"კაჭარავას დაკავებით გაცილებით დიდი დანაშაული ჩაიფარცხა" - კრიმინალური პოლიციის ექსშეფი - მსხვერპლი თუ დამნაშავე?!
ქრთამის აღება თუ მიზანმიმართულად ჩაშლილი ოპერაცია?!
(ფოტოზე: გიორგი კაჭარავა)
14 სექტემებერს ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსი გიორგი კაჭარავა დააკავეს. პოლიციის მაღალჩინოსანი დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ბრალდებითაა დაკავებული. კაჭარავასთან ერთად დაკავებულია სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებელი ზურაბ ჭელიძე.
17 სექტემბერს სასამართლომ ბრალდებულების გიორგი კაჭარავას და ზურაბ ჭელიძის აღკვეთი ღონისძიების საკითხი განიხილა და პროკურატურის მოთხოვნით პატიმრობა შეუფარდა. წაყენებული ბრალი 11-დან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, მეტად საინტერესო დეტალები გახდა ცნობილი.
ბრალდებულის მტკიცებით, ის ნარკოდანაშაულის საგამოძიებო ოპერაციას ატარებდა, რომლის მიზანიც მსხვილ ნარკორეალიზატორებზე გასვლა და მათი დაკავება იყო, თუმცა საბოლოოდ გისოსებს მიღმა თვითონ აღმოჩნდა.
გამოძიების ინფორმაციით, გიორგი კაჭარავამ ნარკოტიკული საშუალების უაკანონოდ შეძენა -შენახვის ფაქტზე მოწმის სახით დაბარებულ მოქალაქეს უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის გარანტად, ასევე იმავე ბრალდებით დაკავებული მისი ახლობლისათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების უზრუნველსაყოფად გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.
როგორც ირკვევა, გიორგი კაჭარავას ბრალი უფრო მძიმეა, მას ნარკოტიკულ დანაშაულშიც ამხელენ, კერძოდ კაჭარავს აღმოაჩნდა ამფიტამინი და რაც ყევლაზე მნიშვნელოვანია, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის კაბინეტიდან ამოღებულია დიდძალი რაოდენობის ტყვია-წამალი, საბრძოლო მასალები და ასაფეთქებელი ნივთიერებები. გამოძიების მტკიცებით, კაჭარავა მთელ არსენალს თავის კაბინეტში უკანონოდ ინახავდა.
სხდომის მიმდინარეობისას, ამ საკითხზე კაჭარავას კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა როგორც მან, ასევე მისმა ადვოკატმა ვრცლად ილაპარაკეს იმ სქემაზე, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობდა საგამოძიებო ოპერაცია. თუმცა პროკურატურა სულ სხვას ამტკიცებს - ა.წ აგვისტოში ძალოვნებმა ქობულეთში დააკავეს ბესო უზნაძე და ჯემალ ჯინჭარაძე. ამ უკანასკნელს აღმოაჩნდა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება. გამოძიების მტკიცებით, ნარკოტიკული დანაშაულისთვის მხილებულ ჯინჭარაძესთან ერთად მანქანაში მყოფი უზნაძისთვის კაჭარავამ და ჭელიძემ თანხის გამოძალვა გადაწყვიტეს, კერძოდ, კაჭარავა ესაუბრა მას და თავიდან 2500 დოლარი გამოსძალეს. ამის შემდეგ დაპირდნენ, რომ ჯინჭარაძესთან გააფორმებდნენ საპროცესო შეთანხმებას და შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ ქრთამის სახით სთხოვდნენ 20 000 ლარს. 14 სექტემბერს ფაქტზე მოხდა ამ პირების აყვანა და ამ დროს ბესო უზნაძეს მათთვის მიჰქონდა 10 000 ლარი. გამოძიების მტკიცებით, მათ დანაშაულს ადასტურებს მოწმეების ჩვენებები, კონკრეტულად კი, ბესო უზნაძე ამხელს მათ დანაშაულში.
ამის შემდეგ სიტყვა მიეცათ ადვოკატებს. მათი განცხადებით, საქმეში ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ.
გიორგი კაჭარავას ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მოწმე ბესიკ უზნაძეზე, რომლის ჩვენების საფუძველზეა აყვანილი ეს 2 ადამიანი. ადვოკატის მტკიცებით, უზნაძე რამდენჯერმე ნასამართლევი პირია, არის ნარკომანი, მოთამაშე და ორმაგი აგენტი... ბრალდებულ კაჭარავას მტკიცებით, უზნაძე მასთან თანამშრომლობის გარდა, სუს-ის აგენტიც არის და სავარაუდოდ, მიზანმიმართულად "ჩაუშვა" კაჭარავა.
"ვითხოვ გათავისუფლდეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, მისი იზოლაციის შემთხვევაში ყველა ეს საქმე იქნება მიჩქმალული. სამწუხაროდ, პოლიცია ასე მუშაობს და დაკავების დღიდან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კაჭარავა ითხოვს თავის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას, მაგრამ დღემდე არ ისურვეს მასთან შეხვედრა", - განაცხადა ჭკადუამ.
ადვოკატის შემდეგ, სიტყვა დაეთმო ბრალდებულს. როგორც გიორგი კაჭარავამ განაცხადა, უზნაძემ ორმაგი თამაში ითამაშა. "ის არის მორფინისტი, ავადმყოფი, გაბოროტებეული ადამიანი... თავს არ ვგრძნობ დამნაშავედ, სულ დამნაშავეებს ვებრძოდი და არცერთ ბრალდებაში არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ".
ბრალდებული და მისი ადვოკატი ვითარებას ასე წარმოდგენენ: ბესო უზნაძე იყო აგენტი და მუშაობდა კაჭარავასთან ნარკოდანაშაულის კონკრეტულ საქმეზე, მისი მონაწილეობით დააკავეს ჯინჭარაძე ქობულეთში, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ნარკოვაჭრობაში. უზნაძის დახმარებით უნდა გასულიყვნენ კიდევ უფრო დიდი მასშტაბის ნარკორეალიზატორებზე, კერძოდ სახელდება, ვინმე ჯიბლაძე, რომელსაც ირმა ჭკადუას თქმით, სავარაუდოდ, მაღალჩინოსნები მფარველობენ. "კაჭარავას დაკავებით იზეიმა დამნაშავეთა სამყარომ, რადგან გაცილებით დიდი დანაშაული ჩაიფარცხა და უფრო დიდი ნარკორეალიზატორების დაკავება ვერ მოხერხდა", - განაცხადა ადვოკატმა.
მისივე ინფორმაციით, წლების წინ უზნაძე და ჯემალ ჯინჭარაძის მამა ერთად იხდიდნენ სასჯელს ციხეში, სწორედ იქ დაუახლოვდა უზნაძე ჯინჭარაძეებს. მამა შვილს გარკვეული კავშირების საშუალებით თურქეთიდან ამარაგებდა ნარკოტიკით, შვილი კი - საქართველოში ვაჭრობდა.
ბრალდებული კაჭარავას თქმით, იმისთვის, რომ ჯინჭარაძეების ნდობა კიდევ უფრო მეტად მოეპოვებინა უზნაძეს, გადაწყდა საპროცესოს თაობაზე მოლაპარაკების გამართვა და ეს იყო არა ქრთამის აღება, არამედ, საგამოძიებო ოპერაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესი.
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)