30 მეტრი სიგრძის გვირაბი, "ქურდული ბომონდი" და 129 პატიმრის ერთდროული გაქცევა - კვირის პალიტრა

30 მეტრი სიგრძის გვირაბი, "ქურდული ბომონდი" და 129 პატიმრის ერთდროული გაქცევა

დიდი გაქცევები ქართული ციხეებიდან

პატიმრების მეგობრებმა იცოდნენ მათი განზრახვა და ხვრელის ბოლოს ავტომანქანით ელოდებოდნენ. სამართალდამცავებს გაქცეულები სამეგრელოში ეგულებოდათ, სინამდვილეში კი ისინი რაჭაში იმყოფებოდნენ. გაქცეული პატიმრები 2004 წლამდე იძებნებოდნენ.

31 აგვისტოს პატიმარი ოთარ ვარამაშვილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან გაიქცა. ის სასჯელს ქურდობისა და ყაჩაღობის ბრალდებით სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებაში იხდიდა. დააკავეს საბადრაგო სამსახურის ცვლის უფროსი და ის თანამშრომლები, რომელთაც პატიმრის ეტაპირება ევალებოდათ. ვარამაშვილი უკვე იპოვეს და ციხეშიც დააბრუნეს, თუმცა გადავწყვიტეთ გავიხსენოთ ქართული ციხეებიდან ყველაზე დიდი გაქცევები.

გურამ აბსანძე 2000 წლის სექტემბრის ბოლოს ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან ("რესბალნიციდან") ლოთი ქობალია, გურამ აბსანძე და სხვა პატიმრები (რომელთაც ბრალი ედებოდათ 9 თებერვალს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობაში) გაიქცნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათთან ერთად დრო იხელთეს მკვლელებმა და ყაჩაღებმა (სულ 12 პატიმარი გაიქცა), ზოგიერთ მათგანს განაჩენი უკვე გამოტანილი ჰქონდა, ზოგის სასამართლო კი ის-ის იყო, მიმდინარეობდა. ოფიციალური ცნობის თანახმად, გურამ აბსანძემ (ეკონომიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი), ლოთი ქობალიასთან და ათ პატიმართან ერთად, 30 მეტრი სიგრძის გვირაბი გათხარა და ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაიქცა. პატიმრების მეგობრებმა იცოდნენ მათი განზრახვა და ხვრელის ბოლოს ავტომანქანით ელოდებოდნენ. სამართალდამცავებს გაქცეულები სამეგრელოში ეგულებოდათ, სინამდვილეში კი ისინი რაჭაში იმყოფებოდნენ. გაქცეული პატიმრები 2004 წლამდე იძებნებოდნენ.

2003 წლის 1-ელ ივლისს რუსთავის ციხიდან მკვლელობისთვის გასამართლებული 12 პატიმარი გაიქცა. გაქცევის დროს დაცვის ერთი თანამშრომელი დაშავდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პატიმრებს გაქცევაში ციხის ერთ-ერთი თანამშრომელი დაეხმარა. მანამდე, სამი დღით ადრე, 27 ივნისს ავჭალის ციხის რვა პატიმარმა მცველი განაიარაღა და გაიქცა.

იმჟამინდელმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ გაქცევების გახშირების მიზეზად პენიტენციარულ სისტემაში ნაჩქარევად გატარებული რეფორმები დაასახელა.

2003 წლის 10 სექტემბერს რუსთავის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან 129 პატიმარი გაიქცა. როგორც იმხანად ამბობდნენ, გაქცეულთა რაოდენობის გათვალისწინებით, ეს ფაქტი შესაძლო იყო გინესის რეკორდების წიგნშიც კი აღმოჩენილიყო. რუსთავის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გაქცეული 129 პატიმრიდან 38 საქართველოში განლაგებული რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა კუმისში დააკავეს.

იმავე წლის ივნისში იმავე კოლონიიდან 8 განსაკუთრებით საშიში დამნაშავე გაიქცა, რომელთაგან ოთხს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გავრცელდა ხმა, თითქოს გაქცეულთა შორის უმრავლესობა ყოფილი მხედრიონელი და პოლიციის თანამშრომელი იყო, რაც არ დადასტურდა - რუსთავის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში სასჯელს ე.წ. ქურდული "ბომონდი" იხდიდა.

2008 წლის 12 აგვისტოს დააკავეს სად-ის მე-9 დაწესებულებიდან გაქცეული პატიმრები, რომელთა შორის ბათუმელი 32 წლის ნუგზარ თაბაგარი იყო. მისი დაკავების შემდგომ, სასჯელ¬აღსრულების ადმინისტრაციამ დანაშაულის დაფარვის მიზნით ნუგზარ თაბაგარს მოსთხოვა, გაქცევის ორგანიზება თავის თავზე აეღო, რაზეც თაბაგარმა უარი განაცხადა. ამის შემდეგ გატეხის მიზნით მისი მუდმივი წამება დაიწყო.

2015 წლის 2 ოქტომბერს გულრიფშის რაიონში მდებარე დრანდის ციხიდან 27 პატიმარი გაიქცა, რომელთა შორის ორი ზუგდიდელი იყო. გაქცეულთა შორის იყვნენ სოხუმში მოქმედი ქურდული კლანის წევრები, რომლებიც სასჯელს დრანდის ციხეში იხდიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გაქცეული პატიმრები ქურდული სამყაროს წარმომადგენ¬ლებს უკავშირდებოდნენ, რომლებიც მათთვის იარაღის გადაცემას აპირებდნენ.