დავით უსუფაშვილი: "2015 წელს ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობა შემომთავაზა" - კვირის პალიტრა

დავით უსუფაშვილი: "2015 წელს ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობა შემომთავაზა"

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა 2015 წლის აპრილში პრემიერ-მინისტრობა შესთავაზა.

შესაბამისი განცხადება უსუფაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სალომე ასათიანის გადაცემაში გააკეთა და განმარტა, რომ აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი თქვა.

„2015 აწლის აპრილში ასეთი რამ შემოგვთავაზა - მე მართლა დავიღალე, მართლა მინდა წასვლაო და გვითხრა: ვხედავ ჩემი პარტიიდან ბევრი არაფერი გამოდის, ვთვლი, რომ პრემიერ-მინისტრი შესაცვლელია, მაგრამ მე ვერ ვხედავ გუნდში ისეთს, ვისაც ამას ვანდობო. მე მითხრა, იქნებ დათანხმდე თუ გინდა დღესვე, თუ გინდა 6 თვეში, თუ გინდა არჩევნების შემდეგ და თქვენზე ავაწყოთ მომავალი სახელისუფლებო ცენტრი, ”რესპუბლიკურმა პარტიამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ ერთად წაიყვანეთ საქმეო. მე ვუთხარი, რომ ასეთი არ ხდება - არ ხდება რომ წარმატებული კომპანიის მენეჯერი სხვა კომპანიის მენეჯერად გადმოვიყვანოთ. პარტია „ქართულ ოცნებას“, მთავრობას და კოალიციას ვინმე „რესპუბლიკელი“, თუნდაც უსუფაშვილი ვერ გაუძღვება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს აღნიშნულის საპასუხოდ ორი ვარიანტი შესთავაზა.

„მე შევთავაზე ორი ვარიანტი და ერთ-ერთი აარჩიეთქო. პირველი: მე წამოვალ პარლამენტიდან, თუმცა მგონია, რომ კვირიკაშვილი უკეთესი პრემიერ-მინისტრია და მე შესაძლოა პარლამენტში ვიყავი უკეთესი, თუმცა ერთი პირობით, რომ თქვენც ბრუნდებით ღია და აქტიურ პოლიტიკაში, თუნდაც კოალიციის პოლიტსაბჭოს რიგითი წევრის როლში. ჩემი პირობა ეს იყო - მე ვერ შევძლებ ამ ტვირთვის ზიდვას, ისევ მივალთ იქ, სადაც ვართ ახლა, ამიტომ თქვენც გადმოდგით ნაბიჯითქო. ამაზე უარი მივიღეთ - ვარიანტი არაა, მე არ დავბრუნდებიო. მაშინ მეორე ვარიანტი ვუთხარით - კი ბატონო, თქვენ თქვენი გუნდიდან შეარჩიეთ პრემიერ-მინისტრი და იმ ორ ვარიანტში, რომელიც პირადად მე ვურჩიე, ერთ-ერთი ნამდვილად იყო გიორგი კვირიკაშვილი, თქვენ ჩაატარეთ რეფორმა თქვენს პარტიაში, თქვენ გააუმჯობესეთ თქვენი პარტია და ჩვენ დავრჩებით იქ, სადაც ვართ - ვიქნებით თქვენი პარტნიორებითქო“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.