"სააკაშვილი ჩემს ინტრიგაზე წამოეგო და "ჭამა" ეს" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი ჩემს ინტრიგაზე წამოეგო და "ჭამა" ეს"

"ნიკა გვარამია თავად იყო მოსმენების სპეციალისტი"

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი რეგიონებში გრძელდება. ამჯერად ექსპრემიერი რაჭაში ჩავიდა, სადაც ამბროლაურში მოსახლეობასა და მედიას შეხვდა.

ივანიშვილი ბოლო პერიოდის მოვლენებსაც გამოეხმაურა, ერთ-ერთი ასეთი, გუშინ ინტერნეტში გავრცელებული პაატა ბურჭულაძისა და ნიკა გვარამიას აუდიოჩანაწერია. მისი თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ჩანაწერი თავად ნიკა გვარამიამ გაავრცელა.

”უკანონო მოსმენებზე ჩვენ ვთქვით უარი. დღესაც გულისტკივილით ვიხსენებ გელა ხვედელიძის შემთხვევას, რომელიც იყო ”ქართული ოცნების” შტაბის უფროსი. ჩანაწერი რომ გამოაქვეყნდა, მაგისთვის არ დავზოგეთ. ერთ-ერთი დიდი მონაპოვარი ახალი ხელისუფლების იყო ის, რომ უკანონო მოსმენები და მიყურადებები შეწყდა. ერთი შემთხვევა მაინც გაქვთ, რომ ხელისუფლებამ არასანქცირებული მოსმენა და მიყურადება განახორციელა? ის, რომ ამის ყველაზე დიდი რესურსი აქვს უსაფრთხოების სამსახურს და ეჭვს იწვევს, კი ბატონო, მეც ვუერთდები ამას, მაგრამ ამას უნდა მტკიცებულებები”, - განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას მიერ მოსმენებში დადანაშაულებას, ის თავად სპეციალისტი იყო მოსმენების და კადრები რომ კეთდებოდა, მთავარი პროკურორის მოადგილე გახლდათ. დღეს საიდან მოხვდა ტელევიზიის დირექტორად და რატომ არის იქ, არავინ კითხვას არ აძლევს. დიდი ეჭვებია, რომ მანვე გაავრცელა ეს და მას შეეძლო ყველაზე იოლად ამის გაკეთება. მან აჩვენა, როგორ უჭირავს ხელში მთლიანად პარტია. იქ კარგად ჩანს დამოკიდებულება - გვარამია როგორი აღშფოთებულია და ლამის ტყავი გააძრო კაცს, პარტიის ლიდერს, ასეთი რამ როგორ გაბედეთო და ის როგორ იმართლებს თავს”.

ყოფილი პრემიერის განცხადებით, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” იცის, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ და ისინი ცდილობენ რევოლუციით რაიმე მოახდინონ.

”კუთხეში არიან შეყრილები. ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით, ლეგიტიმურად არავითარი შანსი არ აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის. 46 კაცი ყავდათ პარლამენტში და ახლა მათთვის კარგი შედეგი 10 კაცია. შესაბამისად, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. უარესი შედეგი შეიძლება ისიც იყოს, რომ პარლამენტში ვერ შევიდნენ. ერთადერთი რაზეც შეიძლება აქცენტი გააკეთონ, ეს არის ძალადობა, რომ რაიმე რევოლუცია მოახდინონ. ის კაცი უკრაინიდან გამოდის და დაუფარავად გვმოძღვრავს. თავისუფალი ტელევიზიის ”რუსთავი 2-ის” დირექტორიც ნახეთ რა დღეშია და როგორ დაუფარავ განცხადებებს აკეთებს. შესაბამისად, ცდუნება აქვთ ძალიან დიდი, მაგრამ რესურსი არ გააჩნიათ. პროვოკაციები იქნება, მაგრამ იქნება მინი, პატარა პროვოკაციები”.

მისივე თქმით, ”ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი თავის ინტრიგაზე რამდენჯერმა წამოაგო. ამის მაგალითად ივანიშვილი 2012 წელს, ”ნაციონალური მოძრაობის” და ”ქართული ოცნების” თბილისის აქციების წინ განვითარებულ მოვლენები დაასახელა.

”მე ვახერხებდი მათ ინტრიგებზე წამოგებას. ვიცოდი, რომ მისმენდნენ. ჩვენ დიდ აქციებს ვატარებდით. თბილისის აქციის წინ ტელეფონში სპეციალურად მასიურად ვსაუბრობდი თუ როგორი ბრიყვები არიან ”ნაციონალები”, რადგან ასეთი დიდი აქციები რომ დაეწყოთ, ჩვენ ასეთ შედეგს ვერ მივიღებდით-მეთქი. "ჭამა" ეს სააკაშვილმა და დაიწყეს თბილისში მომზადება ამისთვის. 80 000 კაცი მთელი დღე აგროვეს და ძლივს შეაგროვეს. ”დინამოს” სტადიონზე, 11:00 საათზე დანიშნული მიტინგი გადადეს 5-ჯერ. ადრე მიყვანილი ხალხი დაიღალა და გინება დაიწყეს, იმათ ცალკე ვერ აჩერებდნენ. მოკლედ, ვერ გაავსეს 80 ათასიანი სტადიონი. რამდენიმე დღეში ჩვენ გვქონდა აქცია. ამდენი ხალხი თბილისს ერთად არ უნახავს. მე ვფიქრობ, 700 000 ადამიანი იყო აქციაზე”.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით