ბრიტანელი ლორდისა და ქართველი თავადის სიყვარულის ამბავი და კავშირი სტალინთან
სტივენ ლორდ ლოიდი
ბრიტანულ-ქართული ფესვების მქონე მრავალპროფილიანი ინგლისელი მოღვაწე - ენათმეცნიერი, ფილოლოგი, რამდენიმე წიგნისა და სახელმძღვანელოს ავტორი, ჟურნალისტი, პოეტი, მთარგმნელი, პოლიგლოტი, იურისტი, ქართველოლოგი და ასოცირებული პროფესორი უმცროსი სტივენ ლორდ ლოიდი დაიბადა საქართველოში მისი მამის, უფროსი სტივენის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობის პერიოდში.
სტივენს მამის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდის, დოქტორ სტივენ ჰენრი ლოიდის სახელი ჰქვია, რის გამოც ბრიტანეთში, როდესაც მამა-შვილზე საუბრობენ, მამას უფროსი ანუ "სინიორ" სტივენით მიმართავენ, ხოლო ვაჟს კი უმცროსი ანუ "ჯუნიორ" სტივენით.
მამის გარდაცვალების შემდეგ პატარა ინგლისელი ბიჭი ქართველმა მამაკაცმა, ოთარ სვანიძემ იშვილა, მამობა გაუწია და ქართული სახელი - კახაბერი შეარქვა. მამობილს სასწრაფოდ უნდა გადაერჩინა პატარა და-ძმა, აეცილებინა მათთვის მოსალოდნელი განსაცდელი და უბედურება და სიცოცხლეც შეუნარჩუნა, რადგან საბჭოთა კომუნისტური წყობილების მკაცრ პირობებში მაშინდელი ეგრეთ წოდებული "კაგებეს" აგენტები პატარა და-ძმას სასტიკად ექცეოდნენ, დევნიდნენ, ავიწროებდნენ, საბავშვო ბაღშიც კი არ უშვებდნენ და ემუქრებოდნენ იმის გამო, რომ ისინი მამით, ეროვნებითა და გვარ-სახელებით ინგლისელები იყვნენ, ხოლო დედით კი დიდგვაროვანი სამეფო გვარის წარმომადგენლის - ქეთი ბაგრატიონის შვილები. როგორც ჩანს, პატარა სტივენისა და ქეითის მშობლების დიდგვაროვანი წარმომავლობა მიუღებელი იყო მაშინდელი სოციალისტური საქართველოსთვის და ალბათ, თავის მხრივ გარკვეულ საშიშროებას წარმოადგენდა საბჭოთა კომუნისტური მმართველობისა და წყობილებისათვის. ყოველივე ეს უკვე საკმარისი მიზეზი იყო საბჭოთა ხელისუფლებისათვის, რომ შური ეძიათ მათზე. სპეცდაკვეთით, პატარა ბავშვების ბიოლოგიური მამა - დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდი, დოქტორ სტივენ ჰენრი ლოიდი ხელოვნურად შექმნილ ავტოკატასტროფაში მოკლეს.
სტივენს უცხო ენები ბავშვობიდანვე იტაცებდა. იგი 8 უცხო ენას ფლობს, მათ შორის - ოსურს, რომელიც პატარა სტივენს დიდმა ბებიამ, თამარ ხეთაგუროვამ ასწავლა. ჯერ კიდევ პატარა სტივენმა ქართულ-ოსური ურთიერთობებისა და მეგობრობის შესახებ ოსურ ენაზე პოემაც კი დაწერა.
სტივენის ბრიტანულ განათლებაში განსაკუთრებული დამსახურება ოქსფორდის პროფესორს, დოქტორ მაიკლ ბერმანს მიუძღვის. მას დამთავრებული აქვს ლონდონისა და ოქსფორდის უნივერსიტეტები: ფილოლოგიური, ჟურნალისტიკისა და იურიდიული ფაკულტეტები. იგი თავისი ინგლისელი მამისა და ქართველი დედის პატივსაცემად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც სწავლობდა და რამდენიმე წითელი დიპლომიც დაიმსახურა. თავისი ავტორობით გამოცემული აქვს ნაშრომები და სახელმძღვანელოები: "ინგლისური ენის გრამატიკა", სათავგადასავლო ნაშრომი "უიღბლო მშვილდოსანი" და მოგონებების კრებული "სიტყვანნი ჩვენნი", ბიოგრაფიული წიგნი "მატიანე - ბრიტანულ-ქართული სიყვარული და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი", ინგლისურად თარგმნა ანა კალანდაძის რჩეული პოეზია. იგი არის მსოფლიოში პირველი ქართულ-იაპონური და იაპონურ-ქართული ლექსიკონების ავტორი და შემდგენელი.
სტივენს თავისი საქმიანობის გამო მისი ბრიტანელი მეგობრები "დოქტორ ჯონსონს" ეძახიან და ასეთ შეფასებას აძლევენ: "მისი თხოვნა ბრძანებაა, ხოლო მისი აზრი უდავო ჭეშმარიტება".
2007 წელს თბილისის მოსწავლეთა სასახლეში გაიმართა ლიტერატურული კონკურსი "გზა მშვიდობისაკენ - ჩემი ხედვა", სადაც ოსურ პოეზიაში პირველი ადგილი დაიკავა, სპეციალური დიპლომი დაიმსახურა და განსაკუთრებული პრიზიც მიიღო. აღნიშნული პრიზი ლონდონში მოგზაურობას ითვალისწინებდა, რაზეც სტივენმა უარი განაცხადა, რადგან ლონდონი მისი მშობლიური ქალაქია და იქიდან ჩამოსული ინგლისელი პროფესორის საქართველოდან ისევ უკან ლონდონის დასათვალიერებლად ინგლისში გაგზავნა არ ისურვა.
2008 წელს თამარაშენში გაიმართა "ვეფხისტყაოსნის" მარათონი, სადაც ახალგაზრდა პროფესორი სტივენ ლორდ ლოიდიც მიიწვიეს და მან შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" ოსურ ენაზე წაიკითხა, ადგილობრივი მოსახლეობა საჩუქრებით დააჯილდოვა და სკოლის ბავშვებს ორ-ორი პაკეტი დაურიგა. ერთი პაკეტი შეიცავდა ტკბილეულსა და გამაგრილებელ სასმელებს, ხოლო მეორე პაკეტი - სკოლისთვის საჭირო საკანცელარიო ნივთებს. კითხვის გაგრძელება