თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი "სილიკონ ველი თბილისი" გაიხსნა - კვირის პალიტრა

თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი "სილიკონ ველი თბილისი" გაიხსნა

თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი "სილიკონ ველი თბილისი" გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის, ბიზნეს პალატისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

იხილეთ ვიდეო

საქართველოში განხორციელებული მრავალმილიონიანი პროექტი - "სილიკონ ველი თბილისი" IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში აერთიანებს. "სილიკონ ველი თბილისი" ბაგებში, ჭავჭავაძის გამზირზე ნომერ 82-შია განთავსებული.

"სილიკონ ველი თბილისში" მომავალ ქართველ დეველოპერებს, პროგრამულ ინჟინრებს და მეწარმეებს საკუთარი ბიზნეს იდეების მეტად და სრულყოფილად განვითარება, ტექნოლოგიური უნარების გაღრმავება და შესაძლებლობების გაფართოება შეეძლებათ. პროექტის ფარგლებში ასევე განთავსდება წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისა და ბრენდების ოფისები, სტუდენტური კამპუსები, საზაფხულო სკოლა ბავშვებისთვის თავისი სპორტული მოედნებითა და საცურაო აუზებით. პროექტი მოიცავს ყველა იმ ეტაპს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რათა საქართველომ თანდათანობით დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ტექნოლოგიების ექსპორტიორმა ქვეყანამ.

მაღალტექნოლოგიურ სპეციალისტებსა და პროგრამულ ინჟინრებს მოამზადებს "სილიკონ ველი თბილისში" მდებარე IT აკადემია, სადაც ქართველ სტუდენტებს გამოცდილებას ისრაელელი სპეციალისტები გაუზიარებენ, რადგან მაღალი ტექნოლოგიების სექტორში და სტარტაპების განვითარებაში სწორედ ისრაელია ერთ-ერთ წამყვანი ქვეყანა, რომელმაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ მხრივ უდიდეს პროგრესს მიაღწია.

აკადემიაში ასევე იქნება გადამზადების ცენტრი, სადაც ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, მოხდება კადრების მომზადება კომპანიებისთვის. სწავლის პირველ საფეხურზე ყოველდღიურად, 10 საათის განმავლობაში აკადემიის სტუდენტებისთვის განათლების მიღება და მათი დატრენინგება მოხდება. მეორე ეტაპზე ისინი განავითარებენ თავიანთ შესაძლებლობას, მესამე საფეხურზე კი საკუთარ ბიზნეს იდეების განხორციელებაზე იმუშავებენ.

ტერმინი "სილიკონის ველი" კალიფორნიელ მეწარმე რალფ ვაერსტს ეკუთვნის. მისმა მეგობარმა ჟურნალისტმა დონ ჰოფლერმა 1971 წლის 11 იანვარს Silicon Valey USA უწოდა სტატიების სერიას ყოველკვირეულ Electronic News-ში. სტატიებში ჰოფლერი მკითხველს უყვებოდა სან ფრანცისკოს სამხრეთით მდებარე სანტა კლარას შესახებ, სადაც მსხვილი ამერიკული IT კომპანიების შტაბ-ბინები იყო თავმოყრილი. დღეს სან-ფრანცისკოს ყურის ზონაში, 386 ათასზე მეტი მაღალკვალიფიციური კადრი მუშაობს, რაც "სილიკონ ველს" უფლებას აძლევს აშშ-ში უმსხვილეს ტექნოლოგიურ ცენტრად იწოდებოდეს. "სილიკონ ველის" შემოსავალი აშშ-ის მასშტაბით ანალოგიურ მაჩვენებელს ბევრად აღემატება.