ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ როსტოსა და კურტანასთან პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას აფორმებს?! - კვირის პალიტრა

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ როსტოსა და კურტანასთან პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას აფორმებს?!

სპორტსმენი და ყოფილი ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი, იგივე როსტო და მსახიობი ლაშა კურტანიძე, იგივე კურტანა 2016 წლის 5 მაისს ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ემდემა" აღმოაჩნდათ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

7 მაისს, ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

20 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ. ლევან როსტოშვილი 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 150 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს მასთან ერთად დაკავებული ლაშა კურტანიძეც.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმება ფორმდებოდა, აღნიშნული დღევანდელ სასამართლო პროცესზე როსტოშვილისა და კურტანიძის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ განაცხადა. ამ მოტივით ადვოკატმა პროცესის გადადება იშუამდგომლა, რომელზეც მხარეებს შესავალი სიტყვა უნდა წარმოეთქვათ. მოსამართლემ ბრალდების შესავალი სიტყვა მოისმინა, რის შემდეგაც პროცესი 13 ოქტომბრამდე გადადო, რათა ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა პოზიციები შეაჯერონ ან არსებითი განხილვისთვის მოემზადონ.

როგორც ბრალდებულების ადვოკატმა, მალხაზ სალაყაიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საპროცესო შეთანხმების გაფორმების ინიციატივა პროკურატურისგან მოდის, რასაც ბრალდებულებიც დათანხმდნენ. მისივე თქმით, ამჟამად მოლაპარაკებები სასჯელის ვადაზე მიმდინარეობს, რადგან პროკურატურის შეთავაზება ამ ეტაპზე რეალური სასჯელია, დაცვის მხარე კი ბრალდებულებისთვის პირობითი მსჯავრის დაკისრებას ითხოვს.

თუმცა, მთავარი პროკურატურა როსტოშვილსა და კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე რაიმე მოლაპარაკებების წარმოებას უარყოფს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, ამ ეტაპზე საქმე არსებითად განიხილება და არანაირი მოლაპარაკებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს.