"სააკაშვილის განკარგულებით, ბატონ ზურაბიშვილს ჰქონდა უფლებამოსილება, მოლაპარაკებები ეწარმოებინა ლევილის დასაბრუნებლად" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის განკარგულებით, ბატონ ზურაბიშვილს ჰქონდა უფლებამოსილება, მოლაპარაკებები ეწარმოებინა ლევილის დასაბრუნებლად"

"ბოლო რამდენიმე წელია ე.წ. მესაკუთრეები ლევილის გადაცემაზე პრინციპულ თანხმობას აცხადებენ, თუმცა რამდენჯერაც საქმე საქმეზე მიდგა, შეთანხების მიღწევა მაინც ვერ მოხერხდა. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე დაგვპირდა, რომ ლევილი საქართველოს მფლობელობაში სექტემბერში გადაეცემა, თუმცა kvirispalitra.ge -სთან ინტერვიუში საფრანგეთში ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს პრეზიდენტმა ოთარ ზურაბიშვილმა მოლაპარაკებების საეჭვოდ გასაიდუმლოებაზე მიანიშნა.

(იხილეთ ინტერვიუ: "ეს ადამიანები წლების განმავლობაში ლევილის მამულს ისე ექცეოდნენ, როგორც პირად საკუთრებას" - ვინ ითხოვს ლევილში ოთახებს?!

რა ეტაპზეა ლევილის მამულთან დაკავშირებით მოლაპარაკებები და რატომ არ ჩართო ხელისუფლებამ მოლაპარაკებებში საფრანგეთის ქართული სათვისტომო? -  გვესაუბრება დიასპორისნ საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე:

- ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. საქართველოს ხელისუფლებამ და ლევილის მამულის დაბრუნების პარიტეტულმა კომისიამ, რომელშიც ჩემს გარდა შედიან ქალბატონი თეა წულუკიანი და გოჩა ჯავახიშვილი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში, მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ მრავალი თანამიმდევრული ნაბიჯის შედეგად ლევილის მამულის საქართველოსათვის დაბრუნების პროცესი ფინალურ ფაზაში შესულიყო. დაფინანსდა და განხორციელდა მამულის დიაგნოსტიკა; გამოცემული იქნა 2 სპეციალური სამთავრობო განკარგულება ლევილის მამულის რეაბილიტაციისა და რეკუნსტრუქციის შესახებ, რის თანახმადაც მამულის საქართველოსათვის გადმოცემის შემდეგ ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოიყოფა 5 600 000 ევრო, რომელიც მოხმარდება ლევილის შატოს მამულის რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის ათწლიან პროექტს. ჩვენ ველით, რომ ლევილის მამულის გადმოცემის 25 წლიანი პროცესი ღირსეულად და წარმატებით დასრულდება უახლოეს პერიოდში.

მამულის მემკვიდრეთა მოთხოვნების ნუსხა არის საკმაოდ ვრცელი. უმთავრესი მოთხოვნა იმ ოჯახებისა, ვის სახელზეც გაფორმებულია მამული და ვინც თავისი ხელმოწერით უნდა დაადასტუროს მისი საქართველოსათვის გადმოცემა, იყო ლევილის მამულისათვის ისტორიული პროფილის შენარჩუნება და მის ტერიტორიაზე ქართულ-ფრანგული კულტუროლოგიური კერის მოწყობა. უამრავი სხვა მოთხოვნა, ძირითადად, უკავშირდებოდა მამულის შემდგომ საქმიანობას: მამულის სამართლებრივ მფლობელთა მემკვიდრეების მოთხოვნით, ამ საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად უნდა ქცეულიყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის იმ უამრავი გმირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის კვლევა, რომელთა დიდი ნაწილი ლევილის სასაფლაოზე განისვენებს, მათი დამსახურებისა და სახელის უკვდავყოფა; ასევე - სამუზეუმო სივრცის მოწყობა და სამეცნიერო პროცესის წარმართვა საქართველოს ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი პერიოდის შესასწავლად.

- რატომ არ საჯაროვდება მოლაპარაკების დეტალები და რატომ არ არის ჩართული ამ პროცესში საფრანგეთის ქართული სათვისტომო?

- საკითხის ასე წარმოჩენა არამართებულია, ისევე, როგორც ამ კონტექსტში გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. იმ ოჯახების მოთხოვნით, რომლებიც, უშუალოდ არიან მამულის გადმოცემის აქტზე ხელმომწერნი, მოლაპარაკების პროცესი აკადემიურ სივრცეში მიმდინარეობდა. შედგა პარიტეტული კომისიის 10 სხდომა; პარალელურად, ჩვენ ვატარებდით შეხვედრებს საფრანგეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან, მათ შორის - საეკლესიო მრევლთან, სადაც ჩვენს თანამემამულეებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ მოლაპარაკების პროცესის შესახებ. გამომდინარე მისი აქტუალურობიდან, ინტერესი აღნიშნული საკითხისადმი მაღალი იყო არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ ყველა სხვა ქვეყნის ქართულ დიასპორაში. ჩვენ ყველა დაინტერესებულ პირს ღიად და საჯაროდ ვაცნობდით ინფორმაციას კომისიის საქმიანობის შესახებ. ამ პროცესის პარალელურად, მე, სულ მცირე, მქონდა 3 ღია საჯარო გამოსვლა საპარლამენტო კომიტეტის მოსმენებზე, სადაც ვრცლად ვისაუბრე ლევილის მამულის გადმოცემის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ბატონი ოთარ ზურაბიშვილის მისამართით, რომელმაც გარკვეული პრეტენზიები გამოთქვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მსურს, საგანგებოდ აღვნიშნო, რომ ამ დროის განმავლობაში მე მას შევხვდი რამდენჯერმე, დეტალურად მოვუყევი პროცესის შესახებ, ხოლო მის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თითქოს მე, სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, დავპირდი მას, რომ მივცემდი ამ, როგორც თავად უწოდებს, "დახურულ" შეხვედრებზე დასწრების უფლებას და სიტყვა არ შევასრულე, არ შეესაბამება სინამდვილეს. კიდევ ვიმეორებ: პროცესი არის აბსოლუტურად გახსნილი და საწინააღმდეგოზე აპელირება არის ილუზიის შექმნის მცდელობა, რისი გაქარწყლებაც ადვილად არის შესაძლებელი სამთავრობო განკარგულებებით, სადაც ღიად და საჯაროდ წერია ყველაფერი.

