”რატომ გამოგვირთეთ მიკროფონი” - არეულობა და ხმაური თსუ-ში სწავლის დაწყების პირველ დღეს - კვირის პალიტრა

”რატომ გამოგვირთეთ მიკროფონი” - არეულობა და ხმაური თსუ-ში სწავლის დაწყების პირველ დღეს

26 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი ცერემონია მიმდინარეობდა, როდესაც ღონისძიებისთვის ხელის შეშლა "აუდიტორია 115"-ის წევრებმა სცადეს. ისინი ყვირილითა და შეძახილებით „ავტომონომია უნივერისტეტს“ იმ ადგილას მივიდნენ, სადაც ცერემონია მიმდინარეობდა და სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრები იმყოფებოდნენ, მათ შორის, ფინანსთა, ეკონომიკის და სხვა მინისტრები.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გია შარვაშიძემ რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ შეძლო უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილი სტუდენტებისთვის მიემართა. ამის საშუალებას მას „აუდიტორია 115“-ის წევრები არ აძლევდნენ. ისინი რექტორს ეკამათებოდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ მიკროფონი გამოურთეს.

”რატომ გამოგვირთეთ მიკროფონი”, - მიმართეს სტუდენტებმა რექტორს.

”მიკროფონს მოგცემთ, თუ მომცემთ საშუალებას მივესალმო პირველკურსელებს”, - განაცხადა შერვაშიძემ.

„აუდიტორია 115“-ის წარმომადგენელთან საუბრისას დაცვამ უზრუნველყო, რომ რექტორს პირველკურსელებისათვის მიემართა. გია შარვაშიძემ სტუდენტებს სასწავლო წელი მიულოცა და უსურვა, რომ ეს ოთხი წელიწადი დაუვიწყარი იყოს მათ ცხოვრებაში.

რექტორის თქმით, მიმდინარე პროცესებში პოლიტიკური ინტერესები იკვეთება. მისივე განცხადებით, „აუდიტორია 115“-ის ძალიან ბევრი წევრი უნივერსიტეტის სტუდენტი არ არის.

”აუდიტორია 115”-ის ნაწილის გამოსვლა ხედავთ რა ფორმით მიმდინარეობს, არა მგონია ლამაზი ფორმა იყოს, თუმცა ეს გემოვნების საკითხია. გასაგებია, რომ ალბათ მეტი სტუდენტის რეკურტირებაა საჭირო. ჩვენი ინტერესია ზუსტად ის, რასაც ახლა ყვირიან. ”აუდიტორია 115” ალბათ არის არარეგისტრირებული NGO იმიტომ, რომ ძალიან ბევრი წევრი არ არის სტუდენტი, თან არის მაღალი პოლიტიკური გრადუსი შემოტანილი”.

როგორც "აუდიტორია 115"-ის წევრები აცხადებენ მათ 6 მოთხოვნა აქვთ. მათი წარმომადგენლის, გიორგი ჩიხლაძის განცხადებით, გრძელდება სახელმწიფოს მიერ უნივერსიტეტის რექტორების დანიშვნის პოლიტიკა, უნივერსიტეტის ავტონომისაგან მხოლოდ ფასადი დარჩა. შესაბამისად, მოითხოვენ ხარისხიან და ხელმისაწვდომ განათლებას, საუნივერსიტეტო ავტონომიას, გარე რეფორმირების პრინციპის დანერგვას, სტუდენტური თვითმმართველობის არსებული სტრუქტურის ძირეულ რეფორმას, უნივერსიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში თანხის გამოყოფას სტუდენტური საერთო საცხოვრებლის პირობების გასაუმჯობესებლად. სტუდენტებს, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება და თანხის გადაუხდელობის გამო არ ეხსნებათ ბაზა მიეცეთ აკადემიური რეგისტრაციის შესაძლებლობა. „აუდიტორია 115“ მოუწოდებს სტუდენტებს, ლექტორებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა მიმდინარე პროცესებში, მათთან ერთად იბრძოლონ ხარისხიანი, ხელმისაწვდომი განათლებისათვის და ავტონომიური უნივერსიტეტისათვის.

მათ ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურსაც მიმართეს: "ბატონო ნოდარ, თქვენ რომ უნივერსიტეტიდან გაგიშვეს, ჩვენ დაგეხმარეთ, ახლა თქვენ დაგვიდექით გვერდში".

„აუდიტორია 115“-ის სტუდენტები თსუ-ს იმ დერეფანში შესვლას ცდილობდნენ, სადაც რექტორი გია შარვაშიძე მინისტრებთან და წარჩინებულ პირველკურსელებთან ერთად იმყოფებოდა. კორიდორი გამაგრებული ჰქონდათ უნივერსიტეტის დაცვის წევრებს. „აუდიტორია 115“-ის წევრებს უნივერსიტეტის პირველ სართულზე დერეფანში შესასვლელი დაკეტილი დახვდათ, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოყვა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით