როგორ მონუსხეს "სუხიშვილების გოგოებმა" "ბითლზის" "ჩოლკიანი" ბიჭები - კვირის პალიტრა

როგორ მონუსხეს "სუხიშვილების გოგოებმა" "ბითლზის" "ჩოლკიანი" ბიჭები

ნინო კირვალიძე: "რას წარმოვიდგენდი, რომ ანსამბლში მოვხვდებოდი, - იქ ფერიები ცეკვავენ და ვინ მიმიღებს-მეთქი, ვფიქრობდი... ერთ კვირაში მთელი პროგრამა ავითვისე, გაგიჟდა ნინო. რამდენიმე თვეში "სამაიაში" ჩამაყენეს"

1963 წელს ვენესუელაში ვიყავით. სასტუმრო "ბოლივიაში" ჩვენთან ერთად იყვნენ ლივერპულელი "ჩოლკიანი" ბიჭები, მაშინ "ბითლზი" არ იყო ისეთი პოპულარული... ერთხელ ლიფტით ჩამოვდივართ მე, ნანა კვაჭანტირაძე და მანანა აბაზაძე. უცებ გაჩერდა ლიფტი, შემოვიდნენ ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი, რინგო სტარი და მოგვაჩერდნენ. მე ზურგით დავდექი, რადგან თავი ძლივს შევიკავე სიცილისგან, მაშინ არ ვიყავით მიჩვეული გრძელთმიან ბიჭებს და მეცინებოდა. რას წარმოვიდგენდი, თუ ამ ბიჭებზე მთელი მსოფლიო გადაირეოდა

კარზე ზარი დავრეკე, არავინ მიღებს, ცოტა ადრე ხომ არ მომივიდა სტუმრობა-მეთქი, გავიფიქრე. ცოტა ხანში ჩემი სტატიის ერთ-ერთმა გმირმა გამომხედა. ყველაზე პოპულარული ანსამბლის - "სუხიშვილების" 60-იანი წლების ვარსკვლავი, მოცეკვავე ნათელა გუგულაშვილი ღიმილით შემხვდა და შინ შემიპატიჟა. დილაადრიან ინტერვიუს ჩასაწერად მისულმა, საუბარი მისივე ხელით გამწვანებულ ეზოში ვარჩიე. ცოტამ თუ იცის, რომ ქალბატონი, რომლის სახელიც "სუხიშვილებს" უკავშირდება, ცეკვის დაწყებამდე გაცილებით ადრე, 14 წლის ასაკში, ამერიკული ჟურნალის, LIFE-ს გარეკანზე მოხვდა. უცხოელი ჟურნალისტი საქართველოში საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე რეპორტაჟის მოსამზადებლად ჩამოვიდა. ნათელა მაშინ სკოლის მოსწავლე იყო და გამორჩეული სილამაზის გამო ასობით ბავშვს შორის ამოარჩიეს. ასე მოხვდა ქართველი გოგონა ამერიკული ჟურნალის ყდაზე. ქალბატონი ნათელა გარეგნობას უმადლის "სუხიშვილების" ანსამბლში მოხვედრასაც, თუმცა, იქ შრომაც თავდაუზოგავი იყო. ანსამბლში 18-წლიან მოღვაწეობას "ოქროს ხანას" უწოდებს.

"ნინომ ცხოვრება გვასწავლა"

ნათელა გუგულაშვილი: - უცხოელები კულისებში გვაკითხავდნენ, ავტოგრაფებს გვთხოვდნენ, სურათებს გვიღებდნენ. კონცერტებიდან ერთი კვირის შემდეგ, უკვე მუზეუმებსა და მაღაზიებში გვცნობდნენ, გვეუბნებოდნენ, გოგონები სცენასა და ცხოვრებაშიც ერთმანეთს ჰგავხართო. ასე არჩევდა ნინო რამიშვილი - ყველა განსაკუთრებულად ლამაზი უნდა ყოფილიყო. 18 წელი ვიცეკვე, მთელი ანსამბლი 24 საათი ერთად ვიყავით, ერთად ვჭამდით, ერთად ვცხოვრობდით... ძალიან პატარები ვიწყებდით ცეკვას და იქ ვიზრდებოდით, ნინო რამიშვილი გვზრდიდა. ნინომ ცხოვრება გვასწავლა. გარეგნობას დიდ ყურადღებას აქცევდა. გოგოს თვალები, ცხვირი, სახის მოყვანილობა - ყველა ნაკვთი ლამაზი უნდა ჰქონოდა. თავზე ჩიხტი უნდა მოხდომოდა.