ლევილის ისტორიული მამულის საქართველოსათვის გადმოცემის ოცდახუთწლიანი პროცესის დასრულების ფაზაში ყოფნის ჟამს გამოხატულ პრეტენზიებთან დაკავშირებით შემიძლია, ერთი რამ განვაცხადო: სწორედ ახლა, როცა, ღვთის მადლით, ეს პროცესი წარმატებით სრულდება, ჩემთვის ცოტა გაუგებარია რამოდენიმე დღით ადრე იმ ადამიანების გააქტიურება, რომლებსაც შეეძლოთ, ეს აქტიურობა თვეების, წლების წინ გამოევლინათ პროცესის სასარგებლოდ. ჩემთვის გაუგებარია ბატონ ზურაბიშვილის პრეტენზიაც ამ პროცესის გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, 2008 წელს, ბატონი ზურაბიშვილი თავად იყო აღჭურვილი უფლებამოსილებით, მოლაპარაკებები ეწარმოებინა ლევილის მამულის დასაბრუნებლად. შესაბამისად, 3 წლის განმავლობაში, ვიდრე ეს უფლებამოსილება გადაეცემოდა მაშინდელ სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში, მას ჰქონდა შესაძლებლობა, ეწარმოებინა როგორც თავად აღნიშნავს - "სამართლიანი, ღია და გამჭირვალე პროცესი", რომელიც მაშინ, სამწუხაროდ, უშედეგოდ დამთავრდა. მესმის, რომ ეს არის წინასაარჩევნო პერიოდი და ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს პოლიტიკური ქულების მოპოვებას; მესმის, რომ კონკრეტული პარტიის წევრები ცდილობენ, მათ სასარგებლოდ გააქტიურონ პროცესები, მაგრამ ყველას მივმართავ თხოვნით: ლევილის მამულის დაბრუნების პროცესი არის ზეპარტიული მოვლენა; ეს არის ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ნაწარმოები ურთულესი პროცესი და  აუცილებელია, ყველამ კარგად აწონ-დაწონონ საკუთარი გამონათქვამები, რათა ხელი არ შეუშალონ ამ პროცესის საბოლოოდ დასრულებას.

აქვე მსურს აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც ლევილი დაუბრუნდება საქართველოს, როგორც მის კანონიერ მემკვიდრეს, ყველა ადამიანს ექნება საშუალება, მონაწილეობა მიიღოს ლევილის რეაბილიტაციის, კეთილმოწყობისა და შემდგომი განვითარების საქმეში. ეს არ არის რომელიმე განკარგულებით აკრძალული და არც რაიმე მექანიზმი არსებობს საამისოდ! კომისია, რომელიც შეიქმნება ამ პროცესის შემდგომი მართვის მიზნით, ითვალისწინებს დიასპორის 2 წარმომადგენლის მონაწილეობას მის შემადგენლობაში: იგულისხმევა კიდევ ერთი წარმომადგენელი გარდა მემკვიდრეთა ოჯახების წარმომადგენლისა. ბატონ ზურაბიშვილს შეუძლია, იაქტიუროს, გახდეს კომისიის ერთ-ერთი წევრი და მონაწილეობა მიიღოს ლევილის პროექტის შემდგომ განვითარებაში.

- და მაინც, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები "დაჩქარებულად", მმართველი პარტიისთვის საარჩევნოდ პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მიზნით, როგორც ამას სათვისტომოს წარმომადგენლები აცხადებენ?

- როგორც ყველასათვის ცნობილია, მამულის გადმოცემის პროცესი 25 წელია, მიმდინარეობს. არ მგონია, ამ კონტექსტში ტერმინი "დაჩქარებული" ადეკვატური იყოს არსებული ვითარებისა. 25 წელი უდიდესი პერიოდია, რომლის განმავლობაშიც ვერ მოხერხდა ამ საკითხთან დაკავშირებული თემატიკის თავმოყრა, კონკრეტულ პრობლემებზე კონცენტრირება, ნდობის ხარისხის დაფიქსრირება. დღესდღეობით, აკადემიური, თანამიმდევრული ქმედებებისა და სამთავრობო რესურსების მაქსიმალური მობილიზების შედეგად ეს

პროცესი დასასრულს უახლოვდება; ზოგიერთი ჩვენი თანამემამულის ბოლო დღეებში გააქტიურება ჩემში იწვევს დიდ ეჭვს მათი გულწრფელობის ხარისხთან დაკავშირებით. ყველას მოვუწოდებ, კარგად აწონ-დაწონონ საკუთარი დამოკიდებულება, ეძებონ ამ გააქტიურების რეალური მიზეზები და ეყოთ გონიერება, რათა ხელი არ შეუშალონ მამულის გადმოცემის პროცესის წარმატებით დასრულებას.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)