მარტვილის კანიონს გარემოს დაცვის მინისტრი ჟურნალისტებთან ერთად ესტუმრა - კვირის პალიტრა

მარტვილის კანიონს გარემოს დაცვის მინისტრი ჟურნალისტებთან ერთად ესტუმრა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებს მარტვილის კანიონში უმასპინძლა. მედიის წარმომადგენლებმა ადგილზე ახლად აშენებული ვიზიტორთა ცენტრი და საგამოფენო დარბაზი დაათვალიერეს.

ჟურნალისტები დადიანების ბილიკის გავლით ისტორიულ კიბეზე, გადასახედებზე და საბანაო „ოფუცხოლეზე“ იმყოფებოდნენ. ტურის ბოლოს მედიის წარმომადგენლებმა მინისტრთან ერთად ნავებით გაისეირნეს.

ჟურნალისტებს საშუალება გვქონდა ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას გავსაუბრებოდით. როგორც შემდეგ გავიგეთ, ადილობრივ მოსახლეობას მიეცა საშუალება შეექმნათ შპს "ოფუცხოი", სადაც 80-მდე ოჯახია დასაქმებული, ისინი უვლიან მარტვილის კანიონსა და მიმდებარე ტერიტორიას. შესაბამისად, მათ სტაბილური შემოსავალიც გაუჩნდათ.

როგორც გავიგეთ, მარტვილის კანიონზე რთული იყო უსაფრთხოების დაცვა, აუცილებელი იყო დაცული ტერიტორიის დასუფთავებაც, ახლა იქ დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობა ამ საკითხებს ადვილად უმკლავდება.

"ორი თვის განმავლობაში უკვე 2 000-მდე ვიზიტორი გვყავდა. სასიხარულოა ისიც, რომ ვიზოტორთა ნახევარი უცხოელია, ნახევარი კი ადგილობრივი, რაც ძალიან მახარებს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ადგილობრივი მოსახლეობის საშუალებით მოვახერხეთ და ეს ტერიტორია უკვე ყველასთვის საინტერესო გახდა. მსგავსი ტერიტორიების მოვლა დაგვეხმარება შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ" - განაცხადა ჩვენთან საუბარში გიგლა აგულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მარტვილის კანიონზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაფინანსებით 2016 წელს აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, მოეწყო ტურისტული ბილიკები და ნავმისადგომი. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე 1 223 907 ლარი დაიხარჯა. ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და არსებული ვითარების მოწესრიგების პროცესში მთავრობამ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები და კანიონის საწყალოსნო მონაკვეთზე ტურისტული სერვისის მართვის უფლება აუქციონზე გატანის ნაცვლად პირდაპირი წესით გადაეცა შპს „ოფუცხოის“, რომელშიც 80-მდე ადგილობრივი ოჯახია გაერთიანებული.

მარტვილის კანიონს 2 თვის განმავლობაში 40 000 ვიზიტორზე მეტი ესტუმრა.

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)