"ჩემს აწყობილ თვითმფრინავს ვერ შეველევი" - ქართველი ავიაკონსტრუქტორის საკუთარი ხელით შექმნილი კოლექცია - კვირის პალიტრა

"ჩემს აწყობილ თვითმფრინავს ვერ შეველევი" - ქართველი ავიაკონსტრუქტორის საკუთარი ხელით შექმნილი კოლექცია

"პირველი თვითმფრინავი ავაწყე და შემიყვარდა ეს საქმე, საოცარი ანდამატი აქვს, თუ დაიწყებ, ვეღარ ანებებ თავს. ძალიან საინტერესო პროცესია, გიტაცებს, გითრევს, გსიამოვნებს. ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ ამ ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებ"

29 წლის თეიმურაზ პულუზაშვილი პროფესიით ავიამშენებელია. უკვე 13 წელია თვითმფრინავების აწყობით არის გატაცებული. მის კოლექციაში უკვე იცდაექვსამდე სახეობის უამრავ თვითმფრინავის მოდელს იპოვით, რომელიც საკმაოდ რთული ასაწყობია, თუმცა, როგორც ის ამბობს, სირთულის მიუხედავად, აწყობის პროცესი ძალიან სასიამოვნოა.

- დამთავრებული მაქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თვითმფრინავთმშენებლობის ფაკულტეტი. ამჟამად ვმუშაობ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში", უფროსი კონსტრუქტურის პოზიციაზე. თვითმფრინავებით ჩემი გატაცება მე - 8 კლასიდან დაიწყო. პირველი თვითმფრინავი ავაწყე და შემიყვარდა ეს საქმე, საოცარი ანდამატი აქვს, თუ დაიწყებ, ვეღარ ანებებ თავს. ძალიან საინტერესო პროცესია, გიტაცებს, გითრევს, გსიამოვნებს. ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ ამ ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებ. ზოგი კოლექციას აგროვებს მიდის ყიდულობს და თაროზე დებს და ეს სიამოვნებს. ჩემ შემთხვევაში ყიდვიდან თარომდე დადებამდე საკმაოდ სასიამოვნო და საწვალებელ პროცესს გავდივარ, თუმცა შედეგით ძალიან კმაყოფილი ვრჩები. წელიწადში 2-3 მოდელს მანც ვაწყობ.

- ყველაზე დიდ ხანს რომელ მოდელზე მოგიწიათ მუშაობა?

- გააჩნია მოდელს და მის სიდიდეს, ერთ-ერთ მოდელს დაახლოებით 8 თვე ვაწყობდი, ეს იმიტომ, რომ დრო არ მქონდა. ამ საქმეს რომ ჩავუჯდე და სხვას გასაკეთებელი არაფერი მქონდეს,  დაახლოებით 2-დან 3 კვირამდე დრო მჭირდება. ერთი შეხედვით თითქოს არაფერია, მაგრამ ძალიან ბევრი წვრილი დეტალი აქვს, რომელსაც დიდი ყურადღება და შრომა სჭირდება. მარტო ააწყო ასე არ არის, ის საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ბევრი ვიცი, ვისაც გაკეთება სურს, მაგრამ საშუალება არ აქვს ამის.

- რომელია თქვენი საყვარელი თვითმფრინავი თქვენივე კოლექციიდან?

- ჩემ საყვარელ თვითმფრინავს ახლა ვაწყობ. ეს არის ბრიტანული "სპიტფაერი". ეს არის მეორე მსოფლიოს ომის დროინდელი ავიაგამანადგურებელი. დაახლოებით 3-4 თვეა რაც ვაწყობ, მოუცლელობის გამო ცოტა პროცესი გამეწელა... აწყობის ხარისხით ყველაზე მეტად ეს მოდელი მომწონს, როდესაც ვუყურებ და ვადარებ ძველ აწყობილ მოდელებს, ვხვდები, რომ გამოცდილებამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა.

- საიდან ჩნდება კონკრეტული მოდელის აწყობის იდეა?

- პირველ რიგში საფრენი აპარატი უნდა მოგწონდეს და შემდეგ უკვე ჩნდება კონკრეტული თვითმფრინავის მოდელის აწყობის სურვილი.

- გამოფენებში თუ იღებთ მონაწილეობას?

- გამოფენებში მონაწილეობა არ მიმიღია არასოდეს. ერთადერთს რასაც ვაკეთებ ის არის, რომ როდესაც ვამთავრებ მოდელებს ფოტოებს ვუღებ და ჩემ საკუთარ "ფეისბუკგვერდზე" ვტვირთავ. ამას ჩემი სიამოვნებისთვის ვაკეთებ. ზოგი აწყობს, დადის გამოფენებზე და ყიდის კიდეც, ზოგი ფულს იღებს იმისთვის, რომ დამკვეთს აუწყოს, მე ასე არ ვარ და არც ვაპირებ რომელიმე მოდელის გაყიდვას, ჩემს აწყობილ თვითმფრინავს ვერ შეველევი.

ნინო ჩიქოვანი (სპეციალურად საიტისთვის)