"ვთავაზობ საქმიან წინადადებას" - რას სთავაზობს ბიძინა ივანიშვილი აფხაზურ მხარეს - კვირის პალიტრა

"ვთავაზობ საქმიან წინადადებას" - რას სთავაზობს ბიძინა ივანიშვილი აფხაზურ მხარეს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აფხაზურ მხარეს მაღალი კლასის სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობას სთავაზობს. ამის შესახებ განცხადება ბიძინა ივანიშვილმა დღეს ქვემო ქართლში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე გააკეთა.

„დღეს განმუხურში გაიხსნება მშენებლობა. იქ თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით აშენდება უნიკალური სასტუმრო, ყველაზე მაღალი ხაზის. სასტუმროს უკან აშენდება ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს. ბოტანიკური ბაღი იყო ჩემი იდეა. გარდა იმისა, რომ რეკრეაციული ზონაა, ვფიქრობ, კარგი ბოტანიკური ბაღი აშენდება. ამასთან დაკავშირებით მინდოდა შეთავაზება გამეკეთებინა ჩვენი აფხაზი ძმებისთვის, რომ გამყოფ ხაზს იქითაც ვთავაზობ საქმიან წინადადებას, რომ ასეთივე კლასის სასტუმროს ავაშენებდი, თუ მათი კეთილი ნება იქნება და ასევე, გავაგრძელებდი ბოტანიკურ ბაღს გამყოფ ხაზს იქით. მოგება მოხმარდებოდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამით მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა ჩვენი ურთიერთობის აღდგენაში და გარკვეული საფუძველი ჩაყროდა ნდობის აღდგენას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, იყო მცდელობა აფხაზური მხარისთვის ეს სიახლე მიეწვდინათ, თუმცა არ იცის, როგორი რეაქცია იყო.

„როგორც მე ვიცი, ვერ მოხდა შეჯერება ამ საკითხის, მაგრამ წინადადება იმდენად ჰუმანური და მეგობრულია, რომ მე არ ვფიქრობ, რომ ამას პოზიტიურის გარდა სხვა რაიმე შეფასებები მოჰყვეს“, - დასძინა ივანიშვილმა.

იხილეთ ასევე: "რუსები ველურ მაიმუნებს გვეძახიან" - ნაცემი ტურისტები და რუსებსა და აფხაზებს შორის სულ უფრო და უფრო გართულებული ურთიერთობა

"ინტერპრესნიუსი"