"ესაა თარიღი, რომლის მიხედვითაც საბჭოთა მეცნიერები ამტკიცებენდენ, რომ ქართული ანბანი მესროპ მაშტოცმა დაწერა" - კვირის პალიტრა

"ესაა თარიღი, რომლის მიხედვითაც საბჭოთა მეცნიერები ამტკიცებენდენ, რომ ქართული ანბანი მესროპ მაშტოცმა დაწერა"

"გაყალბებული ისტორია თუ ქარიშხალი ჭიქაში?!"

"აბსოლუტურად მიუღებელია ამ კონტექსტში ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან მომავალ საფრთხეებზე ლაპარაკი, ეს არის ფობიებით დახუნძლული ადამიანთა მოსაზრებები, რომლებიც შეთქმულების თეორიებით ცხოვრობენ. ეს არის ჭიქაში ქარიშხლის ატეხის მცდელობა, რაც მათი მოსაზრებით, წინასაარჩევნოდ ვითარების დაძაბვას ემსახურება"

2015 წლის მარტში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით "ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას", როგორც ასომთავრული, მხედრული და ნუსხური დამწერლობის თანაარსებობის უწყვეტ ტრადიციას, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ამასთანავე, საზოგადოებისა და მთავრობის მხარდაჭერით მომზადდა შესაბამისი დოკუმენტაცია და სამივე ანბანი იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარდგენეს. იმ შემთხვევაში, თუ ქართული დამწერლობა ოფიციალურად მიიღებს სტატუსს, საქართველო არამატერიალური ძეგლის სტატუსის მქონე დამწერლობის,  სამი თანაბრად მოქმედი ანბანის მფლობელი პირველი ქვეყანა იქნება...

არსებული ინფორმაციით, იუნესკომ ორწლიან ვადაში უნდა განიხილოს ქართული ანბანისთვის მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების საკითხი. თუმცა, ამ თემას მოდავეები გამოუჩდნენ, - მეცნიერთა ერთი ნაწილის მტკიცებით, იუნესკოსთვის გაგზავნილ ვერსიაში შეცდომაა, - კონკრეტულად, ქართული ანბანის წარმოშობის თარიღად საბჭოთა მეცნიერების დროინდელი თარიღია მითითებული, ანუ ის პერიოდი, როდესაც მათივე ვერსიით, ქართული ანბანის ავტორი სომეხი ისტორიკოსი მესროპ მაშტოცია.

მარინა ცინცაბაძე, მეცნიერი:

- ცნობილია, რომ კულტურის სამინისტრომ სამი ქართული ანბანი იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურილი მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარადგინა. საუბარია, სამ საანბანო სისტემაზე: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. ასე იყო საყოველთაოდ ცნობილი, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად მომხდარა, ამ დოკუმენტაციაში ჩადებული იყო ყალბი ინფორმაცია, რომელიც ასომთავრულ საანბანო სისტემასთან დაკავშირებით, შეცდომაა.

- რაში მდგომარეობს შეცდომა?

- შეცდომა არის თარიღში, - ასომთავრული ახალი წელთაღრიცხვით კი არა, ძველი წელთაღრიცხვის დროს შეიქმნა. არადა, იუნესკოში გაგზავნილ ვერსიაში, ქართული ანბანის სამი სახეობიდან მრგვლოვანი ანბანის წარმოშობის თარიღად მითითებულია ახ. წ. აღ.-ის 429-450 წელი, რაც კარგა ხანია უარყოფილია ქართველი მეცნიერების მიერ და ამის დამადასტურებელი ბევრი წყარო არსებობს, მათ შორის, ივანე ჯავახიშვილის ისტორიული ნარკვევი. რაც მთავარია, იუნესკოსთვის გაგზავნილ ვერსიაში მითითებული თარიღის მიხედვით, ყველას  შეუძლია დაიწყოს დავა და მტკიცება, რომ ეს სწორედ იმ პერიოდს ემთხვევა, რომლის მიხედვითაც საბჭოთა მეცნიერები ამტკიცებენდენ, რომ ქართული ანბანი სომეხმა განმანათლებელმა მესროპ მაშტოცმა დაწერა...

გამოდის, რომ ივანე ჯავახიშვილის, მოგვიანებით კი, მეცნიერ გია კვაშალავას უამრავი ნაშრომები და სამეცნიერო დასკვნები, სადაც ქართული საანბანო სისტემის შექმნის წინაპირობებზეა საუბარი და ქართული ანბანის შექმნის ყველაზე რეალური თარიღი ძვ.წ. აღ-ის მე-4 საუკუნეა, იგნორირებულია.

- საიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ იუნესკოში გაგზავნილ დოკუმენტაციაში არასწორი თარიღია მითითებული?

- ამის შესახებ დაინტერესდა იურისტი ანზორ ფეიქრიშვილი და საკუთარი კავშირებით, ამ დოკუმენტაციის ქართული ვარიანტი მოიპოვა.

- ამის შესახებ არავინ იცოდა?

- როგორ არა, აუცილებლად ეცოდინებოდა მეცნიერებათა აკადემიასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელიც ამ საქმეში ჩართული იყო. ასეთი ტიპის დოკუმენტაცია გრიფით არის დაბეჭდილი და დამტკიცებული.

კონსტანტინე ნაცვლიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო:

- დავიწყოთ იქიდან, რომ ბატონ ანზორ ფეიქრიშვილს ეს დოკუმენტაცია კანონიერი გზებით არ აქვს მოპოვებული და ახლა ამით აპელირებს. ქართული ვერსია, რომელზეც ის საუბრობს, რა თქმა უნდა, იდენტურია ინგლისურისა, მაგრამ რაც შეეხება თავად თარიღს, რომელიც არის მითითებული, ეფუძნება საყოველთადო აღიარებულ მეცნიერულ კვლევებს. ჩვენ ამ ნომინაციასთან მუშაობის დროს ვთანამშრობლობდით ყველა იმ ინსიტუტუციასთან, რომელსაც ამ საქმეში სიტყვა ეთქმის, ეს არის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, მეცნიერებათა აკდემია, ხელნაწერთან ინსტიტუტი...

ასე რომ, თარიღი, რომელიც ამ ნომინაციაში "გაჩნდა" და რატომღაც არ მოეწონათ, არგუმენტირებულია. რაც შეეხება, მათ უკმაყოფილებას, ბატონმა ფეიქრიშვილმა ორჯერ მოგვმართა განცხადებით და ორჯერვე გავეცით პასუხი. პირველი განცხადება იყო სრულიად ნეოფაშისტური, რომელიც აგებული იყო ქართულ ნეოფაშისტურ იდეოლოგიაზე და მას მეცნიერებასთან საერთო არაფერი აქვს, ისევე როგორც ის ფანტაზია, რომ შუმერებიდან მოდის ქართული ანბანი და მსგავსი ზღაპრები. თუმცა, ასეთი ტიპის დოკუმენტის გადაგზავნა იუნესკოსთვის ისეთივეა, საზოგადოების ერთი ნაწილი რომ ირწმუნება, პირამიდები უცხოპლანატელებმა ააშენეს. ასეთი რამები არ ხდება...

ასეთ რამებს ჰყვებიან ის ადამიანები, რომელთაც მეცნიერებასთან არავითარი კავშირი არ აქვთ, უბრალოდ ქუჩაში გამვლელები არიან... გარდა ამისა, ეს არის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სექტორში გაგზავნილი ნომინაცია და მიზნად არ ისახავს ისტორიული ფაქტების კონცენტრირებას, ანუ იუნესკოს ის სექტორი, რომელიც არამატერიალურ კულტურაზე არ მუშაობს, ისტორიული ფაქტების უტყუარობის დადგენით არ არის დაკავებული. ანბანის სამი სახეობიდან ორს - ხუცურს იყენებს საპატრიარქო, მესამე - მხედრული არის საერო მოხმარებისა. მათი ერთობა, ერთიან კულტურულ სივრცეში არის ჩვენი ამოსავალი წერტილი. ასე რომ, იმაზე დავა, რომ აქ სხვა თარიღია, სრულიად უსაგნოა. დასამალი არაფერი გვაქვს, ეს ყველაფერი ისედაც გამოქვეყნდება იუნესკოს საიტზე, როგორც კი ამის აღიარება მოხდება... ლეგენდები ძალიან კარგია და ქართული ლეგენდები შესაძლოა კიდევ ერთი ნომინაციის თემა გახდეს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ სხვა არგუმენტებით ვიხელმძღვანელეთ.

- კონკრეტულად რომელ სამეცნიერო აღმოჩენას დაეყრდენით?

- პალესტინაში აღმოჩენილი იატაკის მოზაიკის ფაქტებს, რომლის თარიღი ზუსტად არის დადგენილი, როგორც საერთაშორისო, ისე ქართველი სამეცნიერო საზოგადოების მიერ. სხვა თარიღი, რომელსაც შეიძლება დავეყრდნოთ, ჯერჯერობით, არ გვაქვს.

- მეცნიერთა ამ ნაწილის მტკიცებით, იუნესკოსთვის გაგზავნილ დოკუმენტაციაში მითითებულია ახალი წელთაღრიცხვით IV საუკუნე, მაშინ როდესაც ივანე ჯავახიშვილის წყაროებში ქართული ანბანი ძვ. აღ-ით თარიღდება...

- ეს არის ვარაუდი, რომ ქართული ანბანი მანამდეც არსებობდა, მაგრამ ეს მეცნიერული ფაქტებით არ არის დადასტურებული... აბსოლუტურად მიუღებელია ამ კონტექსტში ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან მომავალ საფრთხეებზე ლაპარაკი, ეს არის ფობიებით დახუნძლული ადამიანთა მოსაზრებები, რომლებიც შეთქმულების თეორიებით ცხოვრობენ. ეს არის ჭიქაში ქარიშხლის ატეხის მცდელობა, რაც მათი მოსაზრებით, წინასაარჩევნოდ ვითარების დაძაბვას ემსახურება.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)