ერთი ამბავი მახსენდება - ირლანდიაში ვიყავით. თეატრში ძალიან პატარა ქვის კიბეები იყო. დიდი კაბებით გვიწევდა ასვლა-ჩამოსვლა, თან სულ მუსიკას ვუსმენდით, რომ გვცოდნოდა, როდის მთავრდებოდა ერთი ცეკვა და იწყებოდა მეორე. ერთხელ საგრიმიოროში რადიოს ხმა ჰქონდა ჩაწეული და მუსიკა გამოგვეპარა. რომ ჩამოვედით, ვხედავთ, "ნარნარს" 16 გოგოს ნაცვლად 7 ცეკვავს. ძალიან ვინერვიულეთ, მაგრამ რაღას ვიზამდით და გადავწყვიტეთ, შუა ცეკვაში შევსულიყავით, მაგრამ უცებ ნინო რამიშვილმა რომ დაგვტაცა ხელი, არავითარ შემთხვევაშიო და არ შეგვიშვა სცენაზე. გავბრუნდით საგრიმიოროში. კონცერტის შემდეგ გვესმის, ვიღაცებს ლანძღავს, მერე ფეხის ხმით მივხვდით, ჩვენი საგრიმიოროსკენ მოდიოდა. დიდი საკიდები გვქონდა, სადაც საცეკვაო კოსტიუმებს ვკიდებდით და შეშინებული იქ შევიმალე. შემოვიდა, ჯერ ვიოლეტა სახვაძეს ეჩხუბა, მასთან რომ მოამთავრა, მერე მე მომდგა - გაჰკრა ხელი ამ კოსტიუმებს და სულ თავზე გადმომაყარა. აქა ვარ-მეთქი, ამოვძახე ქვემოდან. ახლა ამაზე გაგიჟდა... თავის გასამართლებლად მე და ვიოლეტამ რაღაცები მოვიგონეთ, მაგრამ ნინოს რას მოვატყუებდით... მიხარია, რომ ამ დიდ საქმეს მისი შთამომავლობა აგრძელებს. ჩემი აზრით, ილიკო გენიოსია.

სანაძლეო ილიკოსთან

ზღვა თაყვანისმცემლების შესახებ მორიდებით ჰყვება მანანა აბაზაძე. იმ პერიოდში საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ პოპულარობის ზენიტში იყვნენ "სუხიშვილების" გოგოები. ულამაზესი მოცეკვავეები უცხოელ თაყვანისმცემლებთან ურთიერთობას ერიდებოდნენ, თუმცა, კონცერტის დასასრულს, ეიფორიაში მყოფი მაყურებელი დარბაზს ვერ ტოვებდა...

მანანა აბაზაძე: - 25 წელი ვცეკვავდი ანსამბლში. როგორ მოვხვდი, იცით? ქალბატონი ელიკო დოლიძე, ანსამბლის მოცეკვავე და მუსიკოსი (პიანინოზე უკრავდა), ილიკო სუხიშვილს დაენაძლევა, - ისეთ გოგოს მოგიყვანთ, ულაპარაკოდ მიიღებთო. არადა, 300-კაციანი კონკურსი იყო, თანაც ამ კონკურსისთვის პატარა ვიყავი. ელიკომ ილიკოსთან და ნინოსთან სახლში მიმიყვანა, შემომხედეს და მაშინვე ამიყვანეს...

რომელ ქვეყანაშიც ჩავდიოდით, იმ ქვეყნის ნაციონალურ ცეკვას ვცეკვავდით. უამრავი თაყვანისმცემელი გვყავდა - გვხვდებოდნენ, ავტოგრაფებს და ინტერვიუებს გვთხოვდნენ, სად აღარ გვეპატიჟებოდნენ. მოგეხსენებათ, იმ დროს მკაცრი რეჟიმი გვქონდა, გვარიდებდნენ უცხოელებთან ურთიერთობას, მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებდით... საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ბატონი ვიქტორ ხომერიკი სუხიშვილების დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ. სადაც მივდიოდით, ყველგან თან დაგვყვებოდა თავისი ოჯახით. ნელი ხომერიკი და მისი მეუღლე ნიკო ჭავჭავაძე შვილებთან ერთად არც ერთ კონცერტს არ ტოვებდნენ, რაც ევროპაში იმართებოდა.

"ჰარი ბელაფონტემ ფირფიტა მაჩუქა, წარწერით: "ჩემს ლამაზთვალება გოგოს"

კარის გაღებისთანავე იისფერმა თვალებმა მომჭრა მზერა. გავიფიქრე, როგორ ჰგავს-მეთქი ელიზაბეტ ტეილორს. მომიბოდიშა, სახლის ფორმაში ვარო. წინ გამიძღვა, მისაღებ ოთახში შესვლისთანავე მისი და ბალანჩინის ფოტო დავინახე. 1969 წელს ბალანჩინი ქართველი მოცეკვავის გარეგნობას დაუტყვევებია. ეს სუხიშვილების ვარსკვლავი ნინო კირვალიძეა. მხოლოდ მე არ მიმიმსგავსებია ელიზაბეტ ტეილორისთვის, საუბარში გამომიტყდა, ბევრი მამსგავსებდაო. მიჭირს შესავალი დავწერო ქალბატონზე, რომელიც შეხვდა "ბითლზის" წევრებს, აღაფრთოვანა ჯორჯ ბალანჩინი და ლა-სკალას დირექცია. ამ გოგოს ნინო რამიშვილი სამი თვე ეძებდა.

ნინო კირვალიძე: - ნინო რამიშვილის თვალებს ის ნაპერწკალი არასდროს დაუკარგავს, რაც ახალგაზრდობაში ჰქონდა. საოცარი თვალები ჰქონდა, პირველად რომ ვნახე, ვუალიანი პატარა შავი ქუდი ეხურა. მოხვედი ჩემთან, ჩემო ლამაზოო, - მითხრა. მანამდე სამი თვე მეძებდა... რას წარმოვიდგენდი, რომ ანსამბლში მოვხვდებოდი, - იქ ფერიები ცეკვავენ და ვინ მიმიღებს-მეთქი, ვფიქრობდი... ერთ კვირაში მთელი პროგრამა ავითვისე, გაგიჟდა ნინო. რამდენიმე თვეში "სამაიაში" ჩამაყენეს. ამას მოჰყვა სოლოები - "ქართული", "სადარბაზო", "ხონგა" და ა.შ.

1967 წელს გავემგზავრეთ იტალიაში. მახსოვს, ლა-სკალას დირექტორი ილიკოს უარს ეუბნებოდა, ფოლკლორის ანსამბლი ლა-სკალაში არასდროს გამოსულა, აქ მხოლოდ კლასიკა - ოპერა და ბალეტიაო. ილიკომ უთხრა, შენ ჩემს ანსამბლს გამოსვლის ნება დართე და თუ დაზიანდები, ან უკმაყოფილო დარჩები, მე გადაგიხდი ზარალის თანხასო. გამოვედით ლა-სკალაში, ისეთი წარმატება გვქონდა, 14-ჯერ აიწია ფარდა და დღესაც არავის მოუხსნია ეს რეკორდი. ხალხი აღარ გადიოდა დარბაზიდან. ლა-სკალას დირექციას ასეთი ტრადიცია აქვს, ირჩევს ფავორიტებს და სამახსოვრო წიგნში, რომელიც მუზეუმში ინახება, თავის რჩეულ არტისტებს ავტოგრაფს ატოვებინებს. 7 კაცი აგვარჩიეს. ხელის მოსაწერად ალბომი რომ გადავფურცლე, უცებ ზურაბ ანჯაფარიძე წავიკითხე და ლამის გავგიჟდი...

1963 წელს ვენესუელაში ვიყავით. სასტუმრო "ბოლივიაში" ჩვენთან ერთად იყვნენ ლივერპულელი ბიჭები, მაშინ "ბითლზი" არ იყო ისეთი პოპულარული. ეს ოთხი "ჩოლკიანი" ბიჭი და ჩვენ, სუხიშვილების მოცეკვავეები, ერთად ვსაუზმობდით, ერთ დროს გვქონდა ხოლმე კონცერტები, თუ ვისვენებდით, ისინიც ისვენებდნენ... ერთხელ ლიფტით ჩამოვდივართ მე, ნანა კვაჭანტირაძე და მანანა აბაზაძე. უცებ გაჩერდა ლიფტი, შემოვიდნენ ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი და მოგვაჩერდნენ. მე ზურგით დავდექი, რადგან თავი ძლივს შევიკავე სიცილისგან, მაშინ არ ვიყავით მიჩვეული გრძელთმიან ბიჭებს და მეცინებოდა. რას წარმოვიდგენდი, თუ ამ ბიჭებზე მთელი მსოფლიო გადაირეოდა...

1961 წელს აშშ-ში ჰარი ბელაფონტე დაესწრო ჩვენს გამოსვლას, გაგიჟდა, ისე მოეწონა და დაგვპატიჟა ლათინური ცეკვების კონცერტზე, შემდეგ კი შინ მიგვიპატიჟა. მერე თავისი ფირფიტაც მაჩუქა წარწერით: "ჩემს ლამაზთვალება გოგოს"...

