგინეს - რატომ უნდა დაგვიყენონ მათ პირობები, როდესაც ისინი მხოლოდ იურიდიულად ფიქციურ წარმომადგენლებს წარმოადგენენ? მეტიც, ეს ადამიანები წლების განმავლობაში ლევილის მამულს ისე ექცეოდნენ, როგორც პირად საკუთრებას და ახლა კი, დიასპორის აზრის გათვალისწინების გარეშე ლევილის მამულის მომავალსაც წყვეტენ. მათი განმარტებით, დევნილობაში მყოფი მთავრობის წევრების შვილები, შვილიშვილები და ნათესავები არიან, თუმცა პოლიტიკური კუთვნილება მათ ლეგიტიმურობას სრულებითაც არ ანიჭებს - ის ადგილი, რომელიც უნდა გამხდარიყო მთელი პოლიტიკური ემიგრაციის სიმბოლო, ლამისაა ერთი ადამიანის მავზოლეუმად იქცეს! ვიმეორებ, დაუშვებელია, რომ ქართველი ერის ფულით შეძენილი მამულის მომავალს მხოლოდ კონკრეტული ოჯახები წყვეტენ.

- რა კონკრეტული პირობები ჩაიდო მოლაპარაკებისას - ლევილის მამული სახელმწიფოს არ უბრუნდება და მისი მართვის ბერკეტი მხოლოდ ე.წ. მესაკუთრეებს ექნებათ?

- შეთანხმების მიხედვით, ლევილი საქართველოს საკუთრებაში იქნება, თუმცა შოკისმომგვრელი პირობაა გათვალისწინებული დოკუმენტში, რომელიც დიაპოსრის სამინისტრომ ბოლოს გაასაჯაროვა - შეთახმების მიხედვით მომავალში, ამ "ოჯახებს" ლევილში ოთახები უნდა დაუტოვონ. ამის შემდეგ კიდევ რა პირობები გაითვალისწინა სახელმწიფომ, უცნობია. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო ფიქრობდეს, როგორ გამოიყენებს ლევილს საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის საფრანგეთსა და ევროპაში ან რა მიმართულებით იმუშავებენ ახალგაზრდებისა და მათი განათლებისთვის, პოლიტიკური და კულუტურული წინსვლისთვის, რეალურად პროექტი "ოთახების" შენარჩუნებისთვის ბრძოლას ემსახურება. თითქოს თავად "მესაკუთრეებიც" ხვდებიან, რომ ამ ხელისუფლებისგან ბევრის მიღებას შეძლებენ, ამიტომ მაქსიმალურად მათთვის სასურველ პირობებს აყენებენ! როგორც ჩანს, დანარჩენი დეტალი სწორედ იმას უკავშირდება, რომ სახელმწიფო საკუთარ ინტერესებს მაქსიმალურად თმობს. ალბათ, სწორედ ამ მიზეზით აღარ სურთ მოლაპარაკებებში ჩვენი ჩართვაც - არავინ იცის ხელისუფლება რას აწერს ხელს.

- და რატომ უნდა თმობდეს სახელმწიფო საკუთარ ინტერესებს - ეჭვი გაქვთ, რომ ლევილის "მესაკუთრეებს" მთავრობიდან ვინმე გაურიგდა?

- ჩემი ეჭვები მაქვს, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვილაპარაკებ. მანამდე კი, ვფიქრობ, მოლაპარაკების დაჩქარება არჩევნებს უკავშირდება - თუ ეს ხელისუფლება ლევილის დაბრუნებას მოახერხებს, ეს საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი სიახლე იქნება, თუმცა ამ პოლიტიკურ ინტერესს ევროპაში ჩვენი სიმბოლო და ერთ-ერთი წარმატების გასაღები არ უნდა შევწიროთ. ასეთი უმწიფარი პროექტი არ გამოადგება არც საქართველოს და არც ქართველების მომავალს.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)