"ასეთი სცენარის შესახებ ინფორმაცია სწორედ "ნაცმოძრაობის" ოფისებიდან მოგვდის"
არჩევნებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე გავრცელდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების სავარაუდო საუბრის ჩანაწერი (ავთენტურობას ექსპერტიზა დაადგენს), რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია არჩევნების შემდეგ ერთგვარ რევოლუციურ სცენარს განიხილავს. როგორ ემზადება არჩევნებისთვის მმართველი გუნდი, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გვესაუბრება:
- ვიდრე ჩანაწერი გავრცელდებოდა, ჩვენი წყაროებისგან მსგავსი სცენარის შესახებ ინფორმაცია უკვე გვქონდა. სხვათა შორის, ინფორმაცია სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებიდან მოგვდის.
- იქ აგენტურა გყავთ?
- ეს ინფორმაცია იმის გამო ჟონავს, რომ იქ ყველა არ არის წამსვლელი "ნაცმოძრაობის" ლიდერების მიერ დაგეგმილი დანაშაულებრივი გეგმის შესრულებაზე. ზუსტად ვიცით, რა გეგმები ჰქონდათ წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდეგაც - სურდათ პროვოკაციების მოწყობა, რითაც პოსტსაარჩევნო პროცესისთვის ფონი შემზადდებოდა, მოვლენების განვითარება ინტენსიური უნდა ყოფილიყო, თუმცა არც ერთი ინციდენტისა და პროვოკაციის საშუალება არ მივეცით. პარალელურად ჩვენს აქტივისტებს ვეუბნებით: "შეგაგინებენ, არ უნდა უპასუხო. დაგარტყამენ, ხმა არ გასცე".
- პროვოკაციებზე ლაპარაკობთ, თუმცა კონკრეტული ფაქტი მხოლოდ ლევან გოგიჩაიშვილის შტაბში დაფიქსირდა. კიდევ რა პროვოკაციების აღმოფხვრა მოგიხდათ?
- მთელი ჯაჭვი უნდა ყოფილიყო. გვქონდა ინფორმაცია ე.წ. პარალელური ორგანიზაციების შექმნის შესახებაც. შექმნეს კიდეც ასეთი ორგანიზაცია "საქართველოს ერთგულების სახელით", რომელსაც "ნაცმოძრაობის" გეგმები უნდა განეხორციელებინა. რაც შეეხება ფაქტებს, ერთ-ერთი სერიოზული ინციდენტი მართლაც გოგიჩაიშვილის შტაბში დაფიქსირდა.
- არც ამჯერად დაასახელებთ, ვინ დაგეგმა გოგიჩაიშვილის შტაბში "ქართული ოცნების" მაისურებით შეიარაღებული ჯგუფის შესვლა?
- არ მინდა გამოძიებას ხელი შევუშალოთ. "ნაციონალურ მოძრაობას" არა აქვს რესურსი რევოლუციური სცენარის დადგმისა - პარტია დაშლის პირასაა, რაც არჩევნების შემდეგ მასშტაბურ სახეს მიიღებს.
- რომელ საარჩევნო ოლქშია პროვოკაციების მოწყობის მაღალი ალბათობა?
- დღეს ორი ზონა იკვეთება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და ბათუმი.
- ამ ორ რეგიონში "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხალხმრავალი აქციაც გამართა...
- ბათუმსა და ზუგდიდში აქციები ვიწრო ქუჩებში ჩაატარეს, რეალურად კი, თუნდაც აჭარაში, ადგილობრივ შტაბს 6 000 კაცის მობილიზება ჰქონდა დავალებული, თუმცა მხოლოდ 2 500-მდე კაცის შეკრება მოახერხა. ზუგდიდშიც იგივე სურათი იყო. მეტიც, ზუგდიდის შტაბში თბილისიდან ჩასული ლიდერები უკმაყოფილებას არ მალავდნენ და ადგილობრივი აქტივის ხელმძღვანელები მწვავედაც გააკრიტიკეს. ჩვენი ოთხწლიანი პრინციპული პოლიტიკის შედეგია ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აბსოლუტურად უსუსურ და მარგინალურ პოლიტიკურ ძალად იქცა. 8 ოქტომბერს მათი მარგინალიზაცია ამომრჩეველმა საბოლოოდ უნდა გააფორმოს.
- 9 თვის წინაც ვიხილეთ მსგავსი ჩანაწერი, მაგრამ გამოძიებამ მისი ავთენტურობაც ვერ დაადგინა.
- გამოძიება დაწყებულია და დაკითხვაზე შესაბამისი პირებიც დაიბარეს. ჩანაწერის ავთენტურობაზე ეჭვი არ მიჩნდება, რადგან მასში გაჟღერებული გეგმები ზუსტად ემთხვევა ჩვენი წყაროების ინფორმაციას. დესტაბილიზაციას არ დავუშვებთ.