"ამ ფილმის ჩვენება, უფრო მეტ დანაშაულს გამოიწვევს, რადგან, თუ ვინმემ ჩაიკლა შურისძიების სურვილი, ახლა ეს მასში ისევ გაიღვიძებს" - კვირის პალიტრა

"ამ ფილმის ჩვენება, უფრო მეტ დანაშაულს გამოიწვევს, რადგან, თუ ვინმემ ჩაიკლა შურისძიების სურვილი, ახლა ეს მასში ისევ გაიღვიძებს"

"ლადო ბედუკაძე, რომელიც ამ წამების ერთ-ერთი ფიგურალური მონაწილე იყო, დღეს ისევ  დაუსჯელი გვევლინება"

"მერწმუნეთ, ბიძინა ივანიშვილის კარდაკარ სიარული ვერ უშველის ამას"

ბოლო დროს ქალაქის ქუჩებში, დღისით, მზისით, სროლა ისმის და არაერთი მკვლელობა მოხდა. მართალია, შინაგან საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ ყველაფერი წესრიგშია და კრიმინოგენური ვითარება კონტროლირებადია, მაგრამ ამას არ ეთანხმებიან ექსპერტები და საზოგადოების ერთი ნაწილი. უკვე ლაპარაკია საარჩევნოდ ვითარების უფრო დაძაბვაზე, ქვეყანაში ზონდერჯგუფებისა და კრიმინალური დაჯგუფებების გააქტიურებაზე. ნაწილი ხელს "ნაციონალური მოძრაობისკენ" იშვერს და ამბობს, რომ ისინი არეულობის მოსაწყობად გარკვეულ ჯგუფებს გამოიყენებენ. როგორც ამბობენ, ხელისუფლებასაც ჰყავს მომზადებული კუნთმაგარი ბიჭები. გიორგი მღებრიშვილმა გასულ კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა აღიკვეთება: "არ დავუშვებთ დესტაბილიზაციის მცდელობას. ძალადობის ნებისმიერი გამოვლენა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, რომელი მხრიდანაც უნდა მოდიოდეს ის. ჩვენ ვაგრძელებთ დაუნდობელ ბრძოლას სამართალდარღვევებსა და კრიმინალებთან. ეს არის ბრძოლა თქვენი და თქვენი ოჯახების უსაფრთხოებისთვის და ამ ბრძოლაში პოლიცია უკომპრომისო იქნება... თითქმის ყველა დანაშაული უმოკლეს დროში იხსნება, ცხელ კვალზე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია პრევენცია და აქ საზოგადოების განწყობას, მის თანამშრომლობასა და მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ გააზრებული არჩევანი - გვინდა პოტენციური დამნაშავეების ინსინუაციებზე დაქვემდებარება და მათი თამაშის პირობების მიღება, თუ ჩვენი პოლიციელებისთვის და შესაბამისად, უსაფრთხოებისთვის მხარდაჭერა".

იურისტი, ექსპერტი ლია მუხაშავრია კი ქვეყანაში არსებულ ვითარებას საგანგაშოს უწოდებს:

- თვალს ვადევნებ პარტიების პროგრამებს და სამწუხაროდ, არავინ ლაპარაკობს სამართლიანობის აღდგენაზე. არადა, ეს არის თავიდათავი იმისა, რამაც კრიმინალური ვითარება გააუარესა ქვეყანაში. სახელმწიფო თავის მთავარ ფუნქციას ვერ ასრულებს. როცა არ ხდება დარღვეული უფლების აღდგენა, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო არღვევს თავის ვალდებულებას, გამოიძიოს, დაადგინოს და დასაჯოს დამნაშავე.

პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმული პარტიები ამაზე აქცენტს არ აკეთებენ და ამ პრინციპის დარღვევამ ის განაპირობა, რომ ადამიანები პირად ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ. ისინი, ვინც უზარმაზარი ზარალი განიცადეს ადამიანური, ქონებრივი თუ სხვა ფორმით, იძულებული გახდნენ, თვითონ აღადგინონ თავიანთი დარღვეული უფლება. ეს ნიშნავს პირად შურისძიებას, ლინჩის წესით ანგარიშსწორებას, სისხლის აღებას... როგორც იცით, ხაინდრავას ფილმის ჩვენება დაიწყო. ის უბედურებები, რაც დატრიალდა, საზოგადოებას აღაშფოთებს, მაგრამ, იმავდროულად ჩნდება აზრი: დიახ, ეს ყველაფერი გადავიტანეთ, მაგრამ დამნაშავეები არ დასჯილან და რა დამრჩა, მე უნდა აღვადგინო სამართალიო. ამ ფილმის ჩვენება, ამ უბედურების განახლება, უფრო მეტ დანაშაულს გამოიწვევს, რადგან, თუ ვინმემ ჩაიკლა შურისძიების სურვილი, ახლა ისევ გამოეღვიძება და ეს აიძულებს, იარაღი აიღოს და დაიწყება ძალიან საშიში პროცესი სახელმწიფოსთვის, რაც მთავარია ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის. ეს გამოიწვევს უმართავ ვითარებას და თუ სახელმწიფო თავის ფუნქციას არ შეასრულებს, ხალხი ყოველთვის გამონახავენ ჩანაცვლების მეთოდს და საშუალებას.

- შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არა გვაქვს, რომ კრიმინოგენური ვითარება არ არის გართულებული და დანაშაულები ცხელ კვალზე იხსნება.

