"დღეს მსოფლიო ერთ ხმაში მღერის, მძვინვარებს უსახური, უღიმღამო ხელოვნების გაფეტიშება" - დიდოსტატი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"დღეს მსოფლიო ერთ ხმაში მღერის, მძვინვარებს უსახური, უღიმღამო ხელოვნების გაფეტიშება" - დიდოსტატი გარდაიცვალა

"ამ წუთას დამირეკა, გურიაში, ომარ მხეიძემ და ძალზედ სამწუხარო ამბავი მაცნობა, რომ თურქეთში მკურნალობისას გარდაიცვალა დიდი ქართველი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი. ნათელი დაადგეს მის სულს"! - დაწერა სოციალურ ქსელში პოეტმა დავით შემოქმედელმა და ასე გაიგო საქართველომ ჩვენი დროის დიდი ხელოვანის მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალების ამბავი. მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ მისი ქანდაკებები ქვეყნის ცხოვრების განყოფელ ნაწილად იქცა, მათ შორის: რუსთაველი, დავით გურამიშვილი, გიორგი სააკაძე, დავით აღმაშენებელი, "მედეა", "მუზა", "კიდევაც დაიზრდებიან"…

ცნობილმა ფილოსოფოსმა, პროფესორმა მოისეი კოგანმაც კი აღიარა, რომ ქართველებს მერაბ ბერძენიშვილის სახით მსოფლიო ისტორიულ კულტურაში ერთ-ერთი დიდი მოქანდაკე-მონუმენტალისტი გვყავდა, თუმცა არაერთხელ ვატკინეთ გული, ჯერ იყო და დავით აღმაშენებლის ძეგლის თბილისის შემოსასვლელში გადატანამ კინაღამ მოინელა დიდოსტატი, შემდეგ კი ქუთაისში "გამარჯვების მემორიალის" ("ბოროტებაზე გამარჯვება") აფეთქებამ დიდი ტკივილი მიაყენა, მით უფრო, რომ ამ აფეთქებას დედა-შვილის სოცოცხლე ემსხვერპლა.

აი, რა განაცხადა მაშინ დიდოსტატმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან":

"ხელისუფლებამ მემორიალი დაანგრია. ხელისუფლებამ ჩაიდინა გაუგონარი ბოროტება. ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, რადგან წარმოჩნდა მისი სიბეცე და ქვის ხანის აზროვნება. არც კი იციან, რას ამსხვრევენ. არც ის იციან, ამ ძეგლ-მემორიალს რა მხატვრული ღირებულება გააჩნია და რა რეზონანსი ჰქონდა. არც იციან, რომ საკუთარ შვილებს ძალადობა და სისასტიკე შთააგონეს...

სიტყვა ეროვნულობა ბევრს ღიმილსა ჰგვრის, - არ ესმით და არა აქვთ გაცნობიერებული მისი მნიშვნელობა. ეს ის ხალხია, რომელთა წყალობით მიმბაძველობამ წალეკა ყველაფერი. დღეს მსოფლიო ერთ ხმაში მღერის, მძვინვარებს უსახური, უღიმღამო ხელოვნების გაფეტიშება, განსაკუთრებით ჩვენში. ეს მწარე შეცდომა წარმოჩნდება მაშინ, როცა ამერიკელი თუ იაპონელი მომღერლისგან "შევისწავლით" ხასანბეგურასა და "ჩაკრულოს", როგორც "უნიკალურს", უცხოეთიდან შემოტანილსა და ვაგლახ, აღარ გვეცოდინება, რომ ის ოდესღაც თავად გავაჩუქეთ".

"კვირის პალიტრა" წუხს დიდი მოქანდაკის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.