1969 წელს ვიყავით გერმანიაში. იმ პერიოდში ჰქონდა გასტროლები ჯორჯ ბალანჩინსაც და ერთად მოგვიხდა მოგზაურობა. ჩვენს კონცერტს დაესწრო მიუნხენში, შემდეგ დიდი ბანკეტი გაიმართა. ბალანჩინმა მაშინ ქალბატონ ნინოს უთხრა: "ნინო, ჩემი ბალეტი ხომ კლასიკაა, მაგრამ, ჩვენს ნაციონალურ ცეკვებს ჩვენი გოგონები რომ ცეკვავენ... ეს თანდაყოლილი აქვს ჩემს ჯიშს და ჯილაგს". ძალიან სიმპათიური იყო. მერე ნინოს უთხრა ჩემზე, შეიძლება ამ გოგოსთან ერთად სურათი გადავიღოო და წელზე მომხვია ხელი...

ერთხელ საქართველოში ნიკიტა ხრუშჩოვი ჩამოვიდა და ფუნიკულიორზე, რესტორანში დიდი სუფრა გაუშალეს. სუხიშვილების რამდენიმე გოგო აგვარჩიეს, თუმცა, არ გვიცეკვია, ასე ვთქვათ, ლამაზ ფონს ვქმნიდით. მე ხრუშჩოვის უკან ვიდექი და მევალებოდა, თუ რამეს ისურვებდა, მიმეწოდებინა... წვეულება რომ დამთავრდა და ხრუშჩოვი ფეხზე წამოდგა, შემომხედა, კარგად შემათვალიერა, მერე ნიკაპზე ხელი მომითათუნა და მითხრა: "Ах какие у вас девочки в Грузии"...

"პელესთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ"

პოპულარობის ზენიტში იყვნენ ანსამბლის ბიჭებიც. თამაზ კიკალიშვილს პელესთან შეხვედრა განსაკუთრებით დაამახსოვრდა. ემოციებს ვერ მალავს, როდესაც სუხიშვილებთან გატარებულ 25 წელს იხსენებს.

თამაზ კიკალიშვილი: - 1966 წელს სანპაულუში წავედით გასტროლზე და საფეხბურთო მოედანზე შეგვხვდა მათი ნაკრები, რასაკვირველია, პელეც. შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში მოგვიწია ინგლისში ყოფნამ და იქ ჩვენს კონცერტს პელეც დაესწრო, აღფრთოვანებული იყო სუხიშვილების გოგოების სილამაზით, მაშინ ამ კონცერტს ესწრებოდნენ ჩვენი ფეხბურთელებიც - პაიჭაძე, რამიშვილი, ასევე ეროსი მანჯგალაძე და კოტე მახარაძე. პელესთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ. ძალიან დატვირთულები ვიყავით, ზოგჯერ დღეში ორი კონცერტი გვქონდა.

"ხალხი კონცერტის შემდეგ გველოდებოდა, როდის გამოვიდოდით შენობიდან"

ძალიან სიმპათიური და ქალბატონების ყურადღებით განებივრებული ჯუმბერ ბერაძე მოკრძალებული რესპონდენტია - როდესაც თაყვანისმცემლებზე ვკითხე, პასუხს თავი აარიდა. არადა, ჯუმბერ ბერაძეს რომ ბევრი ეტრფოდა, სუხიშვილების გოგოებმაც დამიდასტურეს. მოვახერხე და მაინც ავალაპარაკე, თუმცა, უცხოელ თაყვანისმცემლებზე...

ჯუმბერ ბერაძე: - რეპეტიციების შემდეგ თაყვანისმცემლები ბიჭებს არ გვისაფრდებოდნენ, მაგრამ კონცერტებზე იყო საოცარი ფურორი. ჩვენ გამოვდიოდით პირველხარისხოვან სცენებზე - მეტროპოლიტენი, ლა-სკალა, კარნეგი ჰოლი, პალაზიუმი და ა.შ.

მახსენდება ჩემი პირველი მოგზაურობა, ეს იყო შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში. დამთავრდა კონცერტი, გამოვდივართ, გოგონებს სთხოვენ ავტოგრაფებს და ვხედავ, ერთი ახალგაზრდა გოგო დგას და ტირის. შევწუხდი, ვიფიქრე, რა დაემართა-მეთქი, მერე გავარკვიე, რომ ასე გამოხატავდა აღფრთოვანებას. ხალხის ნაკადი გვხვდებოდა კონცერტების შემდეგ, იდგნენ და გველოდნენ, როდის გამოვიდოდით შენობიდან.

ნინო წიფურია