"ჩვენ საკუთარი თავის აჩრდილად ვიქეცით" - რას წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში სოხუმის დაცემიდან 23 წლის შემდეგ? - კვირის პალიტრა

"ჩვენ საკუთარი თავის აჩრდილად ვიქეცით" - რას წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში სოხუმის დაცემიდან 23 წლის შემდეგ?

"რუსები დაგვცინიან, ჩვენ კი ძმებს და სტრატეგიულ მოკავშირეებს ვეძახით. აფხაზეთის ხელისუფლება მათ მიმართ პოზიციის კი, არა, ქალაქის საკანალიზაციო სისტემის შეცვლასაც ვერ ახერხებს. ამასობაში კი, დანარჩენ ცივილურ სამყაროს ერთი საუკუნით ჩამოვრჩით..."

სოხუმის დაცემიდან 23 წლის შემდეგ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. აფხაზეთის გათავისუფლების დღეს აღნიშნავენ, თუმცა ძლიერმა წვიმამ, სოხუმის ქუჩებში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში ცვილებებში შეიტანა. ამან ადგილობრივი მოსახლეობის კრიტიკა დე ფაქტო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ კიდევ უფრო გააძლიერა.

აფხაზეთში სულ უფრო მწვავედ იგრძნობა რუსეთის მიმართ აგრესია. ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილი ასეთ ვითარებაში მათი განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავს.

გთავაზობთ რამდენიმე სტატუსს სოციალური ქსელებიდან:

ზეინაბ ტარია:

- ძალიან მიჭირს ამ ძალზედ მნიშვნელოვან დღეს ამ წვრილმანებზე ლაპარაკი, მით უფრო, რომ სხვა განწყობით ვიყავი ეს დღეები, მინდოდა ჩემს ღირსეულ ძმებზე მესაუბრა, რომლებიც თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ, მაგრამ მე ვნახე წვიმისგან დატბორილი სოხუმი, სადაც ის ადამიანები, ვისი უკეთესი მომავლისთვისაც სისხლი დაღვარეს, საცოდავად დარბოდნენ, წვიმისგან შეშინებულები... აფხაზ ხალხს ძალიან ამაყი წარსული აქვს და ის არ იმსახურებს ასეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც პოლიტიკამ გარშემო ყველაფერი შეისრუტა და ჩვენ საკუთარი თავის აჩრდილად ვიქეცით. რუსები დაგვცინიან, ჩვენ კი ძმებს და სტრატეგიულ მოკავშირეებს ვეძახით. აფხაზეთის ხელისუფლება მათ მიმართ პოზიციის კი არა, ქალაქის საკანალიზაციო სისტემის შეცვლასაც ვერ ახერხებს. ამასობაში კი, დანარჩენ ცივილურ სამყაროს ერთი საუკუნით ჩამოვრჩით... გუშინ ერთმა აფხაზმა გოგონამ თბილისის ერთ-ერთი, ახლად გარემონტებული ქუჩის ფოტო გააზიარა სოციალურ ქსელში და იკითხა, რატომ არ შეიძლება ასე გაკეთდეს ულამაზესი სოხუმიც? არ ვიცი, მაგრამ ეს კითხვა დასაწყისია, ძალიან მალე ამ დაკარგული თაობისგან, სხვა კითხვებსაც მოვისმენთ.

ბოთა აჯიბა:

- საქმე ის არის, რომ არსებობს სხვადასხვა რუსეთი, - გუშინ იყო ელცინის რუსეთი, რომელიც ერთი ხელით საქართველოს აიარაღებდა, რომელიც მზად იყო ჩვენი მცირერიცხოვანი ერი გაენადგურებინა, ახლა პუტინის რუსეთია, რომელმაც მოახერხა და ეს ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანა. ჩვენც გაგვიმართლა, - რადგან გვაღიარეს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ვიდრე ეროვნული გუნდი არ მოვა ხელისუფლებაში, არაფერი გვეშველება. ეს თუ მალე არ მოხდა, აფხაზეთი დაიღუპება.

საიდა კიუტი:

- მე იმ ომში ძმები დავკარგე და წარმოდგენა არ მინდა კიდევ ერთი ომის... მადლობა რუსეთს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენ პენსიონერები, მათ შორის, დედაჩემი, რუსეთის პესნიას ელოდებიან. ჩვენი შვილები რუსეთში მიდიან სასწავლებლად. ყველაფრით რუსეთზე ვართ დამოკიდებუილი, სიმინდის და ლობიოს მოყვანაც კი არ შეგვიძლია. მხოლოდ ლაპარაკი, არავინ იცის, საქმის კეთებას ოდესმე დავიწყებთ თუ არა... რა დაგვემართა? ოდესმე გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გაგვაერთიანებს?

მანჩა გიშუ:

- აქ ზოგიერთებს რომ მოუსმინო, რუსეთის გარეშე არაფერს წარმოვადგენთ, არ არის ასე. პირველ რიგში საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდეს, მაგრამ არ გვაქვს...

თენგიზ აგრბა:

- ჩვენ რუსები პარაზიტებს გვეძახიან და რუსეთის ტელევიზიით ამის ტირაჟირებას მასობრივი ხასიათი აქვს. დიახ, ჩვენ არ გვქონდა საქართველოსთან ომი, მაგრამ ისიც ვიცით, რომ აფხაზეთში ყველას თავისი ინტერესები აქვს და არავის ლამაზი თვალების გულისთვის არ უხდიან. ისიც ვიცით, რომ ამ პატარა აფხაზეთში რუსეთი საკმაოდ მასშტაბურად არის წარმოდგენილი. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი პარტნიორი ნამდვილად გვეხმარება, რაც ზოგიერთი მათი ოფიციალური პირისგან ნამდვილად არ იკვეთება.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)