„ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს” - ვის გულისხმობს ივანიშვილი - კვირის პალიტრა

„ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს” - ვის გულისხმობს ივანიშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მთავრობაში ბევრი წარმატებული მინისტრია. მისივე თქმით, ამ გუნდმა დაამტკიცა თავისი წესიერება, აქვს გამოცდილება და ემსახურება ხალხს. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ყველაზე არაპოპულარული მინისტრი არის ხადური, თუმცა ის კარგი ფინანსთა მინისტრია. ამ და სხვა საკითხებზე ივანიშვილმა 19 სექტემბერს რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე ისაუბრა.

”ყველაზე არაპოპულარული მინისტრი არის ხადური, თუმცა კარგი ფინანასთა მინისტრია. იმ დონეზე ჩავიდნენ საჭმელს უთვლიდნენ. იმის გამო, რომ ფინანსთა სამინისტროში კორუფცია არ არის და ის არ ხდება რაც „ნაცების“ დროს ხდებოდა, ხადური დასაფასებელია. თუმცა დღეს ყველაზე არაპოპულარული მინისტრია რეიტინგებით. ბევრი წარმატებული მინისტრია. ამ გუნდმა დაამტკიცა თავისი წესიერება, აქვს გამოცდილება და ემსახურებიან ძირითად სტანდარტს, რომ მოემსახურონ ხალხს და დაიცვან კანონი”, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, გუნდში უამრავი პატივსაცემი წევრია, რომლებსაც ბევრი კარგი კადრი შეუერთდა.

”მათ ღირსეულად დაიცვეს ის რაც დავტოვეთ პოლიტიკაში, ღირსეულად დაიცვეს ის აწეული თამასა თუ როგორი უნდა იყოს პოლიტიკოსი. უამრავი ახალი წევრი ჰყავს „ოცნებას“. უამრავი საზღვარგარეთ ნასწავლი კადრით გაიზარდა გუნდი და ხარისხობრივად გაუმჯობესდა. ენის პრობლემა გვქონდა და ევროპაში გუნდის წევრები ხშირად ვერ გადიოდნენ, რადგან ენა არ ვიცოდით. ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო პიროვნება დაემატა გუნდს, თუმცა ძირითადი ღერძი შევინარჩუნეთ”.

ყოფილი ექსპრემიერის განცხადებით, მას ბევრი აკრიტიკებს, თუმცა მისივე თქმით, ”ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს”.

”ყველაზე დიდი ქველმოქმედება, რაც გავაკეთე, არის რომ საკუთარ პიროვნებას იმის ფუფუნებას არ ვაძლევ, რომ ჩრდილში წავიდე და ჩემთვის ვიცხოვრო ფუფუნებაში. ის ცოდნა, ენერგია და გამოცდილება, რაც მაქვს, მინდა ჩემს ქვეყანას მოვახმარო, რომ სწორად განვითარდეს. შეურაცხყოფა, წყევლა, კრულვა, გინება მოდის ჩემს მიმართ, მაგრამ ვინ იგინება ძირითადად? - ვინც გინება იცის. შეიძლება ერთი ანდაზით დავიწყნაროთ თავი, რომ ”ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს”. ”ნაციონალებისგან” კრიტიკა გასაგებია. მთელი ქვეყანა ფეხქვეშ ჰყავდათ გადებული, ყველაფერი მათი იყო და დღეს ვინ სად არის? ზოგი ციხეშია, ზოგი გაქცეულია და ა.შ. დანარჩენი ჯგუფი აგრესიულად ცდილობს დაიბრუნოს რაც ჰქონდა და გასაგებია”.

სხვა პარტიებთან ერთად, ივანიშვილის სასაუბრო თემა "ეროვნული ფორუმიც" იყო.

”რაც შეეხება ”ეროვნულ ფორუმს”. კოალიციის პარტნიორი იყო. უშუალოდ გუბაზისთან, ვთქვათ მოკლედ, პირადი კონფლიქტი არასოდეს მქონია. გადმოხტა და ისეც ცუდად მომიხსენიებს. ამ დროს ნახეთ მისი ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ მილიონერი უნდა გახდეს. მოვიდა პოლიტიკაში ეს კაცი, ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობაც ეკავა - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, მაგრამ ვერ იშოვა. ახლა ესენიც ჩემს წასვლას ნატრობენ, ცუდად მომიხსენიებს”.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით