"ჩემთვის ფეხების მოჭრასაც ფიქრობდნენ" - 13 დღე კომაში - კვირის პალიტრა

"ჩემთვის ფეხების მოჭრასაც ფიქრობდნენ" - 13 დღე კომაში

"კომედი შოუს" მსახიობს - გიორგი გოცირიძეს რამდენიმე თვის წინ ავტომობილი დაეჯახა და მძიმედ დაშავდა. 13 დღის განმავლობაში, გიორგი კომაში იყო. მისი გადარჩენის მცირე შანსი არსებობდა. საბედნიეროდ, გიორგიმ რთული სიტუაციიდან გამოსვლა მოახერხა და სამსახურსაც მალევე დაუბრუნდა. მასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა ჟურნალმა "გზამ", რომლიდანაც გთავაზობთ ამონარიდებს:

- ბევრად უკეთესად ვარ. გუშინწინ პირველად დამაყენეს ფეხზე. ყავარჯნების დახმარებით, ნელ-ნელა სიარულს ვცდილობ. ჯერ ძალიან მიჭირს, 2 კაცის დახმარება მჭირდება. სიარულს ალბათ თავიდან ვისწავლი და ძველებურად, ფორმაში ჩავდგები.

- რა თქმა უნდა! გვითხარი, იმ ღამით რა მოხდა...

- 4 თვის წინ, 27 აპრილს, ღამის 11 საათი იყო, როცა ბელიაშვილის ქუჩაზე მანქანა დამეჯახა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ის დღე არ მახსოვს. მგონი - უფრო საბედნიეროდ... კიდევ კარგი, რომ საავადმყოფოსთან ახლოს ვიყავი. ჩემი გადარჩენის შანსი 3% იყო, მაგრამ ექიმებმა შეძლეს და "გამოვძვერი". ძალიან მძიმედ გახლდით, მაგრამ გადავრჩი.

- ავარია შენი დაბნეულობით მოხდა თუ მძღოლის?

- არ ვიცი. ვნახოთ, გამოძიება რას იტყვის. წესით, ჩემი ბრალი არ უნდა ყოფილიყო: თითქმის გადასული ვიყავი გზაზე, როცა დამეჯახა. ეს შემთხვევა ვიდეოკამერებმა დააფიქსირა. ერთი სული მაქვს, როდის მაჩვენებენ. მითხრეს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, ვერ გაჩვენებთო, მე კი ნახვა მინდა, რომ ზუსტად გავიგო, რა და როგორ იყო, რადგან საერთოდ არაფერი მახსოვს. ზოგი ისე მეუბნება, ზოგი - ასე... მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ გაქცეულა. "სასწრაფოც" მან გამოიძახა. არ დაუკავებიათ, რადგან არ ვუჩივლე. ჯერ ისევ გამოძიება მიმდინარეობს და არ ვიცი, როდის დასრულდება.

- იმ შემთხვევის შემდეგ, როცა გონს მოხვედი, პირველი რა გახსოვს?

- იმ ღამიდან მე-13 დღის მერე, პირველად თვალი რომ გავახილე, რეანიმაციაში ვიყავი - დიდი პალატა დავინახე, ყველა სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული. ვიკითხე, - რა მოხდა, სად ვარ-მეთქი? როცა გავიგე, რომ ავარიაში მოვყევი და მე-13 დღე იყო, რაც იქ ვიყავი, ლამის გავგიჟდი! თურმე, ლოგინიდან გადმოვმხტარვარ, ნაკერები მომიგლეჯია. მერე ისევ დამაძინეს, დამაბეს... ფეხებზე ვერ ვიყურებოდი, ისეთი შეშუპებული ვიყავი და საერთოდ ვერ ვტრიალდებოდი.

- როცა კომადან გამოხვედი, იმედი თავიდანვე არსებობდა, რომ სიარულს ისევ შეძლებდი?

- არა. სიარულის კი არა, გადარჩენის იმედი არ იყო. თავდაპირველად, ჩემთვის ფეხების მოჭრასაც ფიქრობდნენ, რადგან მუცლის ღრუ და თავი ისეთ მდგომარეობაში მქონდა, რომ ფეხები, ასე ვთქვათ, არ აინტერესებდათ - მთავარი გადარჩენა იყო.

წაიკითხეთ სრულად ჟურნალ "გზის" 15 სექტემბრის ნომერში