- მინისტრი ცდილობს, თვალში ნაცარი შეგვაყაროს. ძალიან არ მიხარია, ამას რომ ვამბობ და არ მინდა საზოგადეობა შევაშფოთო, მაგრამ თუკი ჩვენ პრობლემას არ გავუსწორებთ თვალს, ეს გაგრძელდება და საშიშ ხასიათს შეიძენს. ვერც მინისტრის განცხადება და ვერც პრემიერ-მინისტრი ვერ დაგვამშვიდებს. რაც უნდა მომხიბლავი სტატისტიკა წარმოგვიდგინონ, რეალობა სულ სხვაა. მინდა მივმართო ყველას, ვინც ჩართულია საარჩევნო კამპანიაში და ცდილობს, თავი მოგვაწონოს, თავიანთ დღის წესრიგში ერთ-ერთ პირველ საკითხად სამართლიანობის აღდგენა ჩასვან და კარგად გაიაზრონ ეს პრობლემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ არც ამ 4 წლის მანძილზე გვექნება სტაბილურობა.

- ჯოხაძის მკვლელობის შემდგომ გახშირდა ლაპარაკი ზონდერჯგუფებისა და კიდევ სხვადასხვა დაჯგუფების არსებობაზე. რამდენად რეალურია, პარტიებმა ისინი გამოიყენონ?

- როდესაც პოლიტიკურ პარტიებს არ ჰყოფნით საიმისო რესურსი, რომ სიტყვიერად დაარწმუნონ ადამიანები თავიანთ უპირატესობაში, ძალას იყენებენ. მგონი, ყველა ძალიან კარგად გრძნობს დღეს, მმართველი პოლიტიკური ძალაც და "ნაციონალური მოძრაობაც", რომ საზოგადოება მათ არ ენდობა, არ სჯერა და მათთვის ხმის მიცემას არ აპირებს. ამის საწინააღმდეგოდ მათ ერთადერთი რამ რჩებათ - ძალადობა ჰქონდეთ არსენალში. არ არის ჭორი, რომ ზონდერებისა და უკანონო დაჯგუფებები ყალიბდება. მათ წინასწარ იციან, რომ ხმებს ვერ მიიღებენ და შეიძლება საზოგადოებასთან დაპირისპირება დასჭირდეთ. ეს ძალიან საშიში პროცესია. ნახეთ, რამდენი ხნით ადრე ჩამოვიდა საერთაშორისო მისია, უკვე აკვირდება ვითარებას. გვესმის, ბევრი გაფრთხილება, ნატოს ჩათვლით, რომ არჩევნები დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს. კანდიდატებს ახვედრებენ ხალხს და ხალხი მას არ უჭერს მხარს. ამიტომაც ასე წარამარა ცვლიან კანდიდატებს, ცდილობენ, ახლა სხვა მოაწონონ მოსახლეობას, მაგრამ სახეები ვერ შეცვლის ვითარებას, თუ ფუნდამენტური ღირებულებები არ შეიცვალა. ასე იოლად ქართველ საზოგადოებას ვერ მოატყუებენ.

- ქუჩაში ჩვეულებრივ დადიან შეიარაღებული პირები და ერთმანეთს ესვრიან. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ ამდენი იარაღი არ იყოს ქუჩაში?

- ამდენი იარაღი რომ არის ქუჩაში, გასაკვირი არ არის. თუ ადამიანს მოუნდება იარაღის შეძენა, ეს პრობლემა არც არასოდეს ყოფილა. ირგვლივ კონფლიქტური რეგიონებია, ბოლოს და ბოლოს, იქიდან შემოიტანენ. ამ დღეებში ვაკეში სამი ახალგაზრდა დააკავეს. ისინი ამბობენ, რომ იარაღი ჩაუდეს. ჩვენდა სამწუხაროდ, "ნაციონალების" მეთოდებს ისევ იყენებს პოლიცია და ეს ლოგიკურია, რადგან ძალოვანი უწყებები სავსეა მაშინდელი კადრებით.

- დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ პოლიციელს დღემდე ეძებენ. რა შეცდომა დაუშვეს ძალოვნებმა?

- დიდი შეცდომა იყო, რომ თევზაძე მაშინვე არ დააკავეს. ასეთი ფაქტები ძირს უთხრის პოლიციის რეპუტაციას. დაუყოვნებლივ უნდა მოეხდინათ მისი იზოლაცია. დარწმუნებული ვარ, გააფრთხილეს და გაქცევის საშუალებაც მისცეს. პოლიციის უფროსის კომენტარებს მოისმენდით, აღშფოთებული იყო იმით, რომ ეს ფაქტი გახმაურდა. ეს შემთხვევა ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს პოლიციისთვის. ეს მეთოდები უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ფაქტები სხვაგანაც მოხდება და საზოგადოება არ მოითმენს ამას.

- თქვენი აზრით, საარჩევნოდ ეთერში ეს ფილმი არ უნდა გაეშვათ?

- ამ ფილმის დემონსტრირება წინასაარჩევნოდ უფრო საშიშია და არა მარტო "ნაცმოძრაობის" მიმართ გამოიწვევს ცუდ დამოკიდებულებას, არამედ საზოგადოებას "ქართული ოცნების" დანაშაულებსაც გაახსენებს. იურიდიული პარადოქსი და ძალიან მარტივი პოსტულატია - ერთმა ჩაიდინა დანაშაული და მეორემ ის დაფარა. დანაშაულის დაფარვა მძიმე დანაშაულია. წარმოიდგინეთ, ლადო ბედუკაძე, რომელიც ამ წამების ერთ-ერთი ფიგურალური მონაწილე იყო, დღეს ისევ გვევლინება დაუსჯელი და ტელევიზიაში თავისი რგოლებით გამოდის, რაც დაცინვა და საერთაშორისო ნაკისრი ვალდებულებების სრული უგულებელყოფაა. საზოგადოებამ კარგად იცის, რაც მოხდა. მერწმუნეთ, ბიძინა ივანიშვილის კარდაკარ სიარული ვერ უშველის ამას.

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)