"მთელი საათი ვაწვებოდი, არა გრცხვენია, რას ამბობ, ადექი, წამოდი-თქო" - ვის შესთავაზა ივანიშვილმა "ნაცმოძრაობის" დატოვება - კვირის პალიტრა

"მთელი საათი ვაწვებოდი, არა გრცხვენია, რას ამბობ, ადექი, წამოდი-თქო" - ვის შესთავაზა ივანიშვილმა "ნაცმოძრაობის" დატოვება

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან მომდევნო შეხვედრა იმერეთში გამართა. ქუთაისში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას ექსპრემიერმა კონკრეტულ პოლიტიკოსებზეც ილაპარაკა. ერთ-ერთი ასეთია პაატა ბურჭულაძე და მისი ახალი გაერთიანება.

”ამაზე ბუნებრივი გაერთიანება მე ვერც კი წარმომიდგენია, რომ არ დაგიმალოთ. რანაირად შეიძლება კუბლაშვილი და ვაშაძის გაერთიანება იყოს არაბუნებრივი და კაციტაძისაც. თუ თქვენ გახსოვთ, გამყრელიძემ პოლიტიკა მხოლოდ იმ ნიშნით დატოვა, რომ ლამის მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რომ ”ახალი მემარჯვენეები” იყვნენ ფსევდოოპოზიციური პარტია და ეს იყო ”ნაციონალური მოძრაობის” შემადგენელი ნაწილი. დღეს ასეთი ერთადერთი დარჩა ”ლეიბორისტული პარტია”. დანარჩენებიც - ქდმ ჩაიშალა, ნათელაშვილს არსად ჰქონდა წასასვლელი, იმიტომ, რომ მაგაზე უამრავი კომპრომატი აქვთ და დღესაც ამუშავებენ ”ნაცები”. კაციტაძე იყო ჩვეულებრივად ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი. მეტი ბუნებრივი გაერთიანება რა შეიძლებოდა ყოფილიყო. ასეთი ჩახლართული სიტუაციები და ასეთი ხელწერა გახლავთ სააკაშვილის. ის ყოველთვის ცდილობდა საზოგადოების მოტყუებას. მადლობა ღმერთს, რომ ეს კარგად გაირკვა”, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილთან დადის ოდესაში, ფოტოებიც გამოქვეყნდა.

გაიხსენეთ ბურჭულაძის პირველივე განცხადებები რომ მოვიდა. ნახეთ, სააკაშვილთან უკრაინაში რამდენჯერ ჩასულა, იქ დადის ძირითადად ეს კაცი. ფოტოები გამოქვეყნდა, ჩახუტებული სააკაშვილთან. მე სამი წელია ეს კაცი არ მინახავს. ნაწყენი ვიყავი იმიტომ, რომ თავის დროზე როცა ვთხოვე გვერდით დაგვიდექი, უამრავი ფული მოითხოვა და შეურაცხყოფილი იყო, უარი ვუთხარი. ამის შემდეგ 3 წლის განმავლობაში 60 წლისთავი სამჯერ გადაიხადა და არც ერთჯერ არ მივსულვარ. ბერძენიშვილს თუ არ წაუკითხვას ბურჭულაძის განცხადებები, წაიკითხოს, აბსოლუტურად თანხვედრაში იყო ”ნაციონალური მოძრაობის” განცხადებებთან. ნათელმხილველობას თუ არ დაიწყებენ ”რესპუბლიკელები და ახალ უბედურებას არ გადაეყრებიან და მიკითხაობას თავს დაანებენ, კარგი იქნება. ობიექტური საფუძველი არ გააჩნიათ”, - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის განცხადებით, მან დავით ბაქრაძეს ”ნაციონალური მოძრაობის” დატოვება შესთავაზა. ”ბაქრაძეზე ყველაზე მეტი მცდელობები მქონდა, რომ დატოვე და წამოდი-თქო. მეგონა უფრო მოწესრიგებული კაცი იყო. სტრასბურგში შევხვდი და მთელი საათი ვაწყვებოდი, არა გრცხვენია, რას ამბობ, ადექი, წამოდი-თქო”

ყოფილი პრემიერის თქმით, ”ქართული ოცნება” უალტერნატივოა, რაც ივანიშვილის შეფასებითვე, „სამწუხაროა“.

”პოლიტიკაში ჩემი მოსვლის დროს გუნდმა დავაფუძნეთ ევროპული სტანდარტები, რომ ეს არის გამჭვირვალე, ხალხის მომსახურე, არაკორუფციული გუნდი და ეს პრინციპები დაიცვეს. დღევანდელი ”ქართული ოცნება” ხარისხობრივად უკეთესია, ვიდრე ჩემს დროს იყო. ეს კაცი (გიორგი კვირიკაშვილი) გარწმუნებთ, რომ არ იბრძვის არაფრისთვის, არ იბრძოდა არასდროს, ყველაფერს ნაკლი ერთდერთი რაც აქვს, შეიძლება პატარა გადაცდომაზეც უარი თქვას სავარძელზე. ასეთი დამოკიდებულება აქვს, იმდენად წესიერი კაცია, რომ შეცდომა რომ იყოს მთავრობაში, რაღაც რომ მოხდეს, შეიძლება წავიდეს. არსად გაგვექცეს, დავუდარაჯდეთ კვირიკაშვილს”, - განაცხადა ექს-პრემიერმა და დასძინა, რომ გიორგი კვირიკაშვილის მსგავს მმართველს ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გაყიდა თუ არა რუსეთში ბიზნესი და აქვს თუ არა ბიზნესი საქართველოში, ივანიშვილმა ასე უპასუხა:

”დიდი ხანია რუსეთში ყველაფერი გავყიდე, რაც შეეხება საქართველოს, სამწუხაროდ, აქ ბიზნესი არ მაქვს. მაგრამ ჩემს ფულს მთლიანად საქართველოს ვახმარ. ეს რამდენჯერმე მითქვამს და ჟურნალისტები ყურადღებას არასდროს აქცევენ, ჩემი ხარჯების 98-99% ბოლო 20 წლის განმავლობაში რასაც ვხარჯავ, იქიდან 2% თუ მიდის ჩემს საკუთარ ოჯახზე და საკუთარ მოხმარებაში. მინიმუმ 90%-ს ისევ საერთო ქვეყანას მოვახმარ. სამწუხაროდ, ბიზნესის სახით ეს ვერ მოვახერხე, მაგრამ საუნივერსიტეტო ქალაქი და სამეცნიერო ცენტრი მილიარდ დოლარამდე დაჯდება”.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ექსპრემიერმა ილაპარაკა, აზარტული თამაშები იყო. ბიძინა ივანიშვილი ეთანხმება იმას, რომ აზარტულ თამაშებზე არასრულწლოვნებისთვის მკაცრი შეზღუდვები უნდა დაწესდეს.

”მართალი, რომ გითხრათ, მე სიამოვნებით ავკრძალავდი, მაგრამ ესეც ეკონომიკაა და მკვეთრი დამოკიდებულება ამაზე თურმე არ შეიძლება. განსაკუთრებით, აჭარაში, ბათუმში, ამას სერიოზული პოზიცია უჭირავს, როგორც ბიზნესს და ქვეყნის განვითარებაში ამასაც თავისი ადგილი აქვს. სასტიკად უნდა გამკაცრდეს იქ არასრულწლოვნების მისვლა. არ დაგიმალავთ, მე ისიც კი მქონდა იდეად და გუშინაც ვსაუბრობდი ამ თემაზე (ვისთან ამას არ გავყვები), რომ იქნებ ის მოვახერხოთ, რომ ადგილობრივები არ შევუშვათ ამ კაზინოებში. ალბათ, ეს კანონმდებლობასთან შეუთავსებლობაში მოვა”, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ბევრი ტურისტი ჩამოდის და კაზინოების არსებობა ტურისტების დინებასაც უწყობს ხელს.

”ეს ფაქტია და ამას ვერ უარვყოფთ. აქვს თავისი წვლილი და როლი კაზინოებს. თუ რამეს კანონმდებლობაში მოვიფიქრებთ და მაქსიმალურად გავამკაცრებთ. უამრავი ოჯახი გაუბედურდა. მეც ვისი ეს რა არის. მე მახსოვს, როდესაც ერდოღანთან მქონდა შეხვედრა, პირველი ეს მთხოვა, იქნებ კაზინოები დახუროო. იქედანაც ჩამოსულებიც ძალიან ბევრი უბედურდება ამ კაზინოებში. მაგრამ რა ვქნათ, ბიზნესის სახეა ეს. ხალხს ეს უყვარს და მოსწონს. ტურიზმს ხელს უწყობს, შესაბამისად, კანონმდებლობას უნდა მივხედოთ. კატეგორიული კანონები უნდა შემოვიღოთ არასრულწლოვნებზე, უნდა დაუხურო და გააკოტრო პირდაპირ, ვინც არასრულწლოვანს შეუშვებს, დაარღვევს, პასპორტები უნდა მოსთხოვონ. ამ მხრივ კანონმდებლობები გავამკაცროთ, მაგრამ ბიზნესზე უარს ნუ ვიტყვით”, - განაცხადა ივანიშვილმა.