"ქართული ოცნების" რიგებში არიან პროდასავლელებიც, მაგრამ არიან რუსეთის ფარული და ღია აგენტებიც" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" რიგებში არიან პროდასავლელებიც, მაგრამ არიან რუსეთის ფარული და ღია აგენტებიც"

"ივანიშვილს ეგონა, გვაგინებდა, საპასუხოდ კი ჩვენ ვეტყოდით, დიდი მადლობა, უფალო ბიძინაო! როგორც ჩანს, ვიღაცაში შევეშალეთ"

"ერთი დონალდ ტრამპია მართალი და მეორე - ბიძინა ივანიშვილი"

გასულ კვირას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ყოფილი და მოქმედი პრემიერების, ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი 2016 წლის 11 მარტს გაგზავნილი წერილი გაასაჯაროვა. წერილში უსუფაშვილი ადრესატებს წერს, რომ სასწრაფოდაა გადასაწყვეტი კოალიციის საარჩევნოდ დალაგების საკითხი. მისივე შეფასებით, ეს არის ნომერ პირველი კოალიციური, სახელისუფლებო და სახელმწიფო ამოცანა. წერილში ლაპარაკია კოალიციაში "რესპუბლიკელებთან" ურთიერთობაზე. უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში მას პრაქტიკულად ამოეწურა "დამბალანსებელ-მომრიგებელ-შემრიგებელ-გადამგორებლის რესურსი".

ლევან ბერძენიშვილი,"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი:

- ამ წერილმა "ქართული ოცნების" უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა სიმართლე გითხრათ, რატომ არიან უკმაყოფილო, ვერ ვხვდები. დავით უსუფაშვილს ბრალი ედებოდა ტყუილში, თუმცა უსუფაშვილმა წარმოადგინა დოკუმენტი, რომლიდანაც ნათლად ჩანს, ვინაა მატყუარა და ვინ მართალი, ამავე დროს ჩანს, თუ ვინ ზრუნავდა სახელმწიფოზე, კოალიციაზე და წესრიგზე. სწორედ ამის საჩვენებლად გამოქვეყნდა ეს წერილი. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების კომენტარების კითხვისას, ზოგიერთ მათგანზე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ ეს წერილი არ წაუკითხავთ ან დაწერილიდან აზრი ვერ გამოაქვთ, მაგრამ გაღიზიანებული რატომ არიან, ამას ვეღარ გეტყვით. ზოგადად, ნაბეჭდი სიტყვა უნდა იწვევდეს ინტერესს და არა - გაღიზიანებას. ეს ასე ყველასთვის, ვისაც კითხვა უყვარს, თუმცა შეიძლება, "ქართულ ოცნებაში" წიგნებიც აღიზიანებთ და ზოგადად, განათლებაც. წერილიდან ჩანს, რომ უსუფაშვილი როგორ იცავდა ქვეყნის ინტერესებს და ამას პარტიის ინტერესებზე მაღლა აყენებდა.

- წერილის არსებობა და შინაარსი ალბათ იცოდა ბიძინა ივანიშვილმაც...

- რა თქმა უნდა, იცოდა, თუმცა მან ბრალდება ჩვენს წინააღმდეგ მაინც წამოაყენა, რადგან უნდა, რომ ყველაფერი მუდამ ისე იყოს, როგორც მას სურს... მას ასეთი ილუზია შეუქმნეს საკუთარი პარტიის წევრებმა. ივანიშვილს ჰგონია, რომ მისი სიტყვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარის და მიაჩნია, რომ ისაა მართალი, ვისაც ბევრი ფული აქვს. ერთი დონალდ ტრამპია მართალი და მეორე - ბიძინა ივანიშვილი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში). ივანიშვილს ეგონა, გვაგინებდა, საპასუხოდ კი ჩვენ ვეტყოდით, დიდი მადლობა, უფალო ბიძინაო! როგორც ჩანს, ვიღაცაში შევეშალეთ, იმათში, ვინც გინების შემდეგაც მადლობას ეუბნებიან. ჩვენ შეურაცხყოფას ყოველთვის გავცემთ საკადრის პასუხს, ოღონდ თავაზიანად, ისე, რომ ჩავეტიოთ ქართული ენის ნორმატიულ ლექსიკაში და არასოდეს გადავალთ ორღობის ქართულზე.

- წერილის შინაარსით, თუ ვიმსჯელებთ, ჩანს, რომ ქვეყანას ჰყოლია ფორმალური მმართველი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარეც ეკითხება რჩევას. მაშინ, როცა თქვენ იყავით კოალიციის წევრი, კატეგორიულად უარყოფდით ფორმალურ მმართველობას...

- არ დაგეთანხმებით. ბატონი ივანიშვილი აქ ფორმალურ მმართველად არ ჩანს, წერილის მიხედვით ის ჩანს, იმ ორგანიზაციის მმართველად რომელსაც ჰქვია "ქართული ოცნება". ამ პარტიის ფორმალური უფროსიც უნდა იყოს და არაფორმალურიც, ისე, კარგია, რომ ივანიშვილი მაინც ჰყავთ, თორემ დანარჩენები ძალიან დაბნეულები არიან.

- არჩევნების შედეგზე, თუ იქონიებს ეს წერილი გავლენას?

- არჩევნების შედეგზე არც ეს წერილი, არც ბიძინა ივანიშვილის ლაპარაკი არ იქონიებს გავლენას, მასზე გავლენას მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება იქონიებს. ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, თუ ის გალანძღავს "რესპუბლიკელებს", ჩვენ ვერ მივიღებთ ხმებს. ერთ-ერთი ექსპერტი ხუხაშვილი (რომელიც, სხვათა შორის, ივანიშვილთან მეგობრობდა) ამბობს, რომ ივანიშვილი "რესპუბლიკურ პარტიას" უკეთებს პიარს და ეს პარტია ამით გაცილებით მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ქართველ ხალხს ნაკლებად აინტერესებს. ვფიქრობ, ხალხს აინტერესებს, რომ პროფესიონალები იყვნენ პარლამენტში და თუ ეს მართლა ასეა, "რესპუბლიკური პარტია" აუცილებლად, იქნება პარლამენტში.

არ გვინდა რომ ამ პარლამენტში მოხვდნენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები და გვინდა, რომ მოხვდნენ ის ძალები, რომლებსაც ქვეყნის წინ წაწევა შეუძლიათ...

- "ქართულ ოცნებაზე" მიანიშნებთ?

- "ქართული ოცნების" რიგებში არიან პროდასავლელებიც, მაგრამ არიან რუსეთის ფარული და ღია აგენტებიც, შევარდანაძის დროინდელი მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, მექრთამეები, ფულის ტომრები და სხვა.

- "ქართული ოცნებაში", რამდენად გავლენიანია დასავლური ორიენტაციის ჯგუფი?

- რთული სათქმელია, მაგალითად, პრემიერი კვირიკაშვილი ნამდვილად დასავლური ღირებულებების მქონე ადამიანია, თუმცა აქვს თუ არა გავლენა, ამას არჩევნების შედეგი გვაჩვენებს...